კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება (Competition Impact Assessment)

კონკურენციის ორგანოს მიერ ეკონომიკის სფეროში საჯარო დაწესებულებების მიერ მისაღები აქტების წინასწარი ანალიზი, კონკურენციაზე ამ უკანასკნელთა სავარაუდო ზეგავლენის შეფასების მიზნით. ასეთი ანალიზი საჭიროა, რადგან საჯარო დაწესებულებების მიერ მიღებული რიგი აქტები გავლენას ახდენენ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. შესაბამისად, კონკურენციის ორგანოები ახალი ინიციატივების შემუშავების ადრეულ ფაზაშივე აფასებენ კონკურენტულ გარემოზე მათ ზეგავლენას და განიხილავენ ალტერნატივებს, რათა შეამცირონ აქტების მიღების გამოწვეული შესაძლო უარყოფითი ეფექტი კონკურენციაზე. კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებს დიდი ყურადღება ექცევა მათი იურიდიული ძალის მიუხედავად (ე.ი. იმის მიუხედავად, წარმოშობენ თუ არა ეს აქტები მათში მოცემული დასკვნების გათვალისწინების ვალდებულებას). საქართველოს კანონმდებლობით, კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება კონკურენციის ადვოკატირების ერთ-ერთი მიმართულებაა და გულისხმობს კონკურენციის ორგანოს მიერ ეკონომიკის სფეროსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ან აქტების პროექტების შეფასებას, კონკურენციის კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით. პრაქტიკაში, კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასებას ასევე უწოდებენ კონკურენციის ორგანოების მიერ საკუთარი საქმიანობის შედეგების იმგვარ შეფასებასაც, რომლის დროსაც გამოიანგარიშება, თუ რა სარგებელი მოიტანა დროის გარკვეულ მონაკვეთში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებამ. აღნიშნული შეფასება, ერთი მხრივ, ეხმარება კონკურენციის ორგანოს კონკურენციის ადვოკატირების პროცესში, რადგან აძლევს მას საკუთარი მუშაობის შედეგების რაოდენობრივი (დათვლადი) სახით გამოსახვის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შიდა პროცესების ოპტიმიზაცია იმგვარად, რომ აღსრულება გაცილებით ეფექტიანი გახდეს.