კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან (Competition Infringement Involving Intellectual Property Rights)

ინტელექტუალური საკუთრებისა (პატენტი, საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშანი და სხვა) და კონკურენციის სამართლის თანაკვეთა კომპლექსური საკითხია. ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელს აქვს მისი გამოყენების მონოპოლიური ძალაუფლება გარკვეული დროის განმავლობაში და განსაზღვრულ ტერიტორიაზე, რაც მას შესაბამისი საქონლის იმიტაციის ან/და უნებართვო გავრცელების შეზღუდვის საშუალებას აძლევს. შედეგად, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა უზრუნველყოფს სხვა პირების მიერ ე.წ. „უბილეთო მგზავრობის" პრევენციას და წარმოადგენს სტიმულს კვლევებისა და განვითარებისათვის. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამართალი და კონკურენციის სამართალი მომიჯნავე და ურთიერთშემავსებელი დარგებია. კონკურენციის სამართალი ახალისებს საბაზრო კონკურენციას, რომლის შედეგადაც იქმნება და მომხმარებელს მიეწოდება ინოვაციური საქონელი ან მომსახურება. ამავდროულად, კონკურენციის სამართალი კრძალავს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელის მიერ კონკურენციის არასამართლიანი შეზღუდვის საშუალებას, რადგან მონოპოლიური ძალაუფლებისთვის გამოყოფილი დროის გასვლის შემდეგ საქონელს ჯანსაღი კონკურენციის რეჟიმში აბრუნებს. კონკურენციის სამართალი ასევე უზრუნველყოფს, რომ ამ უფლების მფლობელებმა საკუთარი ძალაუფლება მომიჯნავე ბაზრებზე არ გამოიყენონ და კონკურენტებს მათზე წვდომა არ შეუზღუდონ. ინტელექტულური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ დარღვევებში, ხშირად გამოიყოფა ზედა და ქვედა დონის ბაზრები. მაგალითად, შესაძლებელია, ქვედა დონის ბაზარზე გასაყიდი საქონლის საწარმოებლად საჭირო ტექნოლოგია დაცული იყოს ინტელექტულური საკუთრების უფლებით. ბაზრის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება კონკურენცია ზედა დონის ბაზარზე, ტექნოლოგიის სხვადასხვა მიმწოდებლებს შორის. კერძოდ, კონკურენციის ორგანოები ადგენენ, თუ რამდენად ჩანაცვლებადია სხვადასხვა (ინტელექტულური საკუთრების უფლებით დაცული) ტექნოლოგია. აღსრულების კუთხით, გასათვალისწინებელია, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლების ქონა მფლობელს თავისთავად არ ანიჭებს დომინანტურ მდგომარეობას. მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრება მფლობელს ანიჭებს უფლებით დაცული ტექნოლოგიის საფუძველზე გარკვეული პროდუქტის წარმოების ექსკლუზიურ უფლებას. ამასთან, თუ იმავე პროდუქტის დასამზადებლად შესაძლებელია სხვა ტექნოლოგიის გამოყენებაც, ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელი არ ჩაითვლება დომინანტად. შესაბამისად, დომინანტური მდგომარეობა დგინდება ყოველ კონკრეტულ საქმეში, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე. თუ ინტელექტუალური საკუთრების უფლების მქონე პირს უკავია დომინანტური მდგომარეობა, მაშინ მესამე პირებისათვის მის ლიცენზირებაზე უარის თქმა (ობიექტური გამართლების არარსებობის შემთხვევაში) შესაძლებელია კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად ჩაითვალოს. მსგავსი შემთხვევები ხშირია, მაგალითად, ფარმაცევტულ და კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგებში. ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საკითხი ასევე აქტუალურია ისეთ სფეროებში, სადაც წამყვანი როლი უკავია (ტექნიკურ) სტანდარტებს. მაგალითად, ტელეკომუნიკაციის სფეროში ტექნიკური სტანდარტები გამოიყენება სხვადასხვა მოწყობილობის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. თუმცა, თუ სტანდარტად აღიარებული ტექნოლოგია დაცულია პატენტით, მფლობელს შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ეს მდგომარეობა და პატენტით სარგებლობაზე ძალიან მაღალი სალიცენზიო გადასახადი დააწესოს. მსგავს შემთხვევებს არეგულირებს კონკურენციის სამართალი, რომელიც სტანდარტისთვის აუცილებელი პატენტის (Standard-essential patent) მფლობელის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას კრძალავს. კონკურენციის კანონმდებლობა შეიძლება დაირღვეს ინტელექტუალური საკუთრების მფლობელსა და მესამე პირებს შორის კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებითაც. მაგალითად, თუ საავტორო უფლების მქონე ეკონომიკური აგენტი ლიცენზირების დროს ხელოვნურად ყოფს ბაზრებს ან/და გარკვეულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მომხმარებლებს გაუმართლებლად უზღუდავს წვდომას უფლებით დაცულ ნაწარმოებზე (ე.წ. "Geoblocking"), ის შეიძლება არღვევდეს კონკურენციის კანონმდებლობას. გარდა ამისა, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს ბრენდირებული ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის მიერ არაბრენდირებული და შედარებით იაფი ალტერნატიული მედიკამენტების (ე.წ. „ჯენერიკების") მწარმოებლებთან შეთანხმება, საზღაურის სანაცვლოდ ბაზარზე შესვლისგან თავის შეკავების შესახებ (ე.წ. "Pay for delay agreements"). ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები რელევანტურია კონცენტრაციების კონტროლის დროსაც. კერძოდ, ეკონომიკური აგენტების გაერთიანებისას ფასდება გარიგების სამომავლო ეფექტი კონკურენციის სხვადასხვა პარამეტრებზე, მათ შორის, ინოვაციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ინოვაციური პროდუქციისა თუ მომსახურების დიდი ნაწილი გარკვეული ფორმით დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით, კონკურენციის ორგანოები ამ ფაქტორს მხედველობაში იღებენ კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შეფასებისას.