ბაზრის მონიტორინგი (სექტორულიკვლევა) (SECTOR INQUIRY)

ინსტიტუციური განმარტება

ევროკომისიას უფლება აქვს ჩაატაროს ზოგადი კვლევა ეკონომიკის კონკრეტულ სექტორში ან გარკვეული ტიპის შეთანხმებებთან დაკავშირებით სხვადასხვა სექტორში, თუ წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის დინამიკა, ფასების სიმყარე (მოქნილობის ნაკლებობა) ან სხვა გარემოებები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ საერთო ბაზარზე კონკურენცია შესაძლოა იზღუდებოდეს ან ირღვევოდეს. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, ევროკომისიას შეუძლია შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს ან აგენტთა ასოციაციებს მოსთხოვოს ხელშეკრულების 81-ე და 82-ე მუხლების აღსრულებისთვის საჭირო ინფორმაცია და ამავე მიზნით განახორციელოს ნებისმიერი აუცილებელი შემოწმება (ინსპექტირება). კერძოდ, ევროკომისიას აქვს უფლებამოსილება მოსთხოვოს შესაბამის სუბიექტებს ყველა შეთანხმების, გადაწყვეტილებისა და შეთანხმებული ქმედების წარდგენა. ევროკომისიამ შესაძლოა გამოაქვეყნოს ანგარიში ცალკეულ სექტორებში ან სხვადასხვა სექტორში არსებული კონკრეტული ტიპის შეთანხმებების მონიტორინგის შედეგების შესახებ და დაინტერესებულ მხარეებს მოსაზრებების წარმოდგენისკენ მოუწოდოს. © საბჭოს რეგულაციის (EC) 1/2003 მე-17 მუხლი

ევროკომისია მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას იყენებს კონკრეტული ბაზრის კონკურენციის პოლიტიკის ჭრილში უკეთ გასაანალიზებლად. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ევროკომისიას შეუძლია მოგვიანებით ეტაპზე შეაფასოს კონკრეტული მოკვლევის დაწყების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოს კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებისა და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვის შესახებ ევროკავშირის წესების დაცვა. კომისიის მიერ ჩატარებული სექტორული კვლევის შედეგები ქვეყნდება ანგარიშის სახით, რაზეც დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ. © ევროკომისია

ევროპის კონკურენციის ქსელის წევრები შეთანხმდნენ სექტორული კვლევის დეფინიციაზე. ამ განმარტების თანახმად, სექტორული კვლევა ნიშნავს ECN-ის წევრის მიერ ეკონომიკის კონკრეტულ სექტორში ან სხვადასხვა სექტორში არსებული გარკვეული ტიპის შეთანხმებებთან დაკავშირებით ჩატარებულ მონიტორინგს, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ბაზარზე იმგვარი დარღვევების არსებობის შესახებ, რომელთა მიკუთვნებაც კონკრეტული ეკონომიკური აგენტებისთვის შეუძლებელია. © ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)

კომენტარი

კონკურენციის ორგანოების მიერ განხორციელებული ბაზრის მონიტორინგი, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია ბაზარზე არსებული მარეგულირებელი, ქცევითი ან სტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, რაც შესაძლოა განაპირობებდეს კონკურენციის შეფერხებას. მეორე მხრივ, მისი მიზანია კონკურენტული გარემოსა და პროცესების გასაუმჯობესებლად შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება. აღნიშნული პროცესი ფოკუსირებულია სექტორულ ან საბაზრო კვლევებზე კონკურენციის სამართლის კონტექსტში.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების კონკურენციის ორგანოების უმეტესობას გააჩნია არაფორმალური ან კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, განახორციელოს ბაზრის მონიტორინგი. ეს კვლევები, როგორც წესი, დამხმარე ხასიათისაა და ავსებს კონკურენციის სამართლის აღსრულების ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა კონცენტრაციების კონტროლი, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კარტელური გარიგებების პრევენცია. ბაზრის მონიტორინგი არ არის მიმართული ცალკეული კომპანიების წინააღმდეგ და არ წარმოიშობა კარტელის არსებობის კონკრეტული მტკიცებულებებიდან, რაც მას განასხვავებს უშუალო სამართალდამცავი ფუნქციებისგან. მსგავსი კვლევები მყარ საფუძველს ქმნის კონკურენციის ორგანოების ადვოკატირების საქმიანობისთვის.

ბაზრის შესწავლის შედეგად განხორციელებული ადვოკატირება შესაძლოა ფოკუსირებული იყოს სამთავრობო პოლიტიკისა და რეგულაციების დახვეწაზე, კერძო სექტორის ქცევის კორექტირებასა თუ სტანდარტების ცვლილებაზე. ზოგიერთი კვლევა შესაძლოა დასრულდეს დასკვნით, რომ ცვლილებები არ არის საჭირო - ან კონკურენციის პრობლემის არარსებობის გამო, ან იდენტიფიცირებული პრობლემის გადაჭრის გონივრული გზების არარსებობის მიზეზით. თუმცა, გარკვეულ იურისდიქციებში ბაზრის მონიტორინგმა შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს კონკურენციის სამართლის დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყებას.

კონკურენციის ორგანოები, მათ შორის აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC), 50 წელზე მეტია ატარებენ სექტორულ კვლევებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს - კონტაქტური ლინზებიდან ავტოგასამართ სადგურებამდე. სხვა მარეგულირებლებმა, როგორიცაა ევროკომისია, ასევე ჩილეს, საფრანგეთის, გერმანიის, მექსიკისა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი უწყებები, განახორციელეს მრავალსექტორული ბაზრის კვლევები. მათ შორისაა ნოტარიუსების საქმიანობა (ჩილე), საგადახდო სისტემები და დაზღვევა (ევროკავშირი), საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, სმენის აპარატები, ფინტექი, სურსათის საცალო ვაჭრობა (საფრანგეთი), რძის პროდუქტები, გაზის ტრანსპორტირება და გათბობა (გერმანია), აეროპორტები და სასურსათო მაღაზიები (გაერთიანებული სამეფო).

ბაზრის მოკვლევა ხშირად კონკურენციის ორგანოების საკუთარი ინიციატივით იწყება, თუმცა საფუძველი შეიძლება სხვა წყაროებიდანაც წარმოიშვას. მთავრობებს (მაგ. საფრანგეთი, მექსიკა), საკანონმდებლო ორგანოებს (მაგ. აშშ) ან კონკრეტულად განსაზღვრულ სუბიექტებს შესაძლოა ჰქონდეთ ბაზრის კვლევის მოთხოვნის უფლებამოსილება. საფრანგეთში ასეთი უფლება აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებას, სასამართლოებს, პროფკავშირებს, ასევე პროფესიულ თუ მომხმარებელთა ასოციაციებს, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში მოქმედებს ე.წ. „სუპერ-საჩივრების“ მექანიზმი. მექსიკაში მთავრობის მიერ ბაზრის მონიტორინგის ინიციირება საჭიროებს დასაბუთებულ მიზეზებს, მათ შორის კონკურენციის შეზღუდვის ინდიკატორების დეტალურ განმარტებას. გარე მხარეების მიერ ბაზრის მონიტორინგის მოთხოვნა ყოველთვის არ იძლევა მოკვლევის დაწყების გარანტიას, რადგან ზოგიერთ იურისდიქციაში (მაგ. მექსიკა) კონკურენციის ორგანოს შეუძლია დაადგინოს, რომ წარმოდგენილი საფუძვლები არასაკმარისია ან გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარება ნაკლებად სავარაუდოა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) აღნიშნავს, რომ კონკურენციის ორგანოების უმრავლესობას, რომლებიც ბაზრის მონიტორინგს ახორციელებენ, გააჩნია უფლებამოსილება, გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სექტორის შესახებ. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციული ორგანოების შესაძლებლობები მსგავსი მოკვლევების ფარგლებში მონაცემთა შეგროვების თვალსაზრისით ხშირად შეზღუდულია. მაგალითად, კონკურენციის ორგანოს უფლებამოსილება ინფორმაციის გამოთხოვაზე, როგორც წესი, არ მოიცავს გაუცხადებელი ინსპექტირების ჩატარების უფლებას ბაზრის კვლევის ეტაპზე.

მთავრობის მიერ დაწესებული კონკურენციის შემზღუდველი შეზღუდვების შესასწავლად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს OECD-ის კონკურენციის შეფასების ინსტრუმენტარიუმის მეთოდოლოგია. აღნიშნული მიდგომა ორიენტირებულია სხვადასხვა სექტორში არსებული მარეგულირებელი ბარიერების იდენტიფიცირებაზე, კერძოდ, ისეთი წესებისა და რეგულაციების გამოვლენაზე, რომლებიც: (1) ქმნიან ზედმეტად მკაცრ ბარიერებს ბაზარზე შესასვლელად; (2) ზღუდავენ საწარმოების თავისუფალ ქმედებებს ერთმანეთთან კონკურენციის პროცესში; (3) ამცირებენ კომპანიების სტიმულს, გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია (მიწოდების მხარის შეზღუდვები); (4) უარყოფით გავლენას ახდენენ მომხმარებლის ინფორმირებულობასა და მომწოდებლის შეცვლის შესაძლებლობაზე (მოთხოვნის მხარის შეზღუდვები). აღნიშნული მეთოდოლოგია ადაპტირებულია მრავალი ქვეყნის მიერ და ხელმისაწვდომია თხუთმეტზე მეტ ენაზე. ევროკომისიამ, ისევე როგორც სამხრეთ კორეამ, OECD-ის მიდგომა ახალი რეგულაციების კონკურენტუნარიანობის შეფასების საფუძვლად გამოიყენა. სხვა იურისდიქციებმა, მათ შორის ASEAN-ის წევრმა ქვეყნებმა, ბრაზილიამ, საბერძნეთმა, ისლანდიამ, პორტუგალიამ, ფილიპინებმა, რუმინეთმა და ტუნისმა, წარმატებით გამოიყენეს ეს მეთოდი ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში პროკონკურენტული მარეგულირებელი ცვლილებების რეკომენდაციების შესამუშავებლად.

მთავრობათა მცირე ნაწილმა (მათ შორის საფრანგეთმა, ისლანდიამ, მექსიკამ და გაერთიანებულმა სამეფომ) კონკურენციის ორგანოების უფლებამოსილებები ბაზრის მონიტორინგის შემდგომი აღსრულების მექანიზმებით განავრცო. ასეთი მოკვლევის შედეგები შესაძლოა მოიცავდეს სამართლებრივი დაცვის საშუალებების დაწესების შესაძლებლობას. მსგავს შემთხვევებში გამოსავალი შეიძლება იყოს ქცევითი ან სტრუქტურული ხასიათის, რომელიც გავლენას ახდენს კერძო სუბიექტებზე, ან გულისხმობდეს სახელმწიფოს ვალდებულებას, შეცვალოს წესები და პროცედურები, მათ შორის საფასო რეგულირების ან საქმიანობაზე მარეგულირებელი ზედამხედველობის განხორციელების მიზნით.

ქცევითი ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, საქმიანობის განცალკევებას, შეთანხმებებში გარკვეულ შეზღუდვებს, ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას, მომხმარებელთა ჩართულობის გაუმჯობესებისა და მომწოდებლის შეცვლის ხელშემწყობ ზომებს. სტრუქტურული ღონისძიებების ერთ-ერთი მაგალითია გაერთიანებული სამეფოს აეროპორტების შემთხვევა, როდესაც საერთო საკუთრებაში არსებული ლონდონის აეროპორტები ბაზრის მონიტორინგის შედეგად ერთმანეთისგან განცალკევდა.

სხვა საშუალებები შეიძლება გულისხმობდეს რეფერალურ სტიმულებს, საბაზრო წილის ლიმიტებსა და ბაზრის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. კონკურენციის ორგანოს უფლებამოსილება, გამოიყენოს სამართლებრივი დაცვის საშუალებები ბაზრის მონიტორინგის კონტექსტში, განიხილება კერძო სექტორში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ განსაკუთრებით ინვაზიურ ჩარევად. შესაბამისად, მოკვლევის პროცედურები უზრუნველყოფს ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის გარანტიებს იმ მხარეებისთვის, რომლებზეც მოკვლევა ახდენს გავლენას; ეს მოიცავს მტკიცებულებებზე წვდომის, საკუთარი არგუმენტების წარდგენისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.