ბერტრანის (ნეშის) წონასწორობა (BERTRAND (NASH) EQUILIBRIUM)

კომენტარი

ბერტრანის საბაზისო მოდელი განიხილავს კომპანიებს, რომლებიც აწესებენ ფასებს ერთგვაროვან (ჰომოგენურ) პროდუქციაზე. დაშვების თანახმად, თითოეულ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ მოცემულ ფასად ბაზარს მიაწოდოს მოთხოვნილი პროდუქციის სრული მოცულობა. აღნიშნულ პირობებში, ბერტრანის (ნეშის) წონასწორობა მიიღწევა მაშინ, როდესაც ფასი ზღვრული დანახარჯების ტოლია, რაც სრულყოფილი კონკურენციის იდენტურ შედეგს იძლევა. ამ მოდელის ლოგიკა შემდეგში მდგომარეობს: დავუშვათ, ბაზარზე ოპერირებს მხოლოდ ორი კომპანია (A და B) და კომპანია A აწესებს ზღვრულ დანახარჯზე მაღალ ფასს. ასეთ შემთხვევაში, კომპანია B-სთვის მოგების მაქსიმიზაციის სტრატეგია იქნება კომოპანია A-ზე ოდნავ დაბალი ფასის დაწესება, რაც მას მთლიანი ბაზრის ათვისების შესაძლებლობას მისცემს. საპასუხოდ, კომპანია A კვლავ შეამცირებს ფასს კომპანია B-ს მაჩვენებელზე ქვემოთ. ფასების ურთიერთშემცირების აღნიშნული პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ფასი ზღვრულ დანახარჯებს არ გაუტოლდება. ვინაიდან ზღვრულ დანახარჯზე დაბალი ფასის დაწესება ორივე მხარისთვის წამგებიანია, ბერტრანის (ნეშის) წონასწორობის წერტილში ფასი ზღვრული დანახარჯის ტოლი ხდება.

აღნიშნული კანონზომიერება წარმოშობს ე.წ. „ბერტრანის პარადოქსს“, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ორი კომპანიის არსებობაც კი საკმარისია სრულყოფილი კონკურენციის ეფექტის მისაღებად. პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ტრადიციული ხედვით დუოპოლია არ მიიჩნევა კონკურენტულ გარემოდ და მოსალოდნელია, რომ მასში ფასი ზღვრულ დანახარჯზე მაღალი იქნება.

აღნიშნული პარადოქსის გადაჭრის სამი ძირითადი დაშვება არსებობს:

პროდუქციის ჰომოგენურობა (ერთგვაროვნება);

თითოეული კომპანიის შესაძლებლობა, სრულად დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნა;

კომპანიების მოქმედება მოკლევადიან პერიოდში, არაკოოპერაციულ რეჟიმში.

მოდელის ტრანსფორმაციის ყველაზე გავრცელებული გზა უფრო ინტუიციური და დამაჯერებელი შედეგების მისაღებად არის იმის დაშვება, რომ კომპანიები ყიდიან დიფერენცირებულ პროდუქტებს. ასეთ შემთხვევაში, კომპანიები არ კარგავენ გაყიდვების მთლიან მოცულობას მაშინაც კი, როდესაც მათი კონკურენტების ფასი ოდნავ დაბალია. აღნიშნული გარემოება ცვლის ბერტრანის სტანდარტული (ჰომოგენური პროდუქტების) მოდელის ლოგიკას, რომელსაც ფასი ზღვრულ დანახარჯებამდე დაჰყავს.

ამის საილუსტრაციოდ, დავუშვათ, რომ კომპანია A-მ და B-მ ფასები ზღვრული დანახარჯის დონეზე დააფიქსირეს. კომპანია A-ს უჩნდება სტიმული, ოდნავ გაზარდოს ფასი ზღვრულ დანახარჯთან შედარებით, ვინაიდან მომხმარებელთა ის ნაწილი, რომელიც უპირატესობას მის პროდუქტს ანიჭებს, გააგრძელებს შესყიდვებს. ეს გაზრდის კომპანია A-ს მოგებას, რადგან ნულოვანი მოგების ნაცვლად იგი დადებით მარჟას მიიღებს. ანალოგიური წახალისების წინაშე დგას კოპანია B-ც. შედეგად, ორივე სუბიექტი ზრდის ფასებს ზღვრულ დანახარჯზე მაღლა იქამდე, სანამ ფასის შემდგომი მატება აღარ იქნება რენტაბელური კონკურენტის ქცევის გათვალისწინებით.

სწორედ ეს წარმოადგენს ნეშის წონასწორობას. ის, თუ რამდენად აღემატება ფასი დანახარჯებს, განპირობებულია პროდუქტებს შორის დიფერენციაციის მასშტაბით. ვინაიდან ბაზარზე კომპანიების რაოდენობის ზრდა, როგორც წესი, ამცირებს პროდუქტებს შორის დიფერენციაციას, ფასები მით უფრო დაბალია, რაც მეტი მიმწოდებელი ოპერირებს ბაზარზე. აღნიშნული სრულად შეესაბამება ჩვენს ინტუიციას იმის შესახებ, რომ მიმწოდებელთა რაოდენობის მატება ფასების კლებას იწვევს.

ბერტრანის დიფერენცირებული პროდუქტების მოდელი წარმოადგენს კონცენტრაციების ანალიზის ფუნდამენტურ ინსტრუმენტს. როდესაც ორი ეკონომიკური აგენტი, რომლებიც დიფერენცირებული პროდუქტების ბაზარზე ოპერირებენ, ერთიანდება, მათ შორის არსებული მანამდე არსებული კონკურენცია აღარ არსებობს. გაერთიანებულ სუბიექტს უჩნდება ფასების გაზრდის სტიმული, ვინაიდან გაყიდვების ის მოცულობა, რომელსაც ადრე ერთი კომპანია კარგავდა მეორის სასარგებლოდ, ახლა სრულად ნარჩუნდება ერთიან სტრუქტურაში.

რაც უფრო ინტენსიური იყო კონკურენცია ამ ორ კომპანიას შორის ტრანზაქციამდე, მით უფრო მაღალია შერწყმული სუბიექტის მოტივაცია ფასების ზრდასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, გაერთიანებული ერთეულის მიერ ფასების მატება სტიმულს აძლევს ბაზრის სხვა მონაწილეებსაც, გადახედონ საკუთარ საფასო პოლიტიკას, თუმცა ეს „მეორე რიგის ეფექტები“ (Second-order effects), როგორც წესი, მასშტაბით გაცილებით მცირეა. ფასების აღნიშნული დინამიკა ეფუძნება ნეშის წონასწორობის ლოგიკას: თუ მანამდე ყველა კომპანია ახდენდა საკუთარი ქმედებების ოპტიმიზაციას კონკურენტების ქცევის გათვალისწინებით, გაერთიანებული სუბიექტის მიერ ფასების გაზრდის შემდეგ ძველი წონასწორობა ირღვევა.

ბერტრანის დიფერენცირებული პროდუქტების მოდელი გამოიყენება ბაზრებზე, სადაც კომპანიები თავად აწესებენ ფასებს, ხოლო მომხმარებლები იღებენ გადაწყვეტილებას შესყიდვის შესახებ. შესაბამისად, იგი განსაკუთრებით რელევანტურია საცალო ვაჭრობის სექტორისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის ორგანოს (CMA) მიერ 2019 წელს მომზადებული მიმოხილვა Sainsburys/Asda-ს შემოთავაზებული შერწყმის შესახებ. კონცენტრაციის შედეგად ფასებზე შესაძლო ზეწოლის სტანდარტული ემპირიული საზომები, როგორიცაა ფასების მატების ზეწოლის ინდექსი (UPPI) და სხვა ანალოგიური მაჩვენებლები, სწორედ ბერტრანის დიფერენცირებული პროდუქტების მოდელს ეფუძნება.

აღნიშნული მოდელი არ არის რელევანტური იმ ბაზრებისთვის, სადაც ფასები ინდივიდუალურად დგინდება თითოეული მყიდველისთვის (რაც გულისხმობს საფასო დისკრიმინაციას) ან სადაც კომპანიები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს წარმოების მოცულობით და არა ფასებით (ე.წ. კურნოს კონკურენცია).

ბერტრანის პარადოქსის გადაჭრის კიდევ ერთი გზაა იმ დაშვების უარყოფა, რომ თითოეულ კომპანიას შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნა. მოკლევადიან პერიოდში ეს დაშვება, როგორც წესი, არარეალისტურია. ბერტრან-ეჯვორტის მოდელი ეფუძნება მოსაზრებას, რომ კომპანიებს გააჩნიათ საწარმოო სიმძლავრეების შეზღუდვა. აღნიშნული გარემოება საშუალებას აძლევს ფასებს, გაიზარდოს ზღვრულ დანახარჯებზე მაღლა, ვინაიდან სტანდარტული მოდელის ლოგიკა სიმძლავრეების დეფიციტის პირობებში აღარ მოქმედებს.

ეს მოდელი წარმოაჩენს ნეშის წონასწორობის კონცეფციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს: იგი ფოკუსირებულია სტრატეგიებზე და არა მხოლოდ ფიქსირებულ ფასებზე. ბერტრან-ეჯვორტის მოდელში არ არსებობს ერთიანი ნეშის წონასწორობის ფასი; ამის ნაცვლად, ადგილი აქვს შერეული სტრატეგიის ნეშის წონასწორობას (Mixed-strategy Nash Equilibrium), სადაც კომპანიები სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულ ფასებს ადგენენ. ევროკომისიის გადაწყვეტილება Inoxum/Outokumpu-ს შერწყმის შესახებ ბერტრან-ეჯვორტის მოდელის პრაქტიკული გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია.

ბერტრანის პარადოქსის გადაჭრის მესამე გზა უკავშირდება იმ დაშვების გადახედვას, რომლის მიხედვითაც კომპანიები მხოლოდ ერთჯერადი პერიოდის შედეგზე არიან ორიენტირებულნი. პარადოქსი დიდწილად განპირობებულია მოდელის ერთპერიოდიანი ბუნებით, თუმცა რეალურ პირობებში კომპანიები მრავალი პერიოდის განმავლობაში უწევენ ერთმანეთს კონკურენციას. შესაძლებელია თუ არა, რომ ყოველ პერიოდში მათ დააწესონ ზღვრული დანახარჯის ტოლი ფასი და მიიღონ ნულოვანი მოგება? თეორიულად - დიახ, თუმცა ბაზარზე კომპანიების მცირე რაოდენობის პირობებში უფრო სავარაუდოა, რომ ისინი „არბილებენ“ საფასო პოლიტიკას იმ მოლოდინით, რომ კონკურენტებიც ანალოგიურად იმოქმედებენ.

ეკონომისტები ტრადიციულად მიიჩნევდნენ, რომ კომპანიებს შორის ფარული გარიგება არასტაბილური იქნებოდა, რადგან იგი არ წარმოადგენდა ნეშის წონასწორობას. არგუმენტის თანახმად, თითოეულ კომპანიას აქვს სტიმული, დაარღვიოს შეთანხმება (ე.წ. „მოტყუება“ ფასების შემცირებით მეტი საბაზრო წილის მოსაპოვებლად), ვინაიდან კონკურენტების ქცევის გათვალისწინებით, ეს სტრატეგია მოგების მაქსიმიზაციის საშუალებას იძლევა. თუმცა, აღნიშნული თეორია რთულად თავსებადია იმ ემპირიულ ფაქტებთან, რომ კარტელები რეალურად არსებობენ და ახერხებენ ფასების მნიშვნელოვან ზრდას.

სტანდარტული არგუმენტის ნაკლოვანება მის მოკლევადიან პერსპექტივაზე ფოკუსირებაში მდგომარეობს. როდესაც კომპანიები დროთა განმავლობაში კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, მათი მიზანია მოგების მაქსიმიზაცია გრძელვადიან პერიოდში და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ეტაპზე. ფუდენბერგმა და მასკინმა (1986) დაამტკიცეს (ე.წ. Folk Theorem), რომ ნებისმიერი კოორდინირებული შედეგი შესაძლოა შენარჩუნდეს როგორც ნეშის წონასწორობა განმეორებად თამაშებში, თუ დისკონტირების განაკვეთები საკმარისად მაღალია და არსებობს სანდო საპასუხო (დასჯის) მექანიზმები.