ბოიკოტი (BOYCOTT)

ინსტიტუციური განმარტება

კოლექტიური ბოიკოტი ხდება მაშინ, როდესაც კონკურენტთა ჯგუფი თანხმდება, ბაზრიდან გარეცხოს (გამორიცხოს) არსებული ან პოტენციური კონკურენტი. ეს პრაქტიკა, როგორც წესი, წარმოადგენს კონკურენციის მიზნობრივ შეზღუდვას. © ევროკომისია

კომენტარი

ბოიკოტი წარმოადგენს პრაქტიკას, რომელიც აშშ-ის კონკურენციის კანონმდებლობით სამართალდარღვევად განიხილება. მაგალითად, საქმეში Fashion Originators Guild of America v. FTC (1941), აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვაზე უარის თქმა არ წარმოადგენდა შეცდომას, რითაც დაადასტურა ბოიკოტის კონკურენციის შემზღუდველი ბუნება. ევროკავშირის სამართალში ბოიკოტის კვალიფიკაციის საკითხი გარკვეულწილად კომპლექსურია. ერთ-ერთი ინტერპრეტაციის თანახმად, TFEU-ს 101(1) მუხლი კრძალავს კოორდინირებულ ბოიკოტს, რაც ასახულია გადაწყვეტილებაში Dansk Rørindustri A/S and Others v. Commission (2005). აღნიშნულ საქმეში სასამართლომ ბოიკოტი განიხილა იმ შეთანხმების შემადგენელ ნაწილად, რომელიც ერთობლიობაში არღვევს ხელშეკრულების 101(1) მუხლს (ყოფილ 85(1) მუხლს). მიუხედავად იმისა, რომ 101(1) მუხლი რიგ დარღვევებს მიზნის მიხედვით (By object) კრძალავს, TFEU-ს 101(3) მუხლი მაინც იძლევა ეფექტიანი თავდაცვისა და გამონაკლისის დაშვების თეორიულ შესაძლებლობას.

აშშ-ის იურისპრუდენციაში ბოიკოტის თავისთავად უკანონოდ მიჩნევა ხშირად გულისხმობს, რომ ორკესტრატორ ჯგუფს ან ინდივიდს გააჩნია დომინანტური საბაზრო ძალაუფლება ან ექსკლუზიური წვდომა კონკურენციისთვის აუცილებელ რესურსზე. საქმეში Northwest Wholesale Stationers v. Pacific Stationery and Printing Co. (1985), აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ გამოიჩინა სათანადო სიფრთხილე და „თავისთავად“ (Per se) ანალიზი არასწორად გამოიყენა, რითაც ხაზი გაუსვა ბოიკოტის საქმეებში ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული შესწავლის საჭიროებას.

ანალოგიურად, ბოიკოტი შესაძლოა დაექვემდებაროს შეფასებას „გონივრული წესის“ (Rule of Reason) საფუძველზე. ამგვარი მიდგომის პრეცედენტები აშშ-ის იურისპრუდენციაში დასტურდება საქმეებით: US FTC v. Toys “R” Us Inc. (2000) და Northwest Wholesale Stationers v. Pacific Stationery and Printing Co. (1985). აქედან გამომდინარე, აშშ-ის სასამართლოებში ბოიკოტის საქმეების სამართლებრივი კვალიფიკაციის მოდელი არაერთგვაროვანია.

მექსიკის კანონმდებლობით, ბოიკოტი ცალსახად ფასდება „გონივრული წესით“, რაც მოითხოვს შემდეგი კუმულაციური პირობების არსებობას: 1) სუბიექტის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ფლობა ან ერთობლივი დომინირება და 2) ზიანის თეორიის დასაბუთება, რომელიც განმარტავს კონკურენციის შეზღუდვის მიზეზსა და შედეგს. ამის საპირისპიროდ, გერმანიის კონკურენციის შესახებ აქტის (GWB) 21-ე ნაწილის თანახმად, სხვა კომპანიებისთვის ზიანის მიყენების მიზნით განხორციელებული შეთანხმებული უარი გარიგებაზე თავისთავად უკანონო ქმედებაა.

ბოიკოტი, როგორც წესი, გულისხმობს ეკონომიკურ აგენტთა ჯგუფურ უარს კოლექტიურ გარიგებაზე. თუმცა, შესაძლებელია სიტუაცია, როდესაც კომპანიების ჯგუფი ახდენს ამ პრაქტიკის სტიმულირებას მასში უშუალო მონაწილეობის გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ინტერესთა ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია კოლექტიური უარის შედეგით, თუმცა თავად არ ახორციელებს პირდაპირ ზეწოლას მესამე მხარეზე. ამგვარი სცენარის მაგალითია საქმე US FTC v. Toys “R” Us Inc. (2000). აღსანიშნავია, რომ მექსიკის კონკურენციის კანონმდებლობა ბოიკოტის დეფინიციისას პირდაპირ ითვალისწინებს მსგავს სამართლებრივ მოდელს.

ავტორები, მათ შორის პოზნერი (Posner, 2003), მიუთითებენ, რომ ბოიკოტის შემთხვევები მოიცავს „არაჩვეულებრივად ჰეტეროგენულ პრაქტიკას, რომელთაგან ბევრი არ ატარებს ექსკლუზიურ (ბაზრიდან განდევნის) ხასიათს“. ამ კონტექსტში, გარიგებაზე კოორდინირებული უარი შესაძლოა ორკესტრირებული იყოს კომპანიების ჯგუფის მიერ ვერტიკალურად ინტეგრირებული მესამე მხარის ქცევაზე ზემოქმედების მიზნით. მაგალითად, ეკონომიკურ აგენტთა ჯგუფმა შესაძლოა მოითხოვოს მესამე მხარის მიერ კონკრეტული საფასო პოლიტიკის დაცვა (მაგ. დაბალი ფასი მიმწოდებლის შემთხვევაში და მაღალი ფასი — მომხმარებლის შემთხვევაში). ამ ტიპის ბოიკოტს მკვლევართა ნაწილი, მათ შორის ბეიკერი (Baker et al., 2017), განიხილავს როგორც ”არაპირდაპირი კოორდინაცია“ (Tacit Collusion) და აღნიშნავს, რომ ასეთი ბოიკოტები პირდაპირ ზემოქმედებენ ბაზარზე გამოშვებული პროდუქციის მოცულობასა თუ ფასებზე. შესაბამისად, ამგვარი ქმედების ობიექტური დასაბუთება, როგორც წესი, არ მიიღება. სხვა ავტორები, მაგალითად ჰოვენკამპი (Hovenkamp, 2021), განმარტავენ, რომ „თავისთავად უკანონობის“ ანალიზი გამოიყენება ე.წ. „შიშველი ბოიკოტის“ შემთხვევებში.

ბოიკოტის მეორე სახეობაა „გამომრიცხავი“ ბოიკოტი. იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ინდივიდუალური სუბიექტი ან ჯგუფი მიზნად ისახავს კონკურენტის ბაზრიდან განდევნას სხვა მხარეების (მომწოდებლების ან მომხმარებლების) ჩართულობით, რომლებიც უარს აცხადებენ ბოიკოტირებულ მხარესთან კომერციულ ურთიერთობაზე. თავად კომპანიებმა შესაძლოა კოორდინირებულად თქვან უარი კონკურენტთან თანამშრომლობაზე, რაც ხშირად ვლინდება სავაჭრო ასოციაციების ფარგლებში. ბეიკერისა და სხვების (2017) შეფასებით, გამომრიცხავი ბოიკოტის სამართლებრივი კვალიფიკაცია უფრო რთულია, ვინაიდან: „(1) მისი ეფექტი შესაძლოა ნაკლებად აშკარა იყოს და (2) მისი პოტენციური ლეგიტიმური დასაბუთება უფრო მრავალფეროვანია“. “„შესაბამისად, გარკვეული სახის გამომრიცხავი ბოიკოტი შესაძლოა გამართლებულად მიიჩნეოდეს ანტიმონოპოლიური კონტროლის ფარგლებში. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საქმეში Northwest Wholesale Stationers v. Pacific Stationery and Printing Co. (1985) განმარტა: „მხოლოდ ბრალდება გარიგებაზე კოორდინირებული უარის თაობაზე არ არის საკმარისი საფუძველი სამართალდარღვევის დასადგენად, ვინაიდან გარიგებაზე ყველა შეთანხმებული უარი არ ატარებს ცალსახად კონკურენციის საწინააღმდეგო ხასიათს“. ამ ტიპის ბოიკოტის პრაქტიკული მაგალითია მექსიკაში (2006 წელი) განხილული შემთხვევა, როდესაც ლოს-კაბოსის ტაქსის გილდიების ასოციაცია ზეწოლას ახდენდა ტურისტებზე სხვა სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის აღსაკვეთად; აღნიშნული საქმე სამართალდამრღვევთა დაჯარიმებით დასრულდა.

ამავე კატეგორიაში ბოიკოტი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც საპასუხო (ანგარიშსწორების) მექანიზმი, როდესაც ადგილი აქვს კარტელური შეთანხმებიდან გადახვევას (ფასების ან წარმოების მოცულობის კუთხით). იმ შემთხვევაში, თუ კონკურენტი არ იცავს კარტელის პირობებს, სხვა წევრებმა შესაძლოა გამოიყენონ დასჯის მექანიზმი და აიძულონ იგი, დატოვოს ბაზარი. შესაბამისად, მსგავსი ქცევა შესაძლოა მიუთითებდეს კარტელის არსებობაზე და კვალიფიცირდეს როგორც კარტელური გარიგება.