გარიგებაზე უარი (REFUSAL TO DEAL)

ინსტიტუციური განმარტება

მიწოდებაზე უარი - პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს მყიდველისთვის (როგორც წესი, საცალო ან საბითუმო მოვაჭრისთვის) პროდუქციის მიწოდებაზე პირდაპირ ან ირიბ უარს. აღნიშნული პრაქტიკა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საცალო მოვაჭრის იძულების მიზნით, რათა ამ უკანასკნელმა დაიცვას სატრანსფერო/სარეზალიზაციო ფასის ფიქსირების (RPM) პირობები (მაგალითად, არ დააწესოს ფასდაკლება კონკრეტულ პროდუქტზე), მხარი დაუჭიროს სხვა მყიდველებთან გაფორმებულ ექსკლუზიურ ხელშეკრულებებს, ან პროდუქცია მხოლოდ მომხმარებელთა განსაზღვრულ კატეგორიასა თუ კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში გაყიდოს. მიწოდებაზე უარის თქმა ასევე შესაძლოა განპირობებული იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, როგორიცაა მყიდველის დაბალი გადახდისუნარიანობა (საკრედიტო რისკი), სასაქონლო მარაგების არასაკმარისი მოცულობა ან გაყიდვების შემდგომი მომსახურების, რეკლამირებისა და პროდუქციის სათანადო განთავსების (დისპლეის) პირობების შეუსრულებლობა. მიწოდებაზე უარის თქმის გავლენა კონკურენციაზე, როგორც წესი, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანს წარმოადგენს. © ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)

კომენტარი

ეკონომიკური აგენტების მიერ ბიზნესპარტნიორების თავისუფლად არჩევის პრინციპიდან გამომდინარე, გარიგებაზე უარი თავისთავად უკანონო ქმედებას არ წარმოადგენს. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, კონკურენციის სამართალი (კერძოდ, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 102-ე მუხლი და აშშ-ის შერმანის აქტის მე-2 ნაწილი) დომინანტური მდგომარეობის მქონე სუბიექტებს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედონ სამართლიანად კონკურენტებისა თუ მომხმარებლების მიმართ. ეს აუცილებელია ბაზარზე კონკურენტული გარემოს შესანარჩუნებლად და მონოპოლიზაციის იმგვარი გამოვლინებების პრევენციისთვის, რომლებიც ზიანს აყენებს მომხმარებელთა კეთილდღეობას.

TFEU-ს 102-ე მუხლის კონტექსტში, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად მიჩნეული უარი, როგორც წესი, ეხება ორ ურთიერთდაკავშირებულ ბაზარს, სადაც ერთ ბაზარზე დომინანტი საწარმო გაუმართლებლად ზღუდავს კონკურენციას მომდევნო (მეორე) ბაზარზე. United Brands-ის საქმეში (1978) ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განმარტა, რომ დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანიის მიერ მიწოდებაზე უარი ვერ იქნება გამართლებული მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვის მოტივით, თუ აღნიშნული ქმედების მიზანია დომინანტური პოზიციის ხელოვნური გაძლიერება (პუნქტი 189). სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დომინანტ მიმწოდებელს არ აქვს უფლება ობიექტური დასაბუთების გარეშე შეწყვიტოს პროდუქციის მიწოდება გრძელვადიანი და კეთილსინდისიერი მომხმარებლებისთვის (პუნქტი 182).

დომინანტ კომპანიასა და არაკონკურენტ სუბიექტებს შორის კომერციული ურთიერთობების ჭრილში, BBI / B & H-ის საქმეში (1987) ევროკომისიამ აღნიშნა: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დომინანტი კომპანიის ინტერესებს საფრთხე ემუქრება მყიდველის მის კონკურენტთან აფილირებით, დომინანტ მწარმოებელს არ აქვს უფლება მყისიერად შეწყვიტოს მიწოდება ან გამოიყენოს საპასუხო რეპრესიული ზომები. დომინანტ საწარმოს შეუძლია გადახედოს კომერციულ ურთიერთობებს, თუმცა მათი შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ გონივრული ვადით ადრე ადეკვატური შეტყობინების საფუძველზე (პუნქტი 19).

დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანიის კონკურენტებთან (ან პოტენციურ კონკურენტებთან) ურთიერთობის ჭრილში, მნიშვნელოვანია Commercial Solvents-ის საქმე (1974). ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განმარტა, რომ ნედლეულის ბაზარზე დომინანტი საწარმო ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას, როდესაც საკუთარი წარმოების გაფართოების მიზნით, უარს ამბობს პროდუქციის მიწოდებაზე იმ მყიდველისთვის, რომელიც ამავდროულად მისი კონკურენტია მომდევნო (ქვედა) ბაზარზე. მოგვიანებით, Telemarketing-ის საქმეში (1985), სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული წესი ვრცელდება „არსებითი მომსახურების“ ბაზარზე დომინანტ სუბიექტზეც, მაშინაც კი, როდესაც ეს მომსახურება განსხვავდება კომპანიის ძირითადი საქმიანობისგან (პუნქტი 26). ასეთ შემთხვევაში, მიწოდებაზე უარს უნდა გააჩნდეს ობიექტური ტექნიკური ან კომერციული დასაბუთება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ქმედება მიმართულია მესამე მხარის (კონკურენტის) ბაზრიდან განდევნისკენ, იგი განიხილება როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება TFEU-ს 102-ე მუხლის შესაბამისად.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება Bronner-ის საქმეს (1998), სადაც საფუძვლიანად ჩამოყალიბდა „არსებითი საშუალებების“ დოქტრინა. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მკაფიოდ განსაზღვრა კუმულაციური კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც დგინდება დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება (პუნქტი 41): კონკურენციის აღმოფხვრა: უარი იწვევს მომდევნო ბაზარზე განმცხადებლის (კონკურენტის) მხრიდან ეფექტიანი კონკურენციის სრულ გაქრობას; ობიექტური დასაბუთების არარსებობა: მიწოდებაზე უარს არ გააჩნია ობიექტური საფუძველი; შეუცვლელობა (Indispensability): მომსახურება ან ინფრასტრუქტურა წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას, რომლის გარეშეც საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია და არ არსებობს მისი ჩანაცვლების რეალური ალტერნატივა.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საბოლოო პოზიცია დიდწილად დაეფუძნა გენერალური მრჩევლის, ბ-ნი ჯეიკობსის დასკვნას. მან აღნიშნა, რომ „არსებითი საშუალებების“ დოქტრინის გამოყენება ან პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმა მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც დომინანტი საწარმო სრულად აკონტროლებს მომიჯნავე ბაზარს. შესაბამისად, სამართლებრივი დევნისთვის არასაკმარისია ის გარემოება, რომ კონკრეტულ ობიექტზე კონტროლი კომპანიას მხოლოდ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს (პარაგრაფი 65).

გენერალურმა მრჩეველმა ასევე განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურის დუბლირება შესაძლოა წარმოადგენდეს ბაზარზე შესვლის ბარიერს, ბოროტად გამოყენების ფაქტის დასადასტურებლად აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ დომინანტი კომპანიის სადისტრიბუციო სისტემის ანალოგის შესაქმნელად საჭირო ინვესტიციების მოცულობა იმდენად მაღალია, რომ იგი ობიექტურად შეუძლებელს ხდის კონკურენტის ბაზარზე შესვლას (პარაგრაფი 68).

სასამართლომ დააზუსტა, რომ ზემოაღნიშნული „კონკურენციის სრული აღმოფხვრის“ საფრთხე - რაც მიწოდებაზე უარის თქმას ბოროტად გამოყენების პრაქტიკად აქცევს - დადასტურებულად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომიჯნავე ან დაქვემდებარებულ ბაზრებზე არ არსებობს წარმოების საშუალებების (ან ინფრასტრუქტურის) ისეთი ალტერნატივები, რომლებზეც წვდომა რეალურად არის შესაძლებელი.

აშშ-ის კონკურენციის სამართალთან შედარებით, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 102-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირი პასუხისმგებლობის უფრო დაბალ სტანდარტს აწესებს იმისთვის, რომ მიწოდებაზე უარის თქმა კონკურენციის საწინააღმდეგოად ჩაითვალოს. ერთის მხრივ, ევროკავშირის შემთხვევაში, მხოლოდ საბაზრო ძალაუფლება შეიძლება იყოს საკმარისი ხელშეკრულების დადების დასავალდებულებლად, თუ ბაზარზე კონკურენცია გამოირიცხება. ამის საპირისპიროდ, აშშ-ის შერმანის აქტის მე-2 სექციის მიხედვით, უფრო მაღალი სტანდარტია საჭირო. მაშინ როცა ევროკავშირის შემთხვევაში ბაზრის დიდი წილი შეიძლება ჩაითვალოს დომინანტური პოზიციის არსებობის მტკიცებულებად, აშშ-ში სხვა ფაქტორებიც განიხილება, მაგალითად, კონკურენტების ბაზარზე შესვლის სიმარტივე. გარდა ამისა, რაც შეეხება კონკურენციის შემზღუდველი ქცევის „ბაზრიდან განდევნის ეფექტებს“, ევროკავშირში ეს დაკავშირებულია რესურსის/ობიექტის „აუცილებლობასთან“ და იმ შედეგებთან, რაც ამ ობიექტზე წვდომაზე უარის თქმას შეიძლება ჰქონდეს კონკურენციისთვის. აშშ-ის შემთხვევაში, სასამართლო პრაქტიკა მოითხოვს საქმიანი ურთიერთობის კურსის დაუსაბუთებელ ცვლილებას და ისეთ კვალიფიციურ კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტებს, როგორიცაა მოგების გაწირვა ან მომხმარებელთა კეთილდღეობისთვის მიყენებული აშკარა ზიანი.