ევროპული კონკურენციის ქსელი შეიქმნა როგორც ფორუმი ევროპის კონკურენციის ორგანოების დისკუსიისა და თანამშრომლობისთვის იმ საქმეებზე, სადაც ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101-ე და 102-ე მუხლები გამოიყენება. ქსელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოს ეფექტიანი გაყოფა და ევროკავშირის კონკურენციის წესების ქმედითი და ერთგვაროვანი აღსრულება. ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონკურენციის ორგანოები ECN-ის ფარგლებში ერთმანეთთან რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობენ:
ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას ახალი საქმეებისა და დაგეგმილი სააღსრულებო გადაწყვეტილებების შესახებ;
საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციას უწევენ მოკვლევის პროცესს;
ეხმარებიან ერთმანეთს მოკვლევის განხორციელებაში;
ცვლიან მტკიცებულებებსა და სხვა სახის ინფორმაციას;
ერთობლივად განიხილავენ საერთო ინტერესის მქონე სხვადასხვა აქტუალურ საკითხს.
ევროპული კონკურენციის ქსელის მიზანია ეფექტიანი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რათა ევროკავშირის კონკურენციის სამართალი აღსრულდეს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ეწევიან კონკურენციის შემზღუდველ და, შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესების საზიანო ტრანსსასაზღვრო ბიზნესპრაქტიკას. ECN-ის ფუნქციონირების ფუნდამენტური საფუძვლები გაწერილია „კომისიის შეტყობინებაში კონკურენციის ორგანოების ქსელში თანამშრომლობის შესახებ“ და „საბჭოსა და კომისიის ერთობლივ განცხადებაში კონკურენციის ორგანოების ქსელის ფუნქციონირების შესახებ“.
ECN-ის შიგნით, კონკრეტული სექტორების ექსპერტთა ჯგუფები (საბანკო საქმე, ფასიანი ქაღალდები, ენერგეტიკა, დაზღვევა, სურსათი, ფარმაცევტიკა, პროფესიული მომსახურება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ტელეკომუნიკაციები, მედია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და კავშირგაბმულობა, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონკურენციის მთავარი ეკონომისტები და რკინიგზა) აქტიურად განიხილავენ საკონკურენციო პრობლემებს და ნერგავენ ერთიან მიდგომებს. ამ გზით, ECN საკონკურენციო უწყებებს აძლევს შესაძლებლობას, გააერთიანონ თავიანთი გამოცდილება და გამოავლინონ საუკეთესო პრაქტიკა. © ევროკომისია
№1/2003 რეგულაციამ შემოიღო პარალელური კომპეტენციების სისტემა. ამ მოდელით, ევროკომისიასა და კონკურენციის ეროვნულ ორგანოებს (NCA) თანაბარი უფლებამოსილება აქვთ, სრულად გამოიყენონ TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლები. ამავე რეგულაციით შეიქმნა ევროპული კონკურენციის ქსელი (ECN), რომელიც კომისიისა და ეროვნული უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის პლატფორმაა. მისი მიზანია კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი, თანმიმდევრული გამოყენება და საქმეების რაციონალური გადანაწილება.
ECN-ის ფუნქციონირების ფუნდამენტური პრინციპები გაწერილია ორ მთავარ დოკუმენტში: „კომისიის შეტყობინებაში კონკურენციის ორგანოების ქსელში თანამშრომლობის შესახებ“ და „საბჭოსა და კომისიის ერთობლივ განცხადებაში“. აღსანიშნავია, რომ DHL-ისა და Pfleiderer-ის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ECN-ის წესები არ აწესებს იურიდიულად სავალდებულო ნორმებს ეროვნული ორგანოებისა თუ სასამართლოებისთვის.
ეს ქსელი პასუხისმგებელია მოკვლევის პროცესში სამუშაოს სწორად გაყოფაზე. მისი წევრები შეთანხმდნენ ფუნქციების გაზიარების მოქნილ და არასავალდებულო მექანიზმებზე. ECN-ის შეტყობინება ადგენს კრიტერიუმებს, თუ როდის ითვლება ქსელის ესა თუ ის წევრი საქმის განსახილველად კომპეტენტურ ორგანოდ. ამასთან, არც №1/2003 რეგულაცია და არც ECN-ის დოკუმენტები ეკონომიკურ აგენტებს არ ანიჭებს უფლებას ან ლეგიტიმურ მოლოდინს იმის თაობაზე, რომ მათ საქმეს მაინცდამაინც კონკრეტული უწყება განიხილავს.
ეროვნული ორგანოები და ევროკომისია ქსელის ფარგლებში რამდენიმე ინსტრუმენტით თანამშრომლობენ:
ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას ახალი საქმეებისა და დაგეგმილი გადაწყვეტილებების შესახებ;
ცვლიან მტკიცებულებებსა და სხვა მონაცემებს;
ეხმარებიან ერთმანეთს მოკვლევის პროცესში;
ერთობლივად განიხილავენ კონკურენციის სამართლის აქტუალურ საკითხებს.
მოკვლევის ადრეულ ეტაპზევე, კომისიამ და ეროვნულმა უწყებებმა, რეგულაციის მე-11 მუხლის თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ერთმანეთს საქმის დაწყება. ეს აუცილებელია საქმეების სწრაფი და ეფექტიანი (ხელახალი) გადანაწილებისთვის.
ამავე რეგულაციის 11(4) მუხლით, ეროვნული ორგანოები ვალდებულნი არიან, დაგეგმილი სააღსრულებო გადაწყვეტილების შესახებ კომისიას მის მიღებამდე სულ მცირე 30 დღით ადრე შეატყობინონ. ეს კონსულტაცია გადამწყვეტია ევროკავშირის საკონკურენციო წესების ერთგვაროვანი გამოყენებისთვის. ვინაიდან ეს პროცესი მხოლოდ ქსელის შიდა პროცედურაა, გაცვლილი ინფორმაცია „შიდა დოკუმენტაციად“ მიიჩნევა და მისი ECN-ის გარეთ გაზიარება აკრძალულია.
რეგულაციის მე-12 მუხლის საფუძველზე, უწყებებს შეუძლიათ გაცვალონ ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის დოკუმენტები და ციფრული მონაცემები, და გამოიყენონ ისინი საკუთარ მოკვლევებში. გარდა ამისა, წესების აღსრულებისას, ერთმა უწყებამ შეიძლება სთხოვოს მეორეს, მისი სახელით ჩაატაროს ადგილზე ინსპექტირება ან სხვა ფაქტების დამდგენი ღონისძიებები, როგორიცაა ინფორმაციის გამოთხოვა ან გამოკითხვა.
დროთა განმავლობაში ქსელში სხვადასხვა ფორუმი ჩამოყალიბდა, სადაც წევრები საკითხებს რამდენიმე დონეზე განიხილავენ:
კონკურენციის ორგანოების ხელმძღვანელების შეხვედრები (ე.წ. DGs meetings);
ECN-ის სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იურიდიულ, ეკონომიკურ თუ პროცედურულ ჰორიზონტალურ საკითხებზე მუშაობენ;
დარგობრივი ქვეჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ სექტორებს სწავლობენ. ამ ფორუმებზე მიმდინარეობს ნაყოფიერი დისკუსიები, აზრთა გაცვლა და საერთო მიდგომების შემუშავება.
შექმნის დღიდან ECN აქტიურად გამოსცემს განცხადებებს, ანგარიშებს, რეზოლუციებს, საუკეთესო პრაქტიკის ნიმუშებსა და რეკომენდაციებს. ამის მაგალითია 2021 წლის ერთობლივი განცხადება კორონავირუსის კრიზისის დროს კონკურენციის სამართლის გამოყენების შესახებ და ECN-ის 2012 წლის სამაგალითო (მოდელური) „ლენიენსის“ (სასჯელისგან გათავისუფლების/შემსუბუქების) პროგრამა. ECN-ის ეს დოკუმენტები ასახავს ქსელის ერთიან პოზიციას და ძირითადად ადვოკატირების ინსტრუმენტად გამოიყენება.