ექსკლუზიური უფლებები (TFEU-ს 106-ე მუხლი) (EXCLUSIVE RIGHTS - ART. 106 TFEU)

ინსტიტუციური განმარტება

TFEU-ს 106(1) მუხლი ადგენს: „სახელმწიფო საწარმოებისა და იმ ეკონომიკური აგენტების შემთხვევაში, რომლებსაც წევრი ქვეყნები სპეციალურ ან ექსკლუზიურ უფლებებს ანიჭებენ, წევრმა ქვეყნებმა არ უნდა მიიღონ ან ძალაში შეინარჩუნონ ნებისმიერი ისეთი ღონისძიება, რომელიც ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებში მოცემულ წესებს, კერძოდ, მე-18 მუხლსა და 101-ედან 109-ე მუხლების ჩათვლით არსებულ დებულებებს“.

2014/25 დირექტივის 4(3) მუხლის მიხედვით: „სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებები“ ნიშნავს წევრი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებულ უფლებებს, რომელთა შედეგიც ზღუდავს მე-8-მე-14 მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას ერთი ან რამდენიმე სუბიექტის მიერ და, ამავდროულად, არსებით გავლენას ახდენს სხვა სუბიექტების შესაძლებლობაზე, განახორციელონ ანალოგიური საქმიანობა. ©TFEU

კომენტარი

როდესაც 1950-იან წლებში ევროპული თანამეგობრობები დაარსდა, ექვს დამფუძნებელ სახელმწიფოს შორის არსებობდა ფუნდამენტური განსხვავებები ეკონომიკაში სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით. მცირე სახელმწიფო სექტორის მქონე წევრ სახელმწიფოებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ინტერვენციონისტული ქვეყნების მძლავრი სახელმწიფო საწარმოები საფრთხეს შეუქმნიდნენ მათ კერძო სექტორს, რის გამოც მკაცრ კონტროლს ითხოვდნენ. თავის მხრივ, სახელმწიფოს მეტ როლზე ორიენტირებულ ქვეყნებს სურდათ შეენარჩუნებინათ საკუთარი სახელმწიფო საწარმოების მოქმედების თავისუფლება. ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე მიღწეულ იქნა კომპრომისი. სახელმწიფო სექტორის შესახებ ცალკეული მუხლი (დღევანდელი TFEU-ს 106-ე მუხლი) ორ ძირითად გზავნილს მოიცავდა: პირველი პუნქტი სექტორს ევროპული ხელშეკრულებების ერთიან სისტემაში აერთიანებდა და სახელმწიფო საწარმოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა სხვა მოთხოვნას უქვემდებარებდა. მეორე პუნქტი კი ითვალისწინებდა გამონაკლისს საერთო ეკონომიკური ინტერესის მქონე მომსახურებებისთვის. ინსტიტუციურ დონეზე, მესამე პუნქტი ევროკომისიას ანიჭებს სპეციალურ უფლებამოსილებას: სახელმწიფოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, კომისია არა მხოლოდ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს გამოსცემს, არამედ იღებს დირექტივებსაც, რაც ჩვეულებრივ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის კომპეტენციაა.

TFEU-ს 106-ე მუხლის ფორმულირება შეგნებულად დარჩა ბუნდოვანი, რათა ორივე მხარეს (წევრ სახელმწიფოებსა და თანამეგობრობას) საკუთარი ინტერესების რეალიზების შესაძლებლობა ჰქონოდა. ამან პირდაპირი გავლენა მოახდინა დებულების პრაქტიკულ გამოყენებაზე: ხანგრძლივი დროის განმავლობაში TFEU-ს 106-ე მუხლი „მკვდარ ნორმად“ მიიჩნეოდა. მრავალრიცხოვანი სახელმწიფო მონოპოლიები, მაგალითად, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების სექტორებში, ხელშეუხებელი რჩებოდა. 1970-იანი წლების ბოლოდან დაიწყო აქტიური დებატები დერეგულაციისა და პრივატიზაციის შესახებ. დამკვიდრდა მოსაზრება, რომ სახელმწიფო მონოპოლიები პასუხისმგებელნი იყვნენ კეთილდღეობის მნიშვნელოვან დანაკარგებზე. აღნიშნულმა დისკუსიამ ასახვა ჰპოვა სამართლებრივ დოქტრინაშიც. TFEU-ს 106-ე მუხლთან დაკავშირებით, ჯონ ტემპლ ლენგმა 1984 წელს დასვა ფუნდამენტური კითხვა: „რა ფარგლებში აქვს სახელმწიფოს უფლება, შექმნას მონოპოლიები და პრივილეგირებული ეკონომიკური აგენტები და დაიცვას ისინი ნორმალური კონკურენციისგან?“

ამ მოვლენებზე დაყრდნობით, ევროკომისიამ წამოიწყო პროცესი, რომელსაც ეწოდა ევროპის კონკურენციის პოლიტიკის „საჯარო შემობრუნება“ (Public Turn - დევიდ ჯ. გერბერი). 1980-იანი წლების შუა ხანებში ევროკომისიამ „აღმოაჩინა“ TFEU-ს 106-ე მუხლი (მისი წინამორბედი დებულება) და დაიწყო სახელმწიფო მონოპოლიების დემონტაჟი, რისი პიონერიც ტელეკომუნიკაციების სექტორი გახდა. ევროკომისიამ მცირე სეგმენტით - ტერმინალური მოწყობილობებით (მაგალითად, ტელეფონები) დაიწყო. 1988 წლის დირექტივით (დირექტივა 88/301/EEC სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობების ბაზრებზე კონკურენციის შესახებ), კომისიამ წევრ სახელმწიფოებს დაავალდებულა გაეუქმებინათ გარკვეული კომპანიებისთვის მინიჭებული ყველა სპეციალური ან ექსკლუზიური უფლება. მანამდე, ბევრ წევრ სახელმწიფოში მომხმარებლები იძულებულნი იყვნენ, ტელეფონები მხოლოდ ადგილობრივი მონოპოლისტისგან შეეძინათ. ეს გამორიცხავდა როგორც შიდა კონკურენციას, ისე სხვა წევრი სახელმწიფოებიდან სატელეფონო აპარატების იმპორტს. ევროკომისიის მიზანი იყო მომხმარებლისთვის შესაძლებლობის მიცემა, აერჩია საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ტერმინალური მოწყობილობები, მათი წარმოშობის ქვეყნის მიუხედავად. 1991 წელს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადასტურა „ტერმინალური მოწყობილობების შესახებ დირექტივის“ მართლზომიერება (საქმე C-202/88). სასამართლომ დაადგინა საქონლის თავისუფალი გადაადგილების წესების დარღვევა. კერძოდ, არსებობდა ღონისძიება, რომელსაც ჰქონდა რაოდენობრივი შეზღუდვის ეკვივალენტური ეფექტი (MEQR), ვინაიდან იმპორტისა და მარკეტინგის ექსკლუზიური უფლებები სხვა წევრი სახელმწიფოების კონკურენტებს ართმევდა მომხმარებლებისთვის საკუთარი პროდუქციის მიყიდვის შესაძლებლობას. მეორე მხრივ, მონოპოლისტი ვერ უზრუნველყოფდა ბაზარზე არსებული ტელეფონების სრული ასორტიმენტის შეთავაზებას. ყოველივე ეს ამცირებდა წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობას, ხოლო ამგვარი შეზღუდვის დასაბუთება არ იყო აშკარა, რადგან ტექნიკური უსაფრთხოების გარანტირება სხვა, ნაკლებად შემზღუდველი გზებითაც იყო შესაძლებელი.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას „ტერმინალური მოწყობილობების“ საქმეზე ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში ექსკლუზიური უფლებების სამართლებრივი რეჟიმისთვის. სასამართლომ მნიშვნელოვნად შეზღუდა წევრი სახელმწიფოების დისკრეციული უფლებამოსილება სახელმწიფო მონოპოლიების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ 106-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ახსენებს ექსკლუზიურ უფლებებს, არ ნიშნავს, რომ ისინი ავტომატურად თავსებადია ევროპულ ხელშეკრულებებთან. მათი მართლზომიერების საკითხი დამოკიდებულია იმ მატერიალურ დებულებებზე, რომლებზეც ეს მუხლი მიუთითებს - პირველ რიგში კი, კონკურენციის წესებზე. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო მონოპოლია ვერ ახერხებს შესაბამის პროდუქტზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას რაოდენობის, ხარისხის ან ინოვაციის თვალსაზრისით (საქმეები C-41/90 Höfner და C-179/90 Porto di Genova). ასევე, ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა „დომინანტური პოზიციის გაფართოება“ (Leveraging), მაგალითად, როდესაც სატელეფონო ქსელის მონოპოლია ვრცელდება სატელეკომუნიკაციო სერვისების მომიჯნავე ბაზარზე (გაერთიანებული საქმეები C-271/90, C-281/90 და C-289/90). მეორე მხრივ, თავისუფალი გადაადგილების წესები, კერძოდ საქონლისა და მომსახურების თავისუფლება, მოითხოვს სახელმწიფო მონოპოლიების დემონტაჟს, თუ არ არსებობს მათი არსებობის ობიექტური დასაბუთება.

აღნიშნულ პრეცედენტებზე დაყრდნობით, ევროკომისიამ და ევროკავშირის სასამართლოებმა სახელმწიფო მონოპოლიების სასარგებლოდ არსებული ექსკლუზიური უფლებები არამართლზომიერად ცნეს არა მხოლოდ ტელეკომუნიკაციების, არამედ საფოსტო მომსახურების, ტელემაუწყებლობის, დასაქმების ხელშეწყობის, საპორტო მომსახურებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროებშიც. ამის საპირისპიროდ, ენერგეტიკულ ბაზრებთან მიმართებაში ევროკომისიას არ გამოუყენებია TFEU-ს 106-ე მუხლი; ამ სექტორში საქმიანობის განცალკევებისა და ლიბერალიზაციის ზომები განხორციელდა ევროკავშირის საბჭოსა და პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე (TFEU-ს ამჟამინდელი 194-ე მუხლი).

გლობალიზაციის კრიტიკოსებმა და პრივატიზაციის სკეპტიკოსებმა ხაზი გაუსვეს საჯარო სექტორის მნიშვნელობას. ამ ფონზე, უნდა გავიხსენოთ TFEU-ს 106-ე მუხლის თავდაპირველი საფუძვლები. ერთის მხრივ, ექსკლუზიური უფლებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონკურენციის სამართალსა და თავისუფალი გადაადგილების წესებს. მეორე მხრივ, არსებობს გამონაკლისი საერთო ეკონომიკური ინტერესის მქონე მომსახურებებისთვის (SGEI), რომელთა მნიშვნელობა დადასტურებულია ხელშეკრულების სხვა ნორმებით (მაგ., TFEU-ის მე-14 მუხლი, ისევე როგორც ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის 36-ე მუხლი) და განმარტებულია ევროკომისიის სახელმძღვანელო დოკუმენტებში.

ამრიგად, ევროპული კანონმდებლობა პატივს სცემს წევრ სახელმწიფოებში არსებულ განსხვავებულ ტრადიციებსა და შეხედულებების მრავალფეროვნებას საჯარო სერვისების შესახებ. თუმცა, ექსკლუზიური უფლებების მინიჭება ექვემდებარება დასაბუთებულობის მკაცრ მოთხოვნას. ამ თვალსაზრისით, TFEU-ს 106-ე მუხლი წარმოადგენს ევროკავშირში სახელმწიფოსა და ბაზრის ურთიერთობის მომწესრიგებელ ფუნდამენტურ ნორმას. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება აშშ-ში არსებული სამართლებრივი რეჟიმისგან, სადაც კონკურენციის სამართალი ითვალისწინებს სახელმწიფოს ქმედებებზე მისი გავრცელებისგან თავშეკავებას („სახელმწიფო ქმედების დოქტრინა“ - State Action Doctrine).