რესურსი, უნარი ან სხვა პირობა, რომელიც ეკონომიკურ აგენტს შესაძლებლობას აძლევს, აწარმოოს იმავე ღირებულების საქონელი ფაქტობრივ ან პოტენციურ კონკურენტებზე უფრო დაბალ ფასად ან მომხმარებლისთვის უფრო მისაღები ფორმით. კონკურენტული უპირატესობის შედეგად ეკონომიკური აგენტი ყიდის მეტ საქონელს ან მომსახურებას, ან იღებს უფრო დიდ მოგებას, ვიდრე მისი კონკურენტები ბაზარზე. კონკურენტული უპირატესობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა: ხარჯების სტრუქტურა, მისაწოდებელი პროდუქციის ან/და მომსახურების ხარისხი, მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმა და სხვა. კონკურენციის სფეროში კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაზე ზრუნვა მისასალმებელი და წახალისებულია, რადგან ითვლება, რომ სწორედ აღნიშნული უპირატესობის ძიების საფუძველზე ხდება დანახარჯების (და შედეგად საქონლის/მომსახურების ფასის) შემცირება, ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისათვის სიახლის შეთავაზება - ანუ, ბაზარზე ნარჩუნდება ჯანსაღი კონკურენცია. ამის გამო, კონკურენტული უპირატესობის გამოყენების შედეგად მიღწეული საბაზრო წინსვლა კანონმდებლობით აკრძალული არ არის. მაგალითად, კონკურენტული უპირატესობის შედეგად დომინანტური მდგომარეობის მოპოვება და შენარჩუნება/გაძლიერება არ ითვლება კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებად.