ეკვივალენტობის პრინციპი მოითხოვს, რომ ევროკავშირის სამართალზე დაფუძნებული სარჩელებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ზუსტად ისეთივე სამართლებრივი დაცვის საშუალებები და საპროცესო წესები, სადაც გათვალისწინებულია წმინდა შიდასახელმწიფოებრივი (ეროვნული) ხასიათის ანალოგიური სარჩელებისთვის. © EUR Lex
საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის ეფექტიანი ხელშეწყობისთვის, ეროვნული კანონმდებლობების ჰარმონიზაცია საუკეთესო ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციების ფარგლებში გამოიყენება. ჰარმონიზაციის მიზანი საერთაშორისო ბაზარზე საკანონმდებლო სტანდარტიზაციის მიღწევაა. მიუხედავად ამისა, სრული ჰარმონიზაცია, ლეგიტიმური მიზეზების გამო, შესაძლოა პრაქტიკულად მიუღწეველი ან არასასურველიც კი იყოს. შესაბამისად, საერთაშორისო სამართალში ურთიერთაღიარებისა და ეკვივალენტობის პრინციპები თანამშრომლობის ხელშემწყობ ძირითად მექანიზმებად გამოიყენება. ამ კონტექსტში, ეკვივალენტობის მიღწევის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს მარეგულირებელი მიზნების განსაზღვრა და იმ მინიმალური სტანდარტის დადგენა (მაგალითად, დაცვის მინიმალური დონე), რომელსაც ეროვნული კანონმდებლობა უნდა აკმაყოფილებდეს. აღნიშნული აქტუალურია ევროკავშირის სამართლის კონტექსტშიც, რაც განაპირობებს იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო თავიდანვე ერთობლივად განიხილავდა ეკვივალენტობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებს.
უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის სამართალში ეკვივალენტობის პრინციპი ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ევროკავშირის სამართლებრივ საკითხებს არ მიანიჭონ ნაკლებად ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე წმინდა შიდასახელმწიფოებრივ საკითხებს. ეს სამართლებრივი პრინციპი ECJ-მ ჩამოაყალიბა მაშინ, როდესაც - განსაკუთრებით საქმეზე Comet (1976) - აშკარა გახდა, რომ არსებითი (პირდაპირი მოქმედების მქონე) ევროკავშირის სამართლის სათანადო იმპლემენტაციისთვის მთავარ დაბრკოლებას ეროვნული საპროცესო ნორმების გამოყენების შედეგად ევროკავშირის სამართლებრივი საკითხების დისკრიმინაცია წარმოადგენდა“.„ჯერ კიდევ საქმეზე Rewe (1976), ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განმარტა, რომ იდენტური სამართლებრივი სიტუაციები არ შეიძლება დაექვემდებაროს განსხვავებულ მოპყრობას, თუ აღნიშნული უთანასწორობა ობიექტურად არ არის დასაბუთებული. ეს ეხება შემთხვევებსაც, როდესაც წევრი სახელმწიფოების შიდა სამართლებრივი სისტემები ვალდებულნი არიან მოახდინონ კომპეტენტური სასამართლოების იდენტიფიცირება და/ან იმ პროცედურული პირობების განსაზღვრა, რომლებიც არეგულირებენ მოქალაქეთა უფლებების დაცვას ევროკავშირის სამართლის პირდაპირი მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე.
აღნიშნული „პირობები“, მაშინაც კი, თუ ისინი წევრი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობით არის დეფინირებული, არ შეიძლება იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე წმინდა „შიდასახელმწიფოებრივი ხასიათის“ ანალოგიურ მოთხოვნებთან დაკავშირებული წესები (Rewe, პუნქტები 5-6). ევროკავშირის სამართალში ეკვივალენტობის პრინციპი მჭიდროდ არის დაკავშირებული თანაბარი მოპყრობის ზოგად პრინციპთან და მისგან გამომდინარე დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმასთან.
ეკვივალენტობის პრინციპი ეფუძნება საკვანძო იდეას - ჩამოყალიბებულს Rewe-ს გადაწყვეტილებაში (1976) - რომლის თანახმადაც, ევროკავშირის სამართლის პირდაპირი მოქმედების შედეგად ინდივიდებისათვის მინიჭებული უფლებების დაცვის „ინსტრუმენტები“ არ უნდა იყოს შემუშავებული არასათანადოდ. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში განხილული საქმეები უმეტესად ეხება არაპირდაპირ დისკრიმინაციას, როდესაც ეროვნულ კანონმდებლობაში არსებობს განსხვავებული საპროცესო რეჟიმები იმისდა მიხედვით, დავის საგანი შიდასახელმწიფოებრივ თუ კავშირის სამართალს განეკუთვნება. ორიგინალური „Rewe-ფორმულის“ საფუძველზე, ეკვივალენტობის პრინციპის შინაარსი და მნიშვნელობა ეტაპობრივად განიმარტა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაში. ამ პრინციპის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი 1990-იან წლებს უკავშირდება. საქმეზე Levez (1998 წ.), სასამართლომ ჩამოაყალიბა ერთგვარი სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეროვნულმა სასამართლოებმა ეკვივალენტობის პრინციპი:
ეკვივალენტობის პრინციპი მოითხოვს, რომ განსახილველი ნორმა გამოიყენებოდეს იდენტურად, მიუხედავად იმისა, დავის საგანი ევროკავშირის სამართლის თუ ეროვნული კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევაა, თუკი სარჩელის მიზანი და საფუძველი ანალოგიურია (Levez, პუნქტი 41);
ეკვივალენტობის პრინციპი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, თითქოს ის წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებდეს, სამართლის გარკვეულ სფეროში არსებული ყველაზე ხელსაყრელი შიდასახელმწიფოებრივი წესები განავრცონ ყველა ტიპის სამართლებრივ მოქმედებაზე (Levez, პუნქტი 42);
იმის დასადგენად, დაცულია თუ არა ეკვივალენტობის პრინციპი, ეროვნულმა სასამართლომ - რომელიც უშუალოდ ფლობს ინფორმაციას სამართლის სხვადასხვა სფეროში მოქმედი საპროცესო წესების შესახებ - უნდა განიხილოს შიდასახელმწიფოებრივი სარჩელების მიზნები და არსებითი მახასიათებლები მათი მსგავსების დასადგენად (Levez, პუნქტი 43).
იმის დასადგენად, არის თუ არა ეროვნული საპროცესო ნორმა ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ანალოგიური შიდასახელმწიფოებრივი სარჩელების მარეგულირებელი წესები, ეროვნულმა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მოცემული დებულების როლი მთლიან პროცედურაში, ამ პროცედურის მიმდინარეობა და სხვადასხვა ეროვნული სასამართლოების სპეციფიკური მახასიათებლები (Levez, პუნქტი 44). მოგვიანებით სასამართლომ დააზუსტა, რომ ეროვნულმა სასამართლომ აღნიშნული გარემოებები „ობიექტურად და აბსტრაქტულად“ უნდა გადაამოწმოს (Preston, 2000, პუნქტი 63).
დასკვნის სახით, იმ კონტექსტში, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც „ევროკავშირის სასამართლო ფედერალიზმი“ (Wells, 2017), ეკვივალენტობის პრინციპი დიდწილად განსაზღვრავს ეროვნულ და ევროკავშირის სასამართლოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის ხარისხს. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ჯერ კიდევ Rewe-ს გადაწყვეტილებაში (პუნქტი 5) პირდაპირ მიუთითა გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპზე, რომელიც განმტკიცებული იყო ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის (EEC) დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლში (ამჟამად - ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (TEU) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი).
ვითარება განსხვავებულია შეერთებული შტატების კონტექსტში, სადაც არ არსებობს ისეთი „სასამართლო ფედერალიზმი“, რომელიც ევროკავშირის მსგავსად წევრი სახელმწიფოების სასამართლოებს ავალდებულებს ფედერალური სამართლის საკითხების უმეტესობის განხილვას. აშშ-ში მოქმედებს „ქვედა ფედერალური სასამართლოების ქსელი“ (Wells, 2017), რომელიც უშუალოდ განიხილავს ფედერალური კანონმდებლობიდან გამომდინარე დავებს. რაც მთავარია, აშშ-ის უზენაეს სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, გადახედოს როგორც ფედერალური, ისე შტატის სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომლებიც ფედერალურ სამართალს ეხება. სავარაუდოდ, სწორედ ეს ინსტიტუციური მოწყობაა იმის მიზეზი, რომ შეერთებულ შტატებში ეკვივალენტობის მსგავსი პრინციპი არ ჩამოყალიბებულა“.