ექსკლუზიური შესყიდვის შეთანხმება (EXCLUSIVE PURCHASING AGREEMENT)

ინსტიტუციური განმარტება

ექსკლუზიური შესყიდვის შეთანხმების დროს, გადამყიდველი იღებს ვალდებულებას, სახელშეკრულებო პროდუქცია მხოლოდ მეორე მხარისგან შეიძინოს და არა სხვა რომელიმე მიმწოდებლისგან. ამავდროულად, მიმწოდებელს უფლება აქვს, პროდუქტი იმავე სავაჭრო ტერიტორიასა და დისტრიბუციის იმავე დონეზე სხვა გადამყიდველებსაც მიაწოდოს. ექსკლუზიური დისტრიბუტორისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში შებოჭილი გადამყიდველი არ არის დაცული იმ კონკურენტებისგან, რომლებიც მის მსგავსად პროდუქციას პირდაპირ მიმწოდებლისგან იღებენ. მეორე მხრივ, გადამყიდველი სრულიად თავისუფალია ყოველგვარი შეზღუდვისგან იმ ტერიტორიასთან დაკავშირებით, სადაც მას თავისი პროდუქციის რეალიზაცია და გაყიდვების სტიმულირება სურს. კომისიის შეტყობინება 1983 წლის 22 ივნისის №1983/83 და №1984/83 რეგულაციების შესახებ, რომლებიც ეხება ხელშეკრულების 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენებას ექსკლუზიური დისტრიბუციისა და ექსკლუზიური შესყიდვის შეთანხმებების კატეგორიებზე.

კომენტარი

ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) თანახმად, აკრძალულია ისეთი შეთანხმებები, რომელთა მიზანს ან შედეგს კონკურენციის შეზღუდვა წარმოადგენს. ასევე აკრძალულია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკამ ჩამოაყალიბა სპეციფიკური მიდგომა (Delimitis-ის ტესტი), რომელიც სათავეს იღებს 1991 წლის პრეცედენტული საქმედან - Delimitis v Henninger Bräu AG. მოცემულ საქმეში, Henninger Bräu AG-სა და ბ-ნ დელიმიტისს შორის გაფორმდა ლუდის მიწოდების ხელშეკრულება, რომელიც ავალდებულებდა ბ-ნ დელიმიტისს, ტავერნის მართვის უფლების სანაცვლოდ, ყოველწლიურად შეეძინა ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების განსაზღვრული რაოდენობა ექსკლუზიურად აღნიშნული ლუდსახარშისგან. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს წინაშე დაისვა პრეიუდიციული შეკითხვა TFEU-ს 101-ე მუხლის ინტერპრეტაციისა და აღნიშნულ შეთანხმებასთან მისი შესაბამისობის თაობაზე. სასამართლოს ანალიზის მიზანი იყო დაედგინა, ხომ არ იწვევდა ეს შეთანხმება, იმავე შესაბამის ბაზარზე არსებულ სხვა მსგავს ხელშეკრულებებთან ერთობლიობაში კუმულაციურ ეფექტს, რაც გამოიწვევდა ბაზარზე წვდომის შეზღუდვას.

სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სამი კომპონენტის შეფასებას: ხელშეკრულების მხარეთა საბაზრო წილები და მომწოდებელთან დაკავშირებული სარეალიზაციო ობიექტების პროპორცია; ხელშეკრულების ხანგრძლივობა; შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერებთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები.

Delimitis-ის დოქტრინა შემდგომში გამოიყენა პირველი ინსტანციის სასამართლომ (ამჟამად საერთო სასამართლო) რამდენიმე საქმეში. მაგალითად, საქმეში Langnese (1995), სასამართლომ ძალაში დატოვა ევროკომისიის გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული შეთანხმება არღვევდა ხელშეკრულების 101-ე (ყოფილი 85(1)) მუხლს. აღნიშნული დასკვნა დაეფუძნა მსგავსი ხელშეკრულებების ქსელურ კუმულაციურ ეფექტს - კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ გერმანიაში ნაყინის მწარმოებლებთან მიბმული სარეალიზაციო ობიექტების მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა.

კიდევ ერთი პრეცედენტი, რომელშიც გაგრძელდა Delimitis-ის ტესტის გამოყენება, იყო Van den Bergh Foods (1998). მოცემული საქმის საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ბაზარზე შესვლის ბარიერები მაღალია, ხელშეკრულების ხანგრძლივობის ფაქტორის მნიშვნელობა მცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ხელშეკრულებაში ჩართულია ბაზრის მნიშვნელოვანი მონაწილე, ექსკლუზიური შესყიდვის შეთანხმებათა ქსელური კუმულაციური ეფექტი გადამწყვეტი ხდება ხელშეკრულების მართლზომიერების შესაფასებლად.

ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატების სამართლებრივ სისტემაში მწარმოებლებსა და მომწოდებლებს შორის დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულებები მართლზომიერია. მიუხედავად ამისა, ექსკლუზიური შესყიდვის შეთანხმებას გააჩნია პოტენციალი, დაარღვიოს შერმანის აქტის მე-2 მუხლი, რომელიც კრძალავს მონოპოლიური ძალაუფლების მოპოვებას, შენარჩუნებას ან შესაბამისი ბაზრის მონოპოლიზების მცდელობას ისეთი არამართლზომიერი გზებით, როგორიცაა კონკურენტების ბაზრიდან განდევნა. გარდა ამისა, ფედერალური სავაჭრო კომისიის აქტის მე-5 მუხლი კრძალავს „არაკეთილსინდისიერ ან მატყუარა ქმედებებსა და პრაქტიკას“ - მათ შორის შემთხვევებს, როდესაც მონოპოლისტი კომპანია ექსკლუზიური ხელშეკრულებების მეშვეობით ბლოკავს მცირე კონკურენტებს და აფერხებს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლას. შესაბამისად, შერმანის აქტის მე-2 მუხლის დარღვევის დასადგენად, შეთანხმებამ ზიანი უნდა მიაყენოს მომხმარებელთა კეთილდღეობას. მაგალითად, საქმეში McWane, Inc. v. FTC, ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ იმოქმედა McWane Inc-ის წინააღმდეგ, ვინაიდან კომპანიამ უკანონოდ შეინარჩუნა მონოპოლია მილების ფიტინგების ბაზარზე ექსკლუზიური დილინგის პოლიტიკის - ე.წ. „სრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებით.სანამ Star 2009 წელს ბაზარზე შევიდოდა, McWane შიდა ფიტინგების ერთადერთი მწარმოებელი იყო, თუმცა 2010 წლისთვის Star-მა სწრაფად მოიპოვა ბაზრის 5%-იანი წილი. McWane-ის მიერ გატარებული პოლიტიკა საფრთხეს უქმნიდა იმ დისტრიბუტორებს, რომლებიც პროდუქციას კონკურენტისგან შეიძენდნენ. „სრული მხარდაჭერის პროგრამის“ ზეწოლით, რამდენიმე დისტრიბუტორმა გააუქმა შეკვეთები ან უარი თქვა Star-ისგან პროდუქციის შესყიდვაზე. ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ დაასკვნა, რომ აღნიშნული პროგრამა ზიანს აყენებდა კონკურენციას და არ ქმნიდა მომხმარებლისთვის რაიმე პროკონკურენტულ სარგებელს, რითაც ირღვეოდა კანონმდებლობა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს: (1) McWane ფლობდა მონოპოლიურ ძალაუფლებას შესაბამის ბაზარზე და (2) „სრული მხარდაჭერის პროგრამით“ კომპანიამ არამართლზომიერად შეინარჩუნა საკუთარი საბაზრო ძალაუფლება. კომისიის საბოლოო განკარგულებით, რომელიც ძალაში დატოვა მეთერთმეტე ოლქის სააპელაციო სასამართლომ, McWane-ს აეკრძალა მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურობის დავალდებულება. მოცემული პრეცედენტის საფუძველზე შესაძლოა დავასკვნათ: მიუხედავად იმისა, რომ ექსკლუზიური შესყიდვის ხელშეკრულებები თავისთავად უკანონო არ არის, მონოპოლისტი (დომინანტი) კომპანიების შემთხვევაში, რომლებიც ბოროტად იყენებენ საკუთარ დომინანტურ მდგომარეობას, მსგავსმა პირობებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს კონკურენცია და შექმნას ბაზარზე შესვლის ბარიერები ახალი კომპანიებისთვის.

ანალოგიურად, საქმეში United States v. Dentsply International, Inc. (2005), მესამე ოლქის სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სტომატოლოგიური მასალების მონოპოლისტმა მწარმოებელმა, Dentsply-მ, ექსკლუზიური დილინგის პოლიტიკით დაარღვია შერმანის აქტის მე-2 მუხლი.Dentsply ფლობდა დომინანტურ მდგომარეობას აშშ-ის ხელოვნური კბილების ბაზარზე, სადაც მისი წილი შემოსავლების მიხედვით 75%-დან 80%-მდე მერყეობდა. 1993 წელს მწარმოებელმა დააწესა ექსკლუზიური სავაჭრო პირობა, ცნობილი როგორც „დილერის კრიტერიუმი 6“ (Dealer Criterion 6), რომელიც მესამე ოლქის სააპელაციო სასამართლომ კონკურენციის საწინააღმდეგოად მიიჩნია. სასამართლომ განმარტა: „[...] დილერის კრიტერიუმი 6 არსებით როლს ასრულებს Dentsply-ის მონოპოლიის შენარჩუნებაში. იგი კონკურენტების გაყიდვებს იმ კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ ამცირებს, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ოპონენტისთვის Dentsply-ის საბაზრო წილისთვის რეალური საფრთხის შესაქმნელად. შესაბამისად, დილერის კრიტერიუმი 6 წარმოადგენს კონკურენციისთვის მიყენებული ზიანის მყარ საფუძველს“ (399 F.3d at 191).

ექსკლუზიური შესყიდვის ხელშეკრულებების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, მესამე ოლქის სასამართლომ დაადასტურა, რომ ისინი თავისთავად უკანონო არ არის და მათი დარღვევად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობები: (1) მონოპოლიური ძალაუფლების არსებობის დადგენა და (2) ექსკლუზიური (გამრიყავი) ქცევის მიერ კონკურენციის შემზღუდველი ეფექტის გამოწვევა (399 F.3d at 187). დასკვნის სახით, „დილერის კრიტერიუმის 6“-ის გამოყენებით, Dentsply-მ შეძლო კონკურენტების ბაზრიდან განდევნა წამყვანი დილერების ქსელიდან.აშშ-ის სასამართლოებმა ამ საქმეების განხილვისას გამოიყენეს ეფექტების ანალიზი და გონივრულობის წესი. მომხმარებელთა მიერ განცდილი ზიანი (კონკურენციის შემზღუდველი ეფექტები) აღნიშნულ შემთხვევებში დაკავშირებული იყო მონოპოლიური ძალაუფლების მოპოვებასა თუ შენარჩუნებასთან, რაც ექსკლუზიური კონტრაქტების მეშვეობით აფერხებდა ბაზარზე კონკურენციის განვითარებას. აღნიშნული პრაქტიკა საზოგადოებას ართმევდა იმ სარგებელს, რასაც დაბალი ფასები, ასევე გაუმჯობესებული საქონელი და მომსახურება უზრუნველყოფს.

დასკვნის სახით, განხილული პრეცედენტების საფუძველზე შესაძლებელია გამოიყოს მცირე განსხვავება ევროკავშირისა და აშშ-ის მიდგომებს შორის ექსკლუზიური შესყიდვის შეთანხმებათა კონკურენციის შემზღუდველად კვალიფიკაციის პროცესში. ერთის მხრივ, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 102-ე მუხლი მოითხოვს „დომინანტური მდგომარეობის“ არსებობას, ხოლო მეორე მხრივ, შერმანის აქტის

მე-2 მუხლი ფოკუსირებულია ნებისმიერი სუბიექტის ქმედებაზე, რომელსაც გააჩნია „მონოპოლიზაციის“ ეფექტი.