დისკრიმინაციული პრაქტიკა (DISCRIMINATORY PRACTICES)

კომენტარი

ევროკავშირი - ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 102-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება მოიცავს „სხვადასხვა პირობების გამოყენებას სავაჭრო პარტნიორებთან ეკვივალენტურ ტრანზაქციებზე, რის შედეგადაც ისინი არათანაბარ კონკურენტულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“. აღნიშნული დებულება მიმართულია იმ დომინანტი ეკონომიკური აგენტების წინააღმდეგ, რომლებიც ახორციელებენ დისკრიმინაციულ რეალიზაციას არაფასისმიერი პირობების (საქმეები: C-163/99 Portugal v. Commission და CASE AT.40461 - DE/DK Interconnector) ან ფასების უთანასწორობის საფუძველზე (საქმე: COMP/C-1/36.91 Deutsche Post AG - Interception of cross-border mail).

მოცემული ნორმა ასევე ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც ვერტიკალურად ინტეგრირებული დომინანტი საწარმოები უპირატესობას საკუთარ დანაყოფებს ანიჭებენ (საქმე: C-242/95 GT-Link A/S v. De Danske Statsbaner). პრაქტიკაში აღიარებულია დისკრიმინაციული პირობების სხვა ფორმებიც. მაგალითად, საფრანგეთის კონკურენციის ორგანომ დააჯარიმა EssilorLuxottica (გადაწყვეტილება №21-D-19), რომელიც მაკორექტირებელი ლინზების საბითუმო ბაზარზე დომინანტი მოთამაშეა, 12 წლის განმავლობაში განხორციელებული დისკრიმინაციული პრაქტიკისთვის. აღნიშნული ქმედება აფერხებდა ონლაინ გაყიდვების განვითარებას და ბაზარზე მაღალ ფასებს ინარჩუნებდა. Essilor-მა ელექტრონული კომერციის ოპერატორებისთვის დააწესა დისკრიმინაციული შეზღუდვები პროდუქციის მიწოდების, კომუნიკაციისა და საგარანტიო პირობების კუთხით.

ევროკავშირში დისკრიმინაციული პრაქტიკის აკრძალვის მიზანია შიდა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის დაცვა, მათ შორის, დომინანტური საწარმოს მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის (საქმეები: C-95/04 P British Airways v. Commission და C-525/16 MEO - Serviços de Comunicações e Multimédia SA). აკრძალვა ასევე ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც იდენტური პირობები გამოიყენება სხვადასხვა ხასიათის ტრანზაქციებზე, რაც სავაჭრო პარტნიორებს არათანაბარ კონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს (საქმე: COMP/A.36.568/D3 Scandlines Sverige v. Port of Helsingborg). დისკრიმინაციის ფაქტი, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, არ წარმოადგენს ერთადერთ ფაქტორს 102-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბოროტად გამოყენების დასადასტურებლად.

სამართლებრივი ჩარჩო ბოროტად გამოყენების დასადგენად მოითხოვს შემდეგი ელემენტების არსებობას:

დისკრიმინაციული ქცევა: დისკრიმინაციული ქცევის იდენტიფიცირება საჭიროებს დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ სხვადასხვა კლიენტის მიმართ გამოყენებული მიდგომების შედარებით ანალიზს და ამ უთანასწორობის სიღრმისეულ შემოწმებას (საქმე: C-52/07 Kanal 5 Ltd, TV 4 AB v. Föreningen Svenska);

კონკურენტული ურთიერთობების დარღვევა: მხოლოდ დისკრიმინაციული ქცევის არსებობა არ არის საკმარისი; აუცილებელია იმის დემონსტრირება, თუ როგორ ამახინჯებს აღნიშნული ქმედება კონკურენციის დინამიკას. არსებითად, ეს გულისხმობს მტკიცებას, რომ ქცევა აუარესებს ზოგიერთი ბიზნესპარტნიორის კონკურენტულ პოზიციას სხვებთან შედარებით, დომინანტი ეკონომიკური აგენტის პერსპექტივიდან (საქმე: C-525/16 MEO - Serviços de Comunicações e Multimédia SA).

დისკრიმინაციული ქცევის ობიექტური გამართლების დასაბუთებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი ეკისრება დომინანტ საწარმოს. ამის შემდგომ, მტკიცების ტვირთი გადადის ევროკომისიაზე, რომელმაც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დასადგენად უნდა აჩვენოს, რომ საწარმოს მიერ მოყვანილი არგუმენტები და მტკიცებულებები არ არის რელევანტური და, შესაბამისად, წარმოდგენილი დასაბუთება ვერ იქნება მიღებული (საქმე: T-301/04 Clearstream Banking AG v. Commission [2009]).

შეერთებულ შტატებში დისკრიმინაციული პრაქტიკა ძირითადად შერმანის აქტის რეგულირების სფეროში ექცევა. გარკვეულ გარემოებებში, შერმანის აქტის მე-2 მუხლი მონოპოლისტებს ავალდებულებს არადისკრიმინაციული სავაჭრო პრაქტიკის წარმოებას. აშშ-ის ანტიტრასტულ სამართალსა და ევროპულ კანონმდებლობას შორის დისკრიმინაციული ქცევის სამართლებრივი შეფასების კუთხით არსებითი განსხვავებებია. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ლეგიტიმური გზით მოპოვებული მონოპოლიური ძალაუფლების მქონე კომპანიას აქვს თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს საფასო პოლიტიკა და შეუძლია შეზღუდოს წარმოება ფასების გაზრდის მიზნით. მიდგომებს შორის მსგავსი სხვაობა განპირობებულია კონკურენციის ორგანოების განსხვავებული პრიორიტეტებით, სასამართლო ინტერპრეტაციების თავისებურებებითა და სამართლებრივი ფილოსოფიის ნიუანსებით.

გარდა ამისა, რობინსონ-პატმანის აქტი, რომელიც წარმოადგენს აშშ-ის კლეიტონის აქტის შესწორებას, სპეციალურად შემუშავდა იმგვარი უსამართლო საფასო დისკრიმინაციის ასაკრძალავად, რომელიც ზიანს აყენებს კონკურენციას. რობინსონ-პატმანის აქტი უშუალოდ ფასისმიერ დისკრიმინაციას ეხება, ხოლო შერმანის აქტი ფოკუსირებულია მონოპოლიზაციაზე ბაზრიდან განდევნისკენ მიმართული ქცევის (Exclusionary Conduct) გზით. შესაბამისად, რობინსონ-პატმანის აქტის მიდგომა ფასისმიერი დისკრიმინაციის შემთხვევებისადმი, განსაკუთრებით პირველადი ზიანის კონტექსტში, შეესაბამება იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც შერმანის აქტით გათვალისწინებული ბაზრიდან განდევნის შემთხვევებისთვის არსებობს (საქმე: Brooke Group Ltd. v. Brown & Williamson Tobacco Corp., 509 U.S. 209 (1993)).

რობინსონ-პატმანის აქტის სავარაუდო დარღვევისას არსებობს სამართლებრივი დაცვის ორი მექანიზმი: (1) ფასებს შორის სხვაობა გამოწვეულია წარმოების, რეალიზაციის ან მიწოდების განსხვავებული დანახარჯებით (მაგ. მოცულობითი ფასდაკლება); ან (2) ფასდათმობა განხორციელდა კეთილსინდისიერად, კონკურენტის მიერ შეთავაზებული ფასის გასათანაბრებლად.

ციფრულ სექტორში დისკრიმინაციული პრაქტიკის ზრდასთან ერთად, აშშ-ში ინიციირებულ იქნა რობინსონ-პატმანის აქტის მსგავსი კანონპროექტი - „ამერიკული ინოვაციებისა და ონლაინ არჩევანის შესახებ აქტი“ (AICOA). მისი მიზანია მსხვილი ციფრული პლატფორმების მხრიდან დისკრიმინაციული ქმედებების პრევენცია, როგორიცაა საკუთარი პროდუქციისთვის უპირატესობის მინიჭება და პლატფორმაზე კონკურენტი პროდუქტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. კანონპროექტი მიზნად ისახავს ციფრულ სივრცეში მცირე ბიზნესისთვის თანაბარი კონკურენტული პირობების შექმნას.

ინდოეთი

ინდოეთში დისკრიმინაციული პრაქტიკა რეგულირდება 2002 წლის კონკურენციის შესახებ აქტის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც მოიცავს როგორც საფასო [4(2)(a)(ii)], ისე არასაფასო [4(2)(a)(i)] პირობებს. აღნიშნული დებულებების თანახმად, დომინანტი სუბიექტის მიერ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისა თუ რეალიზაციისას „უსამართლო“ ან „დისკრიმინაციული“ ფასების ან პირობების პირდაპირ თუ ირიბად დაწესება წარმოადგენს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის დათქმა ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევას: დისკრიმინაციული პირობები ან ფასები არ განიხილება დარღვევად, თუ ისინი დაწესებულია კონკურენციასთან გასამკლავებლად.

2002 წლის კონკურენციის შესახებ აქტი მკაცრად არ განსაზღვრავს ტერმინს - „დისკრიმინაციული პრაქტიკა“; ნაცვლად ამისა, ტერმინის მოქმედების ფარგლები დგინდება ინდივიდუალურად, თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. საწარმოს სამართლებრივი დაცვის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ აღნიშნული ქცევა განპირობებული იყო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე რეაგირების საჭიროებით (საქმეები: Re: XYZ and Association of Man Made Fiber Industry of India and Ors., No. 62, 2016 და Google LLC v. Competition Commission of India, სააპელაციო ტრიბუნალი, No. 1, 2023).

პრაქტიკაში, ინდოეთის კონკურენციის კომისიამ ობიექტური გამართლება სამართლებრივი დაცვის მექანიზმად აღიარა. მაგალითად, სხვადასხვა მომხმარებლისთვის დიფერენცირებული ფასების დაწესების კონტექსტში, კომისიამ დაადგინა, რომ შესყიდვების მოცულობის საფუძველზე უკეთესი ფასდაკლების შეთავაზება წარმოადგენს ობიექტურ გამართლებას და არ ეწინააღმდეგება კონკურენციის შესახებ აქტს (საქმე: M/s ESYS Information Technologies Pvt. Ltd. v. Intel Corporation & Ors., 2011 წლის No. 48).

ინდოეთში, კონკურენციის შესახებ აქტის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის დასადგენად, სამართლებრივი ჩარჩო შემდეგი ელემენტების არსებობას მოითხოვს: პირობების დაწესება: პირველი აუცილებელი ელემენტია პირობების იძულებითი ხასიათი, როდესაც მხარეს არ გააჩნია არჩევანის თავისუფლება (საქმე: DLF Limited v. CCI, 2011 წლის COMPAT აპელაცია No. 20).

დისკრიმინაციული პირობა: მეორე აუცილებელი ელემენტია უშუალოდ დისკრიმინაციული პირობის არსებობა. მის დასადგენად საჭიროა ორი ფაქტორის დემონსტრირება (საქმე: Schott Glass India Pvt Ltd v. CCI, COMPAT აპელაცია No. 91-92, 2012): უნდა დადასტურდეს, რომ იდენტური გარიგებები განიხილება განსხვავებულად; სახეზე უნდა იყოს კონკურენციის დინამიკისთვის მიყენებული რეალური ან სავარაუდო ზიანი.

დაბოლოს, კონკურენციაზე რეაგირების მიზნით მიღებული პირობები ან ფასები არ განიხილება დისკრიმინაციულად. ვინაიდან ინდოეთის კონკურენციის შესახებ აქტის მე-4(2)(a) მუხლი შინაარსობრივად ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 102(a) მუხლის ანალოგიურია, CCI ხშირად ევროპულ პრაქტიკაში დამკვიდრებულ მიდგომებს ეყრდნობა.