შიდა ბრენდებს შორის კონკურენცია: კონკურენცია ერთი და იმავე ბრენდირებული პროდუქტის დისტრიბუტორებს ან საცალო მოვაჭრეებს შორის, როგორც საფასო, ისე არასაფასო პირობებით. მაგალითად, Levi’s-ის ჯინსის შარვალი ფასდაკლებების მაღაზიაში შეიძლება უფრო დაბალ ფასად გაიყიდოს, ვიდრე უნივერმაღში, თუმცა ხშირად იმ სერვისული მომსახურების გარეშე, რომელსაც ეს უკანასკნელი სთავაზობს მომხმარებელს.
ბრენდთაშორისი კონკურენცია: კონკურენცია იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც საკუთარი პროდუქციისთვის შექმნეს ბრენდები ან საფირმო ნიშნები, რათა ისინი განასხვავონ იმავე ბაზრის სეგმენტში გაყიდვადი სხვა ბრენდებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები მათ სრულად იდენტურად არ აღიქვამენ, ბრენდირებული პროდუქტები მაინც უწევენ ერთმანეთს კონკურენციას, თუმცა, როგორც წესი, უფრო ნაკლები ხარისხით. ბრენდთაშორისი კონკურენციის მაგალითია Coca-Cola-ს დაპირისპირება Pepsi-სთან. © ევროკომისია
შიდაბრენდული კონკურენცია: შიდაბრენდული კონკურენცია არის კონკურენცია ერთი და იმავე ბრენდის საცალო მოვაჭრეებს ან დისტრიბუტორებს შორის. შიდაბრენდული კონკურენცია შეიძლება მიმდინარეობდეს საფასო ან არასაფასო პირობებით. მაგალითად, Levi-ს ჯინსი დისკაუნტერში ან სპეციალიზებულ მაღაზიაში შეიძლება უფრო დაბალ ფასად გაიყიდოს, ვიდრე უნივერმაღში, მაგრამ იმ სერვისული პრივილეგიების გარეშე, რომლებსაც უნივერმაღი უზრუნველყოფს. მომსახურების ეს პრივილეგიები წარმოადგენს შიდაბრენდულ არასაფასო კონკურენციას. ზოგიერთი მწარმოებელი ცდილობს შეინარჩუნოს ერთიანი საცალო ფასები საკუთარ პროდუქციაზე და აღკვეთოს შიდაბრენდული საფასო კონკურენცია ისეთი ბიზნესპრაქტიკის მეშვეობით, როგორიცაა გადაყიდვის ფასის შენარჩუნება (RPM), რათა მოახდინოს შიდაბრენდული არასაფასო კონკურენციის სტიმულირება, თუკი ეს გაზრდის მათი პროდუქტის გაყიდვებს.
ბრენდთაშორისი კონკურენცია: კომპანიები, რომლებიც ახდენენ დიფერენცირებული პროდუქტების რეალიზაციას, ხშირად ქმნიან ბრენდებს ან საფირმო ნიშნებს და კონკურენციას უწევენ ერთმანეთს მათ საფუძველზე. ბრენდთაშორისი კონკურენციის რამდენიმე მაგალითია: Coca Cola Pepsi-Cola-ს წინააღმდეგ, Levi GWG ჯინსების წინააღმდეგ, Kellogg’s Corn Flakes Nabisco’s Bran Flakes-ის წინააღმდეგ. თითოეულ ამ ბრენდს შეიძლება უპირატესობა მიანიჭონ სხვადასხვა მყიდველებმა, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ უფრო მაღალი ფასი ან უფრო ხშირად შეიძინონ ერთი ბრენდირებული პროდუქტი მეორესთან შედარებით. © OECD
კონკურენციის სამართალი არეგულირებს ბრენდებს შორის არსებულ მეტოქეობას მომხმარებელთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ეკონომიკურ აგენტებს შორის სამართლიანი კონკურენციის ხელშესაწყობად. როგორც საბაზრო კონკურენციის არსებითი კომპონენტი, ბრენდების კონკურენცია გულისხმობს ურთიერთქმედებას იმ ბრენდებსა თუ პროდუქტებს შორის, რომლებიც დიფერენცირებულია სპეციფიკური მახასიათებლების საფუძველზე.
აღნიშნული პროცესი, ძირითადად, ბრენდთაშორისი და შიდაბრენდული კონკურენციის ფორმით ვლინდება. ბრენდთაშორისი კონკურენცია გულისხმობს მეტოქეობას სხვადასხვა ბრენდსა თუ პროდუქტს შორის, რომლებიც ერთსა და იმავე დანიშნულებას ასრულებენ. ამ პირობებში კომპანიები ცდილობენ საკუთარი პროდუქციის დიფერენცირებას ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ფასი, ხარისხი, დიზაინი, ბრენდის იმიჯი, რეპუტაცია, ინოვაციური მიდგომები და მარკეტინგული სტრატეგიები. კონკურენციის ეს ფორმა სექტორულ მრავალფეროვნებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს უწყობს ხელს.
თავის მხრივ, შიდაბრენდული კონკურენცია გულისხმობს მეტოქეობას ერთი და იმავე ბრენდის ან პროდუქტის სხვადასხვა გამყიდველებს შორის. ამ შემთხვევაში, რეალიზატორები მომხმარებელთა მოსაზიდად იყენებენ ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა პროდუქციის ხაზის გაფართოება, ვარიაციულობა, პროდუქტთა კომბინირება, შეფუთვისა და პრეზენტაციის ფორმები, საფასო დიფერენცირება და მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილების გაუმჯობესება. კონკურენციის ეს ფორმა სტიმულს აძლევს ინოვაციებს მარკეტინგის სფეროში და ზრდის მომხმარებელთა ჩართულობის ხარისხს.
აღნიშნული ფუნდამენტური კონცეფციების გარდა, ბრენდების კონკურენციის მნიშვნელოვანი ასპექტები მოიცავს: გენერიკული კონკურენცია: ბრენდირებული პროდუქციის მეტოქეობა იმავე კატეგორიის არაბრენდირებულ ან გენერიკულ პროდუქტებთან; საცალო ქსელების საკუთარი ბრენდების კონკურენცია: ბრენდების მეტოქეობა საცალო მოვაჭრეების მიერ შეთავაზებულ კერძო ეტიკეტის მქონე პროდუქციასთან; ჩამნაცვლებელი კონკურენცია: ბრენდების მეტოქეობა ალტერნატიულ პროდუქტებსა თუ სერვისებთან, რომლებიც მსგავს ფუნქციებს ასრულებენ; სექტორული (კატეგორიული) კონკურენცია: ბრენდების ბრძოლა მომხმარებელთა ყურადღების, პრეფერენციებისა და საბაზრო წილის მოსაპოვებლად კონკრეტულ ინდუსტრიაში.
ბრენდთაშორისი კონკურენცია მოიცავს მრავალფეროვან სტრატეგიას ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად, არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან ახალი მოთხოვნის გენერირების გზით:
საფასო კონკურენცია: საფასო პოზიციონირება, აქციები, პროდუქტთა კომბინირება (Bundling) და დინამიკური ფასწარმოება;
პროდუქტის დიფერენცირება: ხარისხი, მახასიათებლები, დიზაინი, მდგრადობა, პერსონალიზაცია, კულტურული შესაბამისობა და შეფუთვა;
ბრენდის ხილვადობა: მასშტაბური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიები;
ბაზრის პოზიციონირება: სადისტრიბუციო არხების ოპტიმიზაცია, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ციფრული (Online) ყოფნა;
კომერციალიზაციის სტრატეგიები: პროდუქტის ხაზის გაფართოება და ვარიაციულობა;
მომხმარებლის გამოცდილება (Customer Experience): შეძენის სიმარტივე, მხარდაჭერის სერვისები და გაყიდვების შემდგომი მომსახურება;
ინოვაცია: კვლევა და განვითარება (R&D);
ლოიალობის პროგრამები: მომხმარებელთა შენარჩუნების სტიმულირება;
ინტელექტუალური საკუთრება: პატენტები, სავაჭრო ნიშნები და საავტორო უფლებები;
სტრატეგიული პარტნიორობა: კოლაბორაცია სხვა ბრენდებთან;
ანალიტიკური ინტელექტი: საბაზრო და კონკურენტული გარემოს კვლევა;
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR): ეთიკური და სოციალური ვალდებულებების შესრულება.
ბრენდთაშორისი კონკურენციის კომპლექსური ბუნება ხაზს უსვამს ბაზრის დინამიკურ განვითარებასა და მომხმარებელთა ქცევის ევოლუციას. ბრენდთაშორისი კონკურენცია წარმოადგენს მრავალწახნაგოვან გარემოს, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა სტრატეგიული მიდგომით; მათ ეკონომიკური აგენტები საკუთარი პროდუქციის დიფერენცირების, ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციისა და მომხმარებელთა ლოიალობის მოპოვების მიზნით იყენებენ.
კონკურენციის სამართლის გავლენა და ბრენდთაშორისი კონკურენციის პრაქტიკული მნიშვნელობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის: ბაზრის სტრუქტურასა და დინამიკაზე, პოტენციურ კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტებსა და თითოეული შემთხვევის სპეციფიკურ ფაქტობრივ გარემოებებზე.
მაგალითად, ბრენდთაშორისი კონკურენციის შეზღუდვის მაღალი რისკი არსებობს მაშინ, როდესაც დომინანტური მდგომარეობის მქონე სუბიექტი ახორციელებს ისეთ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებს, როგორიცაა ფასების ფიქსირება, ბაზრის გადანაწილება ან კონკურენტებისთვის მიწოდებაზე უარის თქმა. თავის მხრივ, შიდაბრენდული კონკურენცია შესაძლოა შეიზღუდოს, თუ დომინანტი აგენტი აწესებს არასამართლიან პირობებს საკუთარ სადისტრიბუციო ქსელზე ან კრძალავს რეალიზაციას მომხმარებელთა გარკვეულ კატეგორიებზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვები შესაძლოა აგრეთვე განპირობებული იყოს ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებული ფარული შეთანხმებებით.
კონკურენციის სამართლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ბრენდების კონკურენციის ჭრილში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს აქვთ კანონიერი უფლება, დაიცვან საკუთარი სასაქონლო ნიშნები, პატენტები და სხვა ინტელექტუალური საკუთრება ხელყოფისაგან, ამ უფლების რეალიზება დაბალანსებული უნდა იყოს მომხმარებელთა ინტერესებთან - უზრუნველყოფილ იქნეს წვდომა პროდუქციისა და მომსახურების ფართო არჩევანზე. შესაბამისად, კონკურენციის სამართალი კრძალავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების იმგვარ გამოყენებას, რომელიც იწვევს ბაზარზე კონკურენციის გაუმართლებელ და ზედმეტ შეზღუდვას.
ბრენდების კონკურენცია გადამწყვეტ როლს ასრულებს მომხმარებელთა კეთილდღეობის ამაღლებაში. იგი ამდიდრებს ბაზარს მრავალფეროვანი არჩევანით, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, შეარჩიოს მისი პრეფერენციების, საჭიროებებისა და ბიუჯეტის შესაბამისი პროდუქცია. რაც უფრო მაღალია კონკურენციის ხარისხი ბაზარზე, მით მეტია სტიმული ბრენდებისთვის, მუდმივად დანერგონ ინოვაციები და გააუმჯობესონ შეთავაზებების ხარისხი მომხმარებელთა მოთხოვნებზე საპასუხოდ.
საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც სხვადასხვა იურისდიქციაში ბრენდთაშორის კონკურენციას მართავს, მიზნად ისახავს ბალანსის დამყარებას კონკურენციის დაცვასა და კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკის პრევენციას შორის. აღნიშნული ჩარჩოები, როგორც წესი, მოიცავს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, რომელიც სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად არეგულირებს საბაზრო პრაქტიკას. ამასთან, ის შეიძლება მოიცავდეს არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის, ინტელექტუალური საკუთრებისა და მომხმარებელთა დაცვის შესახებ კანონებს.
ევროკავშირში ბრენდთაშორისი კონკურენციის სამართლებრივი ჩარჩო, უპირველეს ყოვლისა, ყალიბდება კონკურენციის სამართლით, რომლის მიზანია ერთიან ბაზარზე სამართლიანი და დაუმახინჯებელი კონკურენციის უზრუნველყოფა.
ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101-ე და 102-ე მუხლები შესაბამისად ეხება კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებებსა და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ამასთან, 2022/720 (ვერტიკალური ჯგუფური გამონაკლისის რეგულაცია), 2023/1066 და 2023/1067 (ჰორიზონტალური ჯგუფური გამონაკლისის რეგულაციები) რეგულაციები TFEU-ს 101-ე მუხლით დადგენილი კონკურენციის შემზღუდველი ქცევის ზოგადი აკრძალვისაგან ათავისუფლებს გარკვეული ტიპის შეთანხმებებსა და პრაქტიკას.
139/2004 რეგულაცია (შერწყმის რეგულაცია) განსაზღვრავს ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის კონტროლის მექანიზმებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეგულაცია უფრო მეტად საერთო საბაზრო კონკურენციაზეა ფოკუსირებული, ვიდრე უშუალოდ ბრენდთაშორის მეტოქეობაზე, მისი აღსრულება პირდაპირ გავლენას ახდენს ბრენდების ქცევაზე კონკურენტულ გარემოში. შერწყმის რეგულაციის ძირითადი მიზნები ბრენდის მფლობელთათვის შემდეგი ასპექტებითაა რელევანტური:
დომინანტური პოზიციის პრევენცია: იმგვარი საბაზრო ძალაუფლების შექმნის ან გაძლიერების თავიდან აცილება, რამაც შესაძლოა შეაფერხოს ეფექტიანი კონკურენცია სხვა ბრენდებთან;
სამომხმარებლო არჩევანის შენარჩუნება: ბრენდების სტიმულირება ინოვაციებისა და დიფერენცირებისკენ;
ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა: ბაზრის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა ბარიერების შემცირების გზით;
მცირე და საშუალო საწარმოების დაცვა: იმ ნეგატიური გავლენის პრევენცია, რომელიც შესაძლოა მსხვილი კომპანიების კონსოლიდაციამ და დომინანტური პოზიციების ჩამოყალიბებამ გამოიწვიოს.
ევროკავშირის სამართალი მუდმივად უსვამს ხაზს კონკურენციის შენარჩუნების მნიშვნელობას არა მხოლოდ ფასის, არამედ ხარისხის, მრავალფეროვნებისა და ინოვაციის კომპონენტებშიც. ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკა ავლენს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს სადისტრიბუციო პრაქტიკის გავლენას ბაზრის ხელმისაწვდომობაზე, ბრენდის რეპუტაციასა და საერთო კონკურენტულ გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბრენდის დაცვასა და სამართლიან კონკურენციას შორის ბალანსის დამყარებას, რაც სპეციფიკურ გამოწვევას წარმოადგენს ონლაინ გაყიდვებისა და შერჩევითი სადისტრიბუციო ქსელების კონტექსტში.
გერმანულმა კომპანია Grundig-მა ფრანგ დისტრიბუტორ Consten-ს შესთავაზა ექსკლუზიური დისტრიბუციის პირობა, რამაც ევროკავშირის შიდა ვაჭრობის შეზღუდვის საფრთხე შექმნა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრენდთაშორის კონკურენციაზე შესაძლო დადებითი ეფექტი და აქცენტი აბსოლუტური ტერიტორიული დაცვის დაწესების დაუშვებლობაზე გადაიტანა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ წარმოაჩინა ფრთხილი მიდგომა ტერიტორიული შეზღუდვების მიმართ და ხაზი გაუსვა მათ გავლენას ბაზრის ხელმისაწვდომობაზე.
Metro I-ის საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ კონკურენცია მხოლოდ საფასო პოლიტიკით არ შემოიფარგლება. ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლითაც აღიარებულ იქნა, რომ პროდუქტის დიფერენციაცია, რაც შესაძლოა მაღალ ფასებში აისახოს, შესაბამისობაშია ევროკავშირის კონკურენციის სამართალთან, თუ იგი ხელს უწყობს არასაფასო პარამეტრებს, როგორიცაა ხარისხი, მრავალფეროვნება და ინოვაცია.
Pronuptia de Paris-ის საქმეში სასამართლომ აღიარა, რომ ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებებმა შესაძლოა შეზღუდოს შიდაბრენდული კონკურენცია, რადგან ფრენჩაიზერს აძლევს უფლებას, შეარჩიოს პარტნიორები და დააწესოს გარკვეული შეზღუდვები ბრენდის რეპუტაციის დასაცავად. მოცემულმა პრეცედენტმა ხაზი გაუსვა ბრენდის იდენტობის დაცვის მნიშვნელობას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და ნოუ-ჰაუს გადაცემის სპეციფიკის გათვალისწინებით.
Pierre Fabre-ის საქმემ განმარტა, რომ მხოლოდ პრესტიჟული იმიჯის შენარჩუნება არ წარმოადგენს კონკურენციის შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხებოდა შერჩევითი დისტრიბუციის ქსელებში ონლაინ გაყიდვების აკრძალვის დაუშვებლობას. სასამართლომ ხაზი გაუსვა ბრენდის დაცვასა და კონკურენციის ხელშეწყობას შორის ბალანსის დამყარების აუცილებლობას და ეჭვქვეშ დააყენა ბრენდის იმიჯის დასაცავად დაწესებული ფართო შეზღუდვები.
ბრენდთაშორისი ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნება არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორისაა ინტელექტუალური საკუთრების ირგვლივ არსებული დავები, ფალსიფიკაცია და ონლაინ ბაზრების მზარდი დინამიკა. პროდუქციის გაყალბება საფრთხეს უქმნის ბრენდის მთლიანობასა და მომხმარებელთა ნდობას, ხოლო ციფრული პლატფორმები ბიზნესისთვის როგორც ახალ შესაძლებლობებს, ისე მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოშობს. ბრენდული კონკურენციის მომავალ ტენდენციებს შორის წამყვანია ელექტრონული კომერციისა და ციფრული პლატფორმების გავლენა მომხმარებელთა ქცევაზე. სოციალური მედიის როლი ბრენდის ხილვადობასა და მომხმარებელთან კომუნიკაციაში სულ უფრო შესამჩნევი ხდება. გარდა ამისა, მდგრადი განვითარების პრაქტიკა იქცევა გადამწყვეტ ფაქტორად, რომელიც აყალიბებს მომხმარებელთა პრეფერენციებსა და ბრენდების კონკურენტულ სტრატეგიებს ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მიდგომების სასარგებლოდ. აღნიშნული გამოწვევებისა და ტენდენციების გათვალისწინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ბრენდებისთვის, რომლებიც კონკურენტულ ბაზარზე გრძელვადიან წარმატებას ისახავენ მიზნად.