ევროკავშირის საერთო სასამართლოს სამდივნო (REGISTRY OF THE GENERAL COURT OF THE EUROPEAN UNION)

კომენტარი

სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი (რეგისტრატორი), რომელსაც საერთო სასამართლოს (GC) მოსამართლეები 6 წლის ვადით ირჩევენ. უფლებამოსილების განხორციელებამდე სამდივნოს უფროსი დებს ფიცს, რომელიც გათვალისწინებულია „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დებულების შესახებ“ ოქმის მე-2 მუხლით.

სამდივნო სრულყოფილად მონაწილეობს სასამართლოს საქმიანობაში. მისი ამოცანები ექსპლიციტურად არ არის ჩამოყალიბებული დებულებაში, რეგლამენტსა თუ მართლმსაჯულების განხორციელების პრაქტიკულ ინსტრუქციებში (PRI), თუმცა მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია სამდივნოს უფროსისათვის დაკისრებული იმ პასუხისმგებლობებიდან, რომლებიც აღწერილია რეგლამენტსა და PRI-ში.

სამდივნოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები დადგენილია რეგლამენტის 32-39-ე მუხლებით, რომლებსაც ავსებს PRI-ის 1-ლი პუნქტი. სამდივნოს მიერ გაწეული მომსახურება ორ ძირითად მიზანს ემსახურება: იმოქმედოს, როგორც მხარეებს შორის (წევრი სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების ადვოკატები და აგენტები) კომუნიკაციის ექსკლუზიურმა რგოლმა სასამართლო პროცესის განმავლობაში, გარდა უშუალო მოსმენებისა (გარე ფუნქცია) და გაუწიოს პირდაპირი დახმარება საერთო სასამართლოს 54 მოსამართლეს, ასევე შეასრულოს აქტიური როლი ინსტიტუციის ფუნქციონირებაში (შიდა ფუნქცია).

4 ძირითადი მიზანი - სამდივნოს წვლილი მართლმსაჯულების ეფექტიან ადმინისტრირებაში ოთხ მთავარ პრიორიტეტზეა ორიენტირებული:

მხარეთა წარმომადგენლებსა და მოსამართლეებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. სამდივნო იღებს, გადასცემს და ინახავს ყველა საპროცესო დოკუმენტს, ასევე ახორციელებს რეგლამენტით გათვალისწინებულ აუცილებელ ღონისძიებებს დოკუმენტაციის ჩაბარების (მომსახურების) მიზნით.

სამართალწარმოების ჯეროვანი წარმართვის უზრუნველყოფა. სამდივნო განიხილავს საერთო სასამართლოს წინაშე წარდგენილ ყველა საპროცესო დოკუმენტს (2023 წელს დამუშავდა 11,729 დოკუმენტი, 2022 წლის 10,412-თან შედარებით). აღნიშნული პროცესი მოიცავს შემდეგ ქმედებებს: ფორმალურ მოთხოვნებთან და სხვა პირობებთან შესაბამისობის შემოწმებას; დოკუმენტების წინასწარ ანალიზს (2023 წელს დამუშავდა 1,271 სარჩელი, 2022 წლის 904-თან შედარებით), რაც გულისხმობს იურისდიქციისა და დასაშვებობის პირობების გადახედვას; დოკუმენტების რეგისტრაციას (2023 წელს გატარდა 62,019 ჩანაწერი, 2022 წლის 60,691-თან შედარებით); საქმის მასალებში განთავსებას; შესაბამისი მოსამართლეთა პალატებისთვის გადაცემას, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების პროექტებთან ერთად (2023 წელს პალატებში საქმეთა განხილვისას მიმოიცვალა 14,615 ციფრული გადაცემის ფურცელი); ასევე, დოკუმენტაციის თარგმნისა და ავთენტიფიკაციის მოთხოვნას.

მოსამართლეებისა და მათი აპარატისათვის ტექნიკური და სამართლებრივი დახმარების გაწევა. სამდივნო ხელს უწყობს საპროცესო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას ერთგვაროვანი მიდგომის შენარჩუნებას, საპროცესო განჩინებების მომზადებას და მოსამართლეთა დახმარებას პალატების ადმინისტრაციული შეხვედრებისას (ცნობილია როგორც „პალატის თათბირი“) და ზეპირი მოსმენების დროს. საერთო სასამართლოს ადმინისტრირებაში წვლილის შეტანა. აღნიშნული ფუნქცია ხორციელდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დეპარტამენტების მხარდაჭერით. ამ მიზნით, სამდივნოს უფროსი ესწრება საერთო სასამართლოს სხდომებს და ჩართულია შიდა კომიტეტების მუშაობაში. გარდა ამისა, სამდივნოს უფროსი და მისი წარმომადგენლები მონაწილეობენ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს სხვადასხვა ორგანოს საქმიანობაში. სამდივნო არ აკონტროლებს საერთო სასამართლოში შესული, დასრულებული ან მიმდინარე საქმეების საპროცესო დოკუმენტების რაოდენობას. მას ევალება ყველა საპროცესო დოკუმენტის დამუშავება ევროკავშირის 24 ოფიციალურ ენაზე და მხარეთა წარმომადგენლებთან კომუნიკაცია (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით) საქმისწარმოების ენაზე.

სამართალწარმოების ყველა ეტაპი - სარჩელის შეტანიდან საბოლოო გადაწყვეტილების ჩაბარებამდე (რომელიც ხელმოწერილია და ინახება ელექტრონულად) - 2005-2022 წლებში ეტაპობრივად დემატერიალიზდა. 2018 წლის 1 დეკემბრიდან, სამდივნოსა და მხარეთა წარმომადგენლებს შორის წერილობითი კომუნიკაცია პირდაპირი სარჩელების დროს ხორციელდება ექსკლუზიურად ელექტრონული ფორმატით, e-Curia აპლიკაციის მეშვეობით. სასამართლო სხდომები (მოსმენები) შესაძლოა ჩატარდეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვით.

კონკურენციის სამართალი (კარტელები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონცენტრაციები) და სახელმწიფო დახმარების შესახებ კანონმდებლობა წარმოადგენს იმ 40-ზე მეტი სფეროდან ორ საკვანძო მიმართულებას, რომლებსაც საერთო სასამართლო და მისი სამდივნო განიხილავენ. ამ სფეროებში საქმეების მონიტორინგს ახორციელებენ სამდივნოს ის ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შესაბამის საქმისწარმოების ენებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ურთიერთდაკავშირებული სარჩელები (მაგალითად, კარტელური გარიგების საქმეები კომისიის ერთი და იმავე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ) წარდგენილია სხვადასხვა საპროცესო ენაზე, სამდივნოში იქმნება სპეციალური სისტემა პროცესების კოორდინირებული მართვის უზრუნველსაყოფად.

კონფიდენციალურობის საკითხების მართვა - კონკურენციის სფეროში სამართალწარმოება ხშირად მოიცავს კონფიდენციალურობის დაცვის ასპექტებს, რაც სამდივნოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს მოიცავს: საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან პერსონალური თუ სენსიტიური მონაცემების ამოღების (გამოტოვების) მოთხოვნებს; კონფიდენციალურობის დაცვას ძირითად მხარეებს შორის (გამოძიების ღონისძიებების შემდგომ); ასევე, კონფიდენციალურობის მოთხოვნას მესამე პირთა (პროცესში ჩამრევი მხარეების) ან გაერთიანებულ საქმეში მონაწილე სხვა მხარეების მიმართ. შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის პირობები შესაძლოა დარეგულირდეს სპეციალური შეთანხმებით კონფიდენციალურობის შესახებ. სამდივნო უზრუნველყოფს მხარეთა წარმომადგენლებსა და საქმის განმხილველ მოსამართლეებს შორის დოკუმენტების კონფიდენციალური და არაკონფიდენციალური ვერსიების მიმოცვლას, ასევე საქმის მასალების სისტემატურ განახლებას.

მნიშვნელოვან საქმეებზე სასამართლო სხდომების (მოსმენების) ორგანიზება - სამდივნო პასუხისმგებელია მხარეთა წარმომადგენლების გამოძახებაზე, მათთვის სხდომის ანგარიშისა და საერთო სასამართლოს მიერ დასმული კითხვების გაცნობაზე (ვიდეოკონფერენციის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელი ტექნიკური ღონისძიებების გათვალისწინებით). იგი დახმარებას უწევს მოსამართლეებს სხდომის მიმდინარეობისას და ადგენს სხდომის ოქმს. ფართომასშტაბიან ან ურთიერთდაკავშირებულ საქმეთა სერიის განხილვისას, სამდივნომ შესაძლოა გაატაროს სპეციალური ღონისძიებები სასამართლო მოსმენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით.

2023 წელს საერთო სასამართლოში გასაჩივრდა 419 საქმე, მათ შორის - 26 კონკურენციის სამართლისა და 88 სახელმწიფო დახმარების შესახებ დავა. მაგალითად, სამდივნოს უფროსი (რეგისტრატორი) დახმარებას უწევს მოსამართლეებს, როდესაც სასამართლო წყვეტს მხარეთა წარმომადგენლებთან წინასასამართლო თათბირის გამართვას. აღნიშნული შეხვედრის მიზანია გარკვეული საკითხების დაზუსტება და სასამართლო სხდომის (მოსმენის) მაქსიმალურად ინტერაქტიულ რეჟიმში წარმართვა. თათბირის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: მხარეთა გამოსვლის ხანგრძლივობა და თანმიმდევრობა, საპროცესო კატეგორიების მიხედვით განსახილველი თემები, ნებისმიერი საპროცესო ინციდენტი და საჯაროობის კონტექსტში ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მექანიზმები.

ასევე, შესაძლოა გადაწყდეს პრაქტიკული საკითხები, მათ შორის - საქმის მასალების უსაფრთხო შენახვა მოსმენის პერიოდში ან მხარეთა წარმომადგენლებისთვის სამუშაო სივრცეების გამოყოფა. გარდა ამისა, სამდივნო ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს სასამართლოს სხვადასხვა დეპარტამენტთან (თარჯიმნები, მანდატურები, დაცვისა და კომუნიკაციების სამსახურები, მულტიმედია ჯგუფი) და მომხსენებელი მოსამართლის აპარატთან კოორდინაციის მიზნით, რათა უზრუნველყოს სასამართლო სხდომების შეუფერხებელი და გამართული მიმდინარეობა.