ბაზარზე კონცენტრაციის საზომი, რომელიც გამოითვლება შესაბამის ბაზარზე ყველა მოქმედი ეკონომიკური აგენტის წილთა კვადრატების ჯამით. მაგალითად, როდესაც ბაზარზე ხუთი კომპანიიდან თითოეულს აქვს 20% იანი საბაზრო წილი, მაშინ HHI ინდექსი იქნება 5x20²=2000. კონკურენციის კუთხით, ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი, ძირითადად, გამოიყენება კონცენტრაციების კონტროლის სფეროში. კერძოდ, ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის აბსოლუტური მაჩვენებელი, ისევე როგორც კონკრეტული ტრანზაქციის შედეგად ინდექსის ცვლილება (ე.წ. „დელტა") კონცენტრაციის შემდგომ კონკურენტულ წნეხზე და ბაზრის კონცენტრაციაში ცვლილებაზე დაკვირვების საშუალებაა.
საქართველოს პრაქტიკაში, ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის საფუძველზე, კონცენტრაციის დონეების მიხედვით, გამოყოფენ დაბალკონცენტრირებულ (HHI<1250), ზომიერად კონცენტრირებულ (1250 < HHI < 2250) და მაღალკონცენტრირებულ (HHI>2250) სასაქონლო ბაზრებს. თუ კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის დაბალი მაჩვენებელი ნარჩუნდება, როგორც წესი, კონცენტრაცია არ მიიჩნევა პრობლემურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინდექსის მნიშვნელოვანი ზრდა კონკურენტულ რისკებზე მიუთითებს. კონცენტრაციის შეფასებისას, ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი გამოიყენება საწყის ეტაპზე, რომლის შემდეგაც კონკურენციის ორგანოები აანალიზებენ სხვა რელევანტურ ფაქტორებს.