საერთაშორისო თანამშრომლობა (International Cooperation)

ორი ან მეტი ქვეყნის კონკურენციის ორგანოს თანამშრომლობა კონკურენციის პოლიტიკის წარმართვისა და კანონმდებლობის აღსრულების სფეროში, რომელიც ძირითადად არაფორმალური ურთიერთობებით ხორციელდება, თუმცა ზოგჯერ დაფუძნებულია თანამშრომლობის შესახებ ფორმალურ შეთანხმებებზე. საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნებია: ინფორმაციის ურთიერთგაცვლა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც კონკურენციის ორგანოების ორმხრივი ინტერესის საგანია; ურთიერთდახმარება აღსრულების პროცესში; მიდგომათა კოორდინაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - შესაბამისი ბაზრის განსაზღვრა, სტრუქტურული და ქცევითი ღონისძიებები და სხვა. გარდა მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებული თანამშრომლობისა, კონკურენციის ორგანოები თანამშრომლობენ აგრეთვე მრავალმხრივი და საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში, როგორიცაა: კონკურენციის საერთაშორისო ქსელი (ICN), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის კომიტეტი და კონკურენციის რეგიონალური ცენტრი (OECD-GVH RCC), გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციის სფეროს ექსპერტთა სამთავრობოთაშორისო ჯგუფი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) კონკურენციისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფი და სხვა. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო თანამშრომლობის მიზანია კონკურენციის პოლიტიკის თემატიკაზე მოსაზრებების ურთიერთგაცვლა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და კონსენსუსის წახალისება, კონკურენციის პოლიტიკის განვითარების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და სხვა. ევროკავშირში, ევროკომისიასა და ევროკავშირის ქვეყნების კონკურენციის ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ხდება კონკურენციის ევროპული ქსელის (ECN) ფარგლებში. საქართველოს კონკურენციის სააგენტო აქტიურად მონაწილეობს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის საერთაშორისო ინიციატივებში. ამასთან, სააგენტოს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არაერთი ქვეყნის კონკურენციის ორგანოსთან.