მონოპოლიის პირობებში არსებული ფასი, რომელიც ზღვრულ დანახარჯზე მეტია. გამომდინარე იქიდან, რომ მონოპოლისტი არ განიცდის კონკურენტულ წნეხს, მის მიერ შეთავაზებული საქონლის ან მომსახურების ფასი აღემატება კონკურენტული ბაზრის ფარგლებში არსებულ ფასს. ეკონომიკურ თეორიაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები მონოპოლიური ფასის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც სხვადასხვა სახელმწიფოებში სამართლებრივი მიდგომების განსხვავებებსაც განაპირობებს. მაგალითად, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, კონკურენციის პოლიტიკის კუთხით, მონოპოლიური ფასის დაწესება ნებადართული უნდა იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში მონოპოლისტს შეუძლია მიღებული მოგებით დააფინანსოს რისკიანი კვლევა ან განვითარება და განახორციელოს ინოვაციური პროექტები. აღნიშნულის საპირისპიროდ, რიგი სახელმწიფოები კრძალავენ მომხმარებელთა ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს, მათ შორის, არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესებას.