ეკოსისტემური ჩავარდნები იწვევს ახალი ტიპის არაეფექტიანობას, რომელიც დაკავშირებულია კონკურენტულ და კოოპერაციულ დინამიკასთან; ეს უკანასკნელი განსხვავდება კონკურენციის სამართლის ტრადიციული საგნისგან. აღნიშნული მოიცავს შემთხვევებს, როდესაც ადგილი აქვს არასრულფასოვანი პროდუქტის მიწოდებას ეკოსისტემის მონაწილეთა სტიმულების დისბალანსის გამო, ან როდესაც გენერირებული ღირებულება ნაწილდება იმგვარად, რომ ვერ უზრუნველყოფს ეკოსისტემის ერთი ან რამდენიმე მონაწილის ჯეროვან ანაზღაურებას. ეკოსისტემური ჩავარდნების ანალიზი ეფუძნება ეკოსისტემურ მიდგომას, რომელიც კონკურენციის შეფასების რელევანტურ სფეროდ განიხილავს სხვადასხვა კომპლემენტარული პროდუქტებისა და აფილირებული კომპანიების ერთობლიობას. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის „ციფრული ბაზრების აქტი“ (DMA), რომელიც არეგულირებს ციფრულ პლატფორმებს, პირდაპირ არ იყენებს ტერმინს ეკოსისტემური ჩავარდნა, იგი მთელი ტექსტის მანძილზე მრავალგზის მიუთითებს ეკოსისტემებში წარმოშობილ ახალი ტიპის ზიანზე.
„ციფრული ბაზრების აქტი“ განიხილავს, მაგალითად, კონტროლს პლატფორმულ ეკოსისტემებზე, როგორც სხვა მოთამაშეებისთვის ბაზარზე შესვლის შესაძლო არაეფექტიან სტრუქტურულ ბარიერს. ასევე, აქტი მიუთითებს რეესტრის მმართველების შესაძლებლობაზე, გამოიყენონ საკუთარი დომინანტური მდგომარეობა ეკოსისტემაში, რათა მესამე მხარის წევრებს შეუქმნან პლატფორმის ძირითად სერვისებზე წვდომის არათანაბარი და პოტენციურად არაეფექტიანი პირობები. კერძოდ, DMA-ის მე-5 და მე-6 მუხლები განსაზღვრავს რეესტრის მმართველების პოტენციურად საზიანო ქმედებებს და აკისრებს მათ კონკრეტულ ვალდებულებებს (Dos and Donts) - თავი შეიკავონ მსგავსი ქცევისგან ან აღმოფხვრან არსებული ბარიერები.
Google Android-ის საქმეში (2018), ევროკომისიამ დაადგინა, რომ Google-მა ბოროტად გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა Android-ის აპლიკაციების მაღაზიების გლობალურ ბაზარზე. კომისიამ ყურადღება გაამახვილა დისტრიბუციული ჩავარდნის პოტენციურ რისკებზე და აღნიშნა, რომ Google-ის მიერ დომინანტური მდგომარეობის ექსპლუატაცია ემსახურებოდა საკუთარი სარგებლის მიღებას Android-ის ეკოსისტემის სხვა წევრების საზიანოდ. ეკოსისტემური ჩავარდნის თეორია მიუთითებს ეკოსისტემის ფრაგმენტაციაზე, მათ შორის სისტემის რღვევასა და შეუთავსებლობაზე, როგორც პოტენციურ ფაქტორებზე, რომლებიც იწვევს ფუნქციურ ჩავარდნას. თავის მხრივ, Google ამტკიცებდა, რომ „ფრაგმენტაციის საწინააღმდეგო ვალდებულებები აუცილებელი იყო Android-ის ეკოსისტემის დასაცავად“, „თავსებადობის უზრუნველსაყოფად“ და იმ ფრაგმენტაციის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ზიანს მიაყენებდა მთლიან ეკოსისტემას. თუმცა, კომისიამ დაასკვნა, რომ Google-მა ვერ წარადგინა ამ არგუმენტების გამამყარებელი სათანადო მტკიცებულებები.
საქმეში AGCM Amazon Italia-ს წინააღმდეგ (2021), იტალიის კონკურენციის უწყებამ (AGCM) Amazon 1.13 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. საქმე ეხებოდა Amazon Marketplace-ის იმ მესამე მხარის გამყიდველებისათვის უპირატესობის მინიჭებას, რომლებიც სარგებლობდნენ კომპანიის შიდა ლოჯისტიკური და მიწოდების სერვისებით (ე.წ. Prime გამყიდველები), სხვა გამყიდველების საზიანოდ. AGCM ამტკიცებდა, რომ Amazon Italia გაცილებით მკაცრ წესებს უწესებდა Non-prime გამყიდველებს, ხოლო Prime სტატუსის მქონე სუბიექტები ბაზარზე უფრო ხილვადები იყვნენ, უკეთ აკმაყოფილებდნენ მომხმარებელთა მოთხოვნას და სისტემატურად სარგებლობდნენ კონკურენტული უპირატესობით სხვა გამყიდველებთან შედარებით. ეს კონკურენტული უპირატესობა ხელოვნურად შეიქმნა Amazon Italia-ს დიფერენცირებული მოპყრობით. AGCM არ ეწინააღმდეგებოდა იმ ფაქტს, რომ Amazon Italia-ს ბიზნესმოდელი აგებული იყო „ერთიანი ეკოსისტემის“ ირგვლივ, რომელიც აერთიანებს მრავალ სერვისს და სადაც Amazon-ი ასრულებს სხვადასხვა როლს. თუმცა, ეს სტრატეგია ამახინჯებდა კონკურენციას Amazon Italia-ს ლოჯისტიკურ სერვისსა და მის კონკურენტებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ AGCM-ს არ წარუდგენია ამ საკითხის სისტემატური ემპირიული მტკიცებულება, ეკოსისტემური ჩავარდნის ჩარჩოს ფარგლებში, ეს ლოგიკა, პირველ რიგში, ეხება "Prime" გამყიდველების პრეფერენციულ მოპყრობას, როგორც დისტრიბუციული ეკოსისტემის ჩავარდნის შესაძლო გამოვლინებას ("Prime" გამყიდველები უფრო მეტ ღირებულებას იძენენ პლატფორმის ეკოსისტემის დიზაინის შედეგად). საბოლოო ჯამში, ეს იწვევს ეკოსისტემის ფუნქციონალურ ჩავარდნას, რამდენადაც შეღავათიანი მოპყრობა განაპირობებს გამყიდველების მონაწილეობის შემცირებას, ასევე ზღუდავს შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ხარისხს და ზრდის ფასებს კლიენტებისთვის.
ევროკომისიამ დაბლოკა Booking Holdings-ის მიერ Flugo Group Holdings AB ("eTraveli")-ის შემოთავაზებული შესყიდვა (2023). კომისიამ მიუთითა Booking-ის „მოგზაურობის სერვისების ეკოსისტემის“ გაძლიერებაზე, როგორც პრობლემურ საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ მოტივაციაში ეს ტერმინები პირდაპირ არ არის გამოყენებული, კომისიამ მიანიშნა ეკოსისტემის შესაძლო გაუმართაობაზე როგორც ფუნქციონალური, ისე დისტრიბუციული კუთხით. შერწყმის შემდეგ, Booking-ს ექნებოდა გაზრდილი საბაზრო ძალაუფლება ეკოსისტემაში არსებული სასტუმროების მიმართ (ამ შემთხვევაში, ეკოსისტემის კომპლემენტარები), რაც მას საშუალებას მისცემდა მოთხოვნა იაფი გაყიდვების არხებიდან საკუთარ პლატფორმაზე გადაეტანა და სასტუმროებისთვის უფრო მაღალი საკომისიო დაეწესებინა (დისტრიბუციული ჩავარდნა), რაც საბოლოოდ გამოიწვევდა ფასების ზრდას ან დაჯავშნის ვარიანტების შემცირებას (ფუნქციური ჩავარდნა).თუმცა, კომისიას არ მიუთითებია კონცენტრაციის შემდგომი ეკოსისტემის სტრუქტურის იმ სპეციფიკურ პირობებზე, რომლებიც გამოიწვევდა ეკოსისტემურ ჩავარდნას; სანაცვლოდ, მან უფრო ზოგადად მოიხსენია ქსელური ეფექტები და მომხმარებელთა ინერცია, როგორც ფაქტორები, რომლებიც აძლიერებენ Booking-ის გაფართოებულ ეკოსისტემას და ართულებენ კონკურენციას. შესაბამისად, კომისიამ აღნიშნული შერწყმა კონკურენციის საწინააღმდეგოად მიიჩნია.
გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრების უწყების (CMA) 2023 წლის საბოლოო ანგარიშში, რომელიც Microsoft-ის მიერ Activision-ის შესყიდვას ეხებოდა, სააგენტო ამტკიცებდა, რომ „Microsoft ფლობს მრავალპროდუქტიან ეკოსისტემას, რაც მას მყარ პოზიციას ანიჭებს თითქმის ყველა კონკურენტთან მიმართებაში ღრუბლოვანი გეიმინგის მზარდ ბაზარზე“. CMA-ს ლოგიკით, გამოიკვეთა ღრუბლოვანი სათამაშო სერვისების ეკოსისტემის ფუნქციური ჩავარდნის შესაძლო რისკები. ეს განპირობებული იყო იმ სტიმულებით, რომლებსაც კონცენტრაციის შემდგომი ეკოსისტემის სტრუქტურა მისცემდა Microsoft-ს, რათა ბოროტად გამოეყენებინა საკუთარი ცენტრალური პოზიცია. აღსანიშნავია, რომ საპასუხო არგუმენტაციაში Microsoft-მა საპირისპირო მოსაზრება წარადგინა: კომპანიის მტკიცებით, ეკოსისტემის არსებული დიზაინი, რომელიც მობილური ოპერაციული სისტემების ირგვლივ არის კონცენტრირებული, ძირს უთხრის ღრუბლოვანი სათამაშო სერვისების ეფექტიანობას მომხმარებლის გამოცდილების შეზღუდვითა და აპლიკაციების მაღაზიების (App Stores) ბარიერებით. ამრიგად, Microsoft-ი მოცემულ შერწყმას განიხილავდა, როგორც არსებული ეკოსისტემის დიზაინის ტრანსფორმაციისა და ხარვეზების აღმოფხვრის გზას, რაც ხელს შეუწყობდა ღრუბლოვანი გეიმინგის სერვისების განვითარებას.
საერთო ჯამში, მარეგულირებელი ორგანოები მეტწილად შეშფოთებულნი არიან პოტენციური დისტრიბუციული ჩავარდნებით, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ეკოსისტემის ორკესტრატორების მიერ საკუთარი ცენტრალური პოზიციის ბოროტად გამოყენების შედეგად, რაც, თავის მხრივ, ფუნქციურ ჩავარდნას განაპირობებს. ანალიტიკური ინსტრუმენტებისა და ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, რაც აუცილებელია ეკოსისტემური მასშტაბის საკითხების შესაფასებლად, მოსალოდნელია, რომ სააგენტოები საკუთარ შეფასებებში უფრო ფართოდ გაითვალისწინებენ მსგავს (არა)ეფექტიანობას.