კარტელში მონაწილეობის აღიარება (Acknowledging Involvement in Cartel)

კარტელში მონაწილეობის აღიარება გულისხმობს კანონდამრღვევი ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენციის ორგანოსთვის კანონდარღვევაში მონაწილეობის ნათლად და უდავოდ დადასტურებას. საქართველოს, ისევე როგორც ევროკავშირის კონკურენციის სამართალში, კარტელში მონაწილეობის აღიარებით კანონდამრღვევმა ეკონომიკურმა აგენტმა შესაძლოა გარკვეული შეღავათებით ისარგებლოს. ევროკავშირის პრაქტიკაში, კარტელში მონაწილეობის აღიარება შეიძლება მოხდეს როგორც ევროკომისიის მიერ მოკვლევის დაწყებამდე, ისე მოკვლევის დაწყების შემდგომ. პირველ შემთხვევაში, აღიარება მოკვლევის დაწყების საფუძველი ხდება. აღიარება მოკვლევის პროცესში შეიძლება მოკვლევის შეწყვეტის საფუძველი გახდეს, იმ პირობით, რომ მხარეები სრულყოფილად ითანამშრომლებენ ევროკომისიასთან, შეწყვეტენ კარტელში მონაწილეობას და გადაიხდიან გარკვეულ ჯარიმას (რომელიც ნაკლებია მოკვლევის შედეგად კარტელში მონაწილეობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დაკისრებულ ჯარიმაზე). კარტელში მონაწილეობის აღიარების შემთხვევაში, პროცედურა სრულდება უფრო სწრაფად და იზოგება ადმინისტრაციული რესურსი.