მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით (Price Elasticity of Demand)

განისაზღვრება, როგორც მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული ცვლილების თანაფარდობა ფასის პროცენტულ ცვლილებასთან. ფასის მიხედვით მოთხოვნის ელასტიკურობა შეგვიძლია დავაჯგუფოთ სამ მსხვილ კატეგორიად: ელასტიკური, არაელასტიკური და უნიტარული. თუ ელასტიკურობის კოეფიციენტი მეტია ერთზე, მაშინ მიჩნეულია რომ მოთხოვნა ელასტიკურია. თუ ელასტიკურობის კოეფიციენტი ერთზე ნაკლებია, მაშინ იგულისხმება, რომ მოთხოვნა არაელასტიკურია. მოთხოვნის უნიტარული ელასტიკურობის დროს კი, ადგილი აქვს მოთხოვნისა და ფასის პროპორციულ ცვლილებას. მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი: - პირველადი მოთხოვნილებისა და ფუფუნების საგნები: როგორც წესი, პირველადი მოთხოვნილების საგნები უფრო მეტად არაელასტიკურია, ხოლო ფუფუნების საგნები შედარებით მაღალი ელასტიკურობით ხასიათდება; - ჩამნაცვლებელი პროდუქტები: საქონელს, რომელსაც ურთიერთჩამნაცვლებელი პროდუქტები ჰყავს, უფრო მაღალი ელასტიკურობა ახასიათებს, ვინაიდან მომხმარებლისათვის ადვილია ერთი პროდუქტიდან მეორეზე გადართვა პირველ პროდუქტზე ფასის ზრდის შემთხვევაში; - ბაზრის პროდუქციული საზღვრები: ვიწროდ შემოსაზღვრულ ბაზარს ახასიათებს უფრო მეტად ელასტიკური მოთხოვნა ფართოდ შემოსაზღვრულ ბაზართან შედარებით, რამდენადაც ვიწროდ განსაზღვრული საქონლის კატეგორიისათვის ჩამნაცვლებლის მოძიება შედარებით მარტივია; - დრო: რაც მეტია დროის პერიოდი, საქონელს მოთხოვნის უფრო მაღალი ელასტიკურობა ახასიათებს. კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში, მოთხოვნის ელასტიკურობის გამოთვლა შესაძლოა საჭირო გახდეს შესაბამისი ბაზრის განსაზღვრისას. კერძოდ, თუ კონკრეტულ პროდუქტზე მოთხოვნა ელასტიკურია, ივარაუდება, რომ ამ პროდუქტს მომხმარებლის თვალში აქვს ალტერნატივები. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრები მოიცავს არა მარტო ამ ერთ კონკრეტულ პროდუქტს, არამედ მის ჩამნაცვლებლებსაც. ამის საპირისპიროდ, თუ ამავე პროდუქტზე მოთხოვნა არაელასტიკურია, მაშინ მიიჩნევა, რომ შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრები ვიწროა და მოიცავს მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ პროდუქტს. გარდა ამისა, მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით მხედველობაში მიიღება ეკონომიკური აგენტის საბაზრო ძალაუფლების შეფასების დროსაც. ელასტიკური მოთხოვნის არსებობისას ნაკლებად სავარაუდოა ეკონომიკური აგენტის საბაზრო ძალაუფლების დადასტურება.