ექსპორტის შეზღუდვა (RESTRICTION ON EXPORTATION)

ინსტიტუციური განმარტება

საექსპორტო შეზღუდვები გულისხმობს ეკონომიკური აგენტებისთვის საექსპორტო შესაძლებლობების შეზღუდვას. ასეთი რეგულაციები შესაძლოა მოდიოდეს სახელმწიფოებისგან, როგორც წესი, ამოწურვადი რესურსების ან კულტურული ფასეულობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. ისინი ასევე შეიძლება წარმოიშვას თავად ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული კარტელური შეთანხმებებიდან, რომლებიც მიზნად ისახავს ექსპორტის შემცირებას.

გარდა ამისა, ეს შეზღუდვები შესაძლოა იყოს იმპორტიორ ქვეყანასთან მოლაპარაკების შედეგი, რის მაგალითსაც წარმოადგენს იაპონური ავტომობილების „ნებაყოფლობითი“ საექსპორტო შეზღუდვები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოლოს, საექსპორტო შეზღუდვები შეიძლება იყოს სალიცენზიო ხელშეკრულებების ნაწილიც, რომელთა მიხედვითაც, ლიცენზიის მიმღებ ეკონომიკურ აგენტს ეკრძალება პროდუქციის ექსპორტი სხვა ლიცენზიატებთან ან თავად ლიცენზიის გამცემთან კონკურენციის მიზნით. © OECD

არსებობს მკაფიო განსხვავება „კომპანიათა ჯგუფსა“ და „ეკონომიკურ ჯგუფს“ შორის. „კომპანიათა ჯგუფი“ გულისხმობს ურთიერთობების უფრო ფორმალურ (სამართლებრივ) ერთობლიობას, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ჰოლდინგურ (მაკონტროლებელ) კომპანიასა და მის შვილობილ საწარმოებს. ამის საპირისპიროდ, „ეკონომიკურ ჯგუფში“ შესაძლოა გაერთიანდნენ სუბიექტები, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი საერთო მიზნებით ან ოფიციალური სამართლებრივი სტრუქტურით, თუმცა მათ შორის არსებობს კავშირი საერთო კონტროლის მექანიზმით. მარეგულირებელი ორგანოების განმარტებით, ჯგუფებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია არსებითად განსხვავდება იურისდიქციების მიხედვით. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) აღნიშნულ დეფინიციურ სირთულეს თავს არიდებს კონსოლიდირებული ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნით იმ საწარმოთა ჯგუფებისთვის, რომლებიც კონტროლდებიან სხვა სუბიექტის ან ერთმანეთთან დაკავშირებული ფიზიკური პირების მიერ. ამ კონტექსტში, კონტროლი იგულისხმება მაშინ, როდესაც მშობელი კომპანია მოიპოვებს სხვა ერთეულის ხმის უფლების ნახევარზე მეტს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხმის უფლების ნახევარზე მეტი არ არის მოპოვებული, კონტროლი შესაძლოა დადასტურდეს შემდეგი ფაქტორებით: სხვა ინვესტორებთან შეთანხმების საფუძველზე ხმის უფლების ნახევარზე მეტის ფლობა; წესდების ან შეთანხმების საფუძველზე ორგანიზაციის ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკის მართვა; დირექტორთა საბჭოს წევრთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილება; დირექტორთა საბჭოს სხდომებზე ხმების უმრავლესობის ფლობა. © OECD

კომენტარი

მთავრობები ექსპორტს, როგორც წესი, ოთხი ძირითადი მიზეზით ზღუდავენ: საქონელზე შიდა ფასების შემცირება ადგილობრივი მომხმარებლებისა და ქვედა რგოლის საწარმოების სასარგებლოდ; შიდა წარმოების მარაგების რეზერვირება ქვეყნის შიგნით გამოსაყენებლად; ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდა უცხოელი კლიენტებისთვის; და სენსიტიურად მიჩნეული საქონლის უცხოური მთავრობებისა თუ სხვა გარე სუბიექტების ხელში მოხვედრის აღკვეთა.

საექსპორტო შეზღუდვების პრაქტიკული მაგალითები მრავალფეროვანია. ინდოეთის მთავრობა ხშირად მიმართავს ხახვის ექსპორტის კონტროლს მოსახლეობისთვის ამ სტრატეგიული საკვები პროდუქტის ფასის შესამცირებლად. ათი წლის წინ, ჩინეთის მთავრობამ დააწესა საექსპორტო ლიმიტები იშვიათ მიწათა ელემენტებზე (მინერალებზე) ქვედა რგოლის ინდუსტრიების ნედლეულით უზრუნველყოფის მიზნით. Global Trade Alert-ის მონაცემებით, 2020 წლის პირველ ნახევარში 72-მა მთავრობამ შემოიღო 159 სხვადასხვა სახის საექსპორტო კონტროლი სამედიცინო დანიშნულების საქონლის (მათ შორის, პერსონალური დაცვის საშუალებების, სამედიცინო აპარატურისა და მედიკამენტების) ტრანსსასაზღვრო გადაზიდვების ასაკრძალავად ან შესაზღუდად.

გარდა ამისა, მთავრობები, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, დგამენ ნაბიჯებს ისეთი პროდუქტების ფასების ასამაღლებლად, როგორიცაა ნავთობი და ბრინჯი. სხვა შემთხვევებში, სახელმწიფოებში მოქმედებს სპეციალური რეჟიმები ორმაგი დანიშნულების ან ინოვაციური ტექნოლოგიების ექსპორტზე ნებართვების გასაცემად. გეოპოლიტიკური მეტოქეობის გამძაფრებასთან ერთად, საექსპორტო კონტროლის მსგავს მექანიზმებს სულ უფრო მეტი დასახელების პროდუქტი ექვემდებარება. როგორც აღნიშნული მაგალითები მოწმობს, მთავრობის მიერ დაწესებული საექსპორტო შეზღუდვები მრავალგვარ საჯარო ინტერესს ემსახურება და ფართოდ გამოყენებადი ინსტრუმენტია.

ზემოხსენებული ბოლო წინადადება არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, თითქოს საექსპორტო შეზღუდვები საჯარო პოლიტიკის მიზნების მიღწევის ოპტიმალურ საშუალებას წარმოადგენს. მართლაც, მთავრობები ხშირად მიმართავენ ექსპორტის შეზღუდვას, როგორც გადაუდებელ ღონისძიებას შიდა დეფიციტის პირობებში. ხშირ შემთხვევაში, სათანადოდ არ ფასდება დეფიციტის გამომწვევი პირველადი მიზეზები და მოთხოვნის პერიოდული ზრდის ფაქტორები; ასევე ის, თუ რამდენად შესაძლებელია კერძო სექტორის სტიმულირება წარმოებისა და მიწოდების გაზრდის მიზნით, ან შეუძლია თუ არა მარაგების დაგროვებასა და სხვა ალტერნატიულ მექანიზმებს დეფიციტის ხანგრძლივობისა და მასშტაბების შეზღუდვა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საექსპორტო შეზღუდვების დაწესებაზე დიდ გავლენას ახდენენ ამ დარგის ოფიციალური პირები, რომელთათვისაც ხშირად უცნობია კერძო სექტორის სტიმულირებისა და წარმოების ორგანიზების სპეციფიკა, რაც ხშირად ვრცელ ტრანსსასაზღვრო მიწოდების ჯაჭვებზეა დამოკიდებული.

იმ შემთხვევებში, როდესაც საექსპორტო ტრანზაქციები საგარეო პოლიტიკასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება, ოფიციალური გადაწყვეტილებების მიღებისას ეკონომიკური და კომერციული არგუმენტები ნაკლებმნიშვნელოვანი ხდება. ამ ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს საჯარო პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება ექსპორტის შეზღუდვის მიმართულებით (რასაც მოწმობს 2020 წლის პანდემიის დროს პერსონალური დაცვის საშუალებების ექსპორტზე მრავალრიცხოვანი აკრძალვების სწრაფი დაწესება და შემდგომი გაუქმება)“. კონკურენტულ ბაზარზე საექსპორტო შეზღუდვების გავლენის ეკონომიკური ანალიზი ხაზს უსვამს ამგვარი სავაჭრო პოლიტიკის რედისტრიბუციულ ხასიათს. ექსპორტის აკრძალვა ან სხვაგვარი ლიმიტირება ხელს უწყობს მიწოდების გადამისამართებას შიდა ბაზრებზე. შესაბამისად, საექსპორტო შეზღუდვები ზრდის ადგილობრივი მყიდველების კეთილდღეობას დაზარალებული ადგილობრივი მწარმოებლების ხარჯზე. იმ შემთხვევაში, როდესაც მთავრობა ზღუდავს, თუმცა სრულად არ კრძალავს ექსპორტს, უცხოელი კლიენტებისათვის დაწესებული მაღალი ფასები ქმნის ხელსაყრელ სავაჭრო პირობებს და პოტენციურად მაღალ შემოსავალს ექსპორტიორი ქვეყნისთვის. საექსპორტო შეზღუდვებით გამოწვეული გაურკვევლობისა და მათი გამოკვეთილი რედისტრიბუციული ეფექტის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, აღნიშნული პოლიტიკა დაექვემდებაროს სავალდებულო საერთაშორისო სავაჭრო ვალდებულებებს.

თუ დადგინდება, რომ მთავრობამ დაარღვია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები - როგორც ეს მოხდა 2012 წელს ჩინეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე Raw Materials - ვმო-ს დავების გადაწყვეტის მექანიზმის თანახმად, სამართალდამრღვევ სახელმწიფოს მხოლოდ მოცემული შეზღუდვის გაუქმება მოეთხოვება წესებთან შესაბამისობის აღსადგენად. ამასთან, სახელმწიფო არ არის ვალდებული, შესთავაზოს ფულადი კომპენსაცია დაზარალებულ მესამე პირებს“. სახელმწიფოს მიერ დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების დროებითი ხასიათის გათვალისწინებით, ხშირ შემთხვევაში მსგავსი ღონისძიებების მოქმედების ვადა იწურება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) არბიტრაჟის (Panel) ან სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილების მიღებამდე. გარდა ამისა, რეგიონული თუ გლობალური საგანგებო სიტუაციების დროს, როდესაც რამდენიმე სახელმწიფო ერთდროულად აწესებს საექსპორტო შეზღუდვებს, მცირდება მოტივაცია იმისა, რომ რომელიმე მათგანმა აღძრას დავა WTO-ს ფარგლებში მეორის წინააღმდეგ. აღნიშნული მიზეზების გამო, პრაქტიკაში, WTO-ს სავალდებულო ნორმები საექსპორტო შეზღუდვების შესახებ ნაკლებად ეფექტიანია. ანალოგიურად, რეგიონული სავაჭრო შეთანხმებები მოიცავს ვალდებულებებს სახელმწიფოების მიერ ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების“ 36-ე მუხლიც კი აძლევს წევრ სახელმწიფოებს უფლებას, დააწესონ საექსპორტო კონტროლი, „როდესაც ეს გამართლებულია ზოგადი, არაეკონომიკური მოსაზრებებით (მაგ. საზოგადოებრივი მორალი, საჯარო წესრიგი ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება)“.

არსებობს სახელმწიფოს მიერ დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების კიდევ ერთი სპეციფიკური ასპექტი: ზოგიერთი მთავრობა უფლებას აძლევს კერძო სექტორის კომპანიებს, რომლებიც სხვა პირობებში ერთმანეთის კონკურენტები იქნებოდნენ, შექმნან ერთიანი მარკეტინგული და გაყიდვების ორგანიზაციები. შეერთებულ შტატებში 1918 წლის „საექსპორტო ვაჭრობის აქტი“ (ცნობილი როგორც Webb-Pomerene Act) გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში ითვალისწინებს საგამონაკლისო წესს აშშ-ის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის კარტელური დებულებებიდან იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აყალიბებენ „საექსპორტო სავაჭრო ასოციაციებს“.

ეკონომიკურ აგენტთა ჯგუფი (GROUP OF UNDERTAKINGS)