ეფექტის დოქტრინა (EFFECTS DOCTRINE)

კომენტარი

ეფექტის დოქტრინა წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლილებას არსებულ სამართლებრივ პარადიგმაში. ტრანსსასაზღვრო იურისდიქციის მიმართ ეს უკვე ფართოდ გავრცელებული მიდგომა სწორედ კონკურენციის კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოყალიბდა.

ისტორიულად, სახელმწიფოები იურისდიქციას მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებსა და მათ ტერიტორიაზე განხორციელებულ ქმედებებზე ავრცელებდნენ. ტრანსსასაზღვრო სცენარები ამ ჩარჩოში ვერ თავსდებოდა. სახელმწიფოებმა იურისდიქციის საზღვრებს მიღმა გავრცელება მას შემდეგ დაიწყეს, რაც განსახილველი ქმედებების ნაწილი მათ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა. ამგვარად ჩამოყალიბდა ე.წ. ობიექტური ტერიტორიულობის პრინციპი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ექსტრატერიტორიულობის განვითარებას. გარდა ამისა, მსხვილ კორპორატიულ სტრუქტურებთან მიმართებაში, სახელმწიფოებმა დაიწყეს „კორპორატიული ფარდის მიღმა ჭვრეტის“ პრინციპის გამოყენება და იურისდიქციის გავრცელება უცხოურ სათავო საწარმოებზე, თუ ისინი აკონტროლებენ ადგილობრივ შვილობილ კომპანიებს.

ორივე ზემოაღნიშნული მიდგომა ეფექტურია, თუმცა ისინი ვერ ფარავენ იმ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს ტერიტორიაზე უშუალოდ ქმედება არ განხორციელებულა. კერძოდ, საუბარია სიტუაციებზე, როდესაც მოცემულ ბაზარზე კონკურენციისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია ექსკლუზიურად საზღვარგარეთ განხორციელებული პრაქტიკით.ეფექტის დოქტრინა სწორედ მსგავსი სცენარების სამართლებრივ მოწესრიგებას ემსახურება. ათწლეულების განმავლობაში აღნიშნულ პრინციპს ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატები იყენებდა, სადაც იგი Alcoa-ს საქმეზე სასამართლო ინტერპრეტაციის შედეგად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მას სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგობა მოჰყვა, რაც ზოგჯერ აიძულებდა მათ, მიეღოთ შიდა ბლოკირების კანონმდებლობა, რათა თავიდან აეცილებინათ აშშ-ის კონკურენციის წესების ექსტრატერიტორიული გამოყენება. თუმცა, ეფექტის დოქტრინა თანდათანობით იქნა აღიარებული, ინტერნალიზებული და საბოლოოდ დანერგილი სხვა სამართლებრივ სისტემებში. დღეისათვის იგი საყოველთაოდ გავრცელებულია და იურისდიქციის გავრცელების დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. უახლესი კვლევების თანახმად, აღნიშნული დოქტრინა აღიარებულია 30-ზე მეტი განვითარებადი ქვეყნის კონკურენციის კანონმდებლობაში.

ეფექტის დოქტრინის საფუძველზე ექსტრატერიტორიული აღსრულების განხორციელება საერთაშორისო სამართლით დაუშვებელია. ეს გულისხმობს, მაგალითად, უცხოური კომპანიებისთვის ისეთი სამართლებრივი დაცვის საშუალებების (remedies) დაწესებას, რომლებიც დაკავშირებული იქნება მათ ქმედებებთან და აქტივებთან საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, კონკურენციის უწყებების უმეტესობა სიფრთხილეს იჩენს და მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივ საშუალებებს იყენებს. ეფექტის დოქტრინა ფართოდ გამოიყენება კონკურენციის სამართლის ყველა სფეროში: საერთაშორისო კარტელების, დომინანტური მდგომარეობის მქონე უცხოური კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედებებისა და საზღვარგარეთ განხორციელებული კონცენტრაციების საპასუხოდ.

ეფექტის დოქტრინის კონკრეტული ფორმულირება სხვადასხვა იურისდიქციაში განსხვავებულია. მაგალითად, აშშ-ის კონტექსტში ორი ძირითადი ტესტი არსებობს: პირველი - იმპორტთან დაკავშირებულ საქმეებში აშშ-ის ნორმები გამოიყენება მაშინ, როდესაც „საზღვარგარეთ განხორციელებული ქმედება... მიზნად ისახავდა და ფაქტობრივად გამოიწვია გარკვეული არსებითი ეფექტი(გავლენა) შეერთებულ შტატებში“ (აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hartford Fire). მეორე - ყველა სხვა შემთხვევაში, აშშ-ის ნორმები გამოიყენება მაშინ, როდესაც სახეზეა განსახილველი ქმედების პირდაპირი, არსებითი და გონივრულად პროგნოზირებადი ეფექტი (გავლენა) აშშ-ის კომერციაზე, 1982 წლის „საგარეო ვაჭრობის ანტიმონოპოლიური გაუმჯობესების აქტის“ (FTAIA) შესაბამისად.

ანალოგიურად, ევროკავშირშიც ორი ტესტი მოქმედებს: პირველი - როდესაც უცხოური კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებების რეალური აღსრულება უშუალოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე ხდება (ეს მიდგომა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ Wood Pulp-ის საქმეში ჩამოაყალიბა). მეორე, ალტერნატიული შემთხვევა კი მაშინ დგება, როდესაც სხვა იურისდიქციაში განხორციელებულ ქმედებებს პროგნოზირებადი, დაუყოვნებლივი და არსებითი ეფექტი (გავლენა) აქვს ევროკავშირის ბაზარზე (ეს პრინციპი თავდაპირველად პირველი ინსტანციის სასამართლომ Gencor-ის საქმეში აღიარა, მოგვიანებით კი მართლმსაჯულების სასამართლომ Intel-ის საქმეშიც დაადასტურა).

როგორც აშშ-ისა და ევროკავშირის გამოცდილება ცხადყოფს, ეფექტების დოქტრინა ჩამოყალიბდა სასამართლო ინტერპრეტაციის გზით. მართლაც, ევროკავშირში მას არ გააჩნია პირდაპირი საკანონმდებლო საფუძველი. თუმცა, სხვადასხვა იურისდიქციის კონკურენციის კანონმდებლობაში აღნიშნული პრინციპი უკვე კოდიფიცირებულია. მაგალითად, ჩინეთის „ანტიმონოპოლიური კანონის“ (2022 წლის 24 ივნისის რედაქცია) მე-2 მუხლის თანახმად, წესები ვრცელდება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის გარეთ განხორციელებულ მონოპოლისტურ ქმედებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ჩინეთის შიდა ბაზარზე კონკურენციის აღმოფხვრას ან შეზღუდვას“. ისლანდიის „კონკურენციის შესახებ კანონის“ (№44/2005) მე-3 მუხლის მიხედვით, აქტი ვრცელდება „ისლანდიაში იმ შეთანხმებებზე, პირობებსა და ქმედებებზე, რომლებიც ახდენენ ან მიზნად ისახავენ ზეგავლენის მოხდენას“.

ეფექტის დოქტრინა საყოველთაოდ აღიარებულია, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშობა მისი გამოყენების სპეციფიკასა და მასშტაბებთან დაკავშირებით. ეს, პირველ რიგში, ეხება ეკონომიკური ეფექტების ტიპოლოგიას - კერძოდ, რა სახის ზეგავლენაა საკმარისი დოქტრინის ასამუშავებლად. მაგალითად, ევროკავშირის Intel-ის საქმე იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ეფექტების დოქტრინა გამოყენებულ იქნა ისეთ სცენარში, სადაც არ არსებობდა პირდაპირი კავშირი უცხოელ სამართალდამრღვევსა და ევროკავშირის მომხმარებლებს შორის. მოცემულ შემთხვევაში, უცხოურმა საწარმომ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ წაახალისა მესამე მხარეები, რათა მათ არ გამოეყენებინათ კონკურენტი კომპანიის კომპონენტები იმ საბოლოო პროდუქტებში, რომლებიც გლობალურად იყიდებოდა. სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში, კონკურენციისთვის მიყენებული ზიანის შედარებითი მნიშვნელობის შეფასების კრიტერიუმები კიდევ უფრო დაიხვეწება.

მიუხედავად იმისა, რომ ეფექტის დოქტრინა ტრანსსასაზღვრო სცენარებს ეხება, იგი თავისი ბუნებით ცალმხრივი ხასიათისაა. თუმცა, აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს აუცილებელ პასუხს იმ საერთაშორისო ნორმებისა და ინსტიტუტების დეფიციტზე, რომლებიც საზღვრებს მიღმა განხორციელებულ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებს დაარეგულირებდა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ფარგლებში ფორმალური წესების დანერგვის მცდელობებმა ვერ მოიპოვა საჭირო მხარდაჭერა. შესაბამისად, ეროვნული კონკურენციის კანონმდებლობის ცალმხრივი გამოყენება, ეფექტების დოქტრინის მეშვეობით, კვლავ არსებით ინსტრუმენტად რჩება.

კონკურენციის წესების დარღვევისას ეფექტის დოქტრინის გამოყენების შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ მსგავსი საქმეების წარმოება მარტივია. პროცესი კვლავაც კომპლექსურია სხვადასხვა სამართლებრივი ხარვეზის გამო, რაც განსაკუთრებით ეხება საზღვარგარეთ საპროცესო დოკუმენტაციის ჩაბარებას, ასევე მტკიცებულებათა მოპოვებასა და გამოყენებას. თანამშრომლობის მექანიზმები და საერთაშორისო პლატფორმები მარეგულირებელ უწყებებს ამ დაბრკოლებების ნაწილობრივ გადალახვის საშუალებას აძლევს.