წარმოების, ბაზრების ან ტექნოლოგიური განვითარების შეზღუდვა (Limiting Production, Markets or Technical Development)

კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ზოგადი სახე, რომელიც აერთიანებს როგორც კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების, ასევე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების კონკრეტულ შემთხვევებს. წარმოების, ბაზრების ან ტექნოლოგიური განვითარების შემზღუდველი ქმედებების სრული ჩამონათვალი არ არსებობს. თუმცა, კონკურენციის ორგანოებისა და სასამართლო პრაქტიკიდან იკვეთება, თუ რა ტიპის ქმედებები შეიძლება განვიხილოთ კანონდარღვევის ამ სახის ქვეშ. როგორც წესი, წარმოების, ბაზრების ან ტექნოლოგიური განვითარების შეზღუდვა გავლენას ახდენს საქონლის ფასზე. ამიტომ, ხშირად კარტელის მონაწილეები საკუთარ პროდუქციაზე ფასის გასაზრდელად ან შესანარჩუნებლად სწორედ ამ გზას მიმართავენ. ხსენებული შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს, მაგალითად, კვოტებზე შეთანხმებით, ანუ კარტელის წევრებს შორის წარმოების, საქონლის ან მომსახურების მიწოდების მაქსიმალური ოდენობის დადგენით. ამ კანონდარღვევის სხვა სახეებია კონკურენტებს შორის შეთანხმება საწარმოო სიმძლავრეების, კომერციული ინვესტიციების, წარმოების, განვითარების, რეკლამირებისა და სხვა მსგავს შეზღუდვებზე, რაც მიზნად ისახავს ფასების ზრდას ან სტაბილიზაციას. ზოგჯერ ბაზრის შეზღუდვად მიიჩნევა კონკრეტულ დარგში (ტექნიკური ან სხვა სახის) სტანდარტების დაწესებაც, თუ ეს ქმედება მოქმედი ან პოტენციური კონკურენტებისთვის ბაზარზე წვდომის შეზღუდვაზეა გათვლილი. წარმოების, ბაზრების ან ტექნოლოგიური განვითარების შეზღუდვა შესაძლებელია მოხდეს დომინანტი კომპანიის მიერაც. ამ შემთხვევაში, ტერმინი მოიცავს დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტებისთვის ბაზარზე წვდომის შეზღუდვის ან ბაზრიდან განდევნის მიზნით განხორციელებულ ქმედებებს, როგორიცაა: საქონლის ან მომსახურების მიწოდებაზე უარი (მათ შორის, დომინანტი კომპანიის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებაზე უარი), მარჟის შეზღუდვა და სხვა.