სტრატეგიული ქცევა (Strategic Behavior)

ეკონომიკური აგენტების ქმედებები, რომელთა მიზანია ზემოქმედება იმ საბაზრო გარემოზე, რომელშიც ისინი საქმიანობენ და ერთვებიან კონკურენციაში. სტრატეგიული ქცევა, ერთი მხრივ, მოიცავს კომპანიების ქმედებებს, რომლებიც მათი მოქმედი ან პოტენციური კონკურენტებისგან კონკურენტული წნეხის შემცირებისკენაა მიმართული. ეს ქმედებები მიზნად ისახავს კონკურენტებისთვის ზიანის მიყენებას და, შედეგად, საკუთარი მოგების ზრდას. აღნიშნულის მაგალითებია: მტაცებლური ფასის დაწესება, ბაზარზე შესვლის ხელოვნური ბარიერების შექმნა და სხვა. მეორე მხრივ, სტრატეგიული ქცევა შეიძლება იყოს თანამშრომლობისკენ მიმართულიც. ასეთად მიიჩნევა მეტოქეებზე ზემოქმედება თანამშრომლობისა და ერთობლივი მოგების მაქსიმიზაციის მიზნით. აღნიშნულის მაგალითებია სხვადასხვა ტიპის ფარული შეთანხმებები. სტრატეგიული ქცევები ძირითადად დამახასიათებელია იმ ბაზრებისთვის, სადაც მყიდველთა და გამყიდველთა მცირე რაოდენობაა.