ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101-ე ან 102-ე მუხლების დარღვევა დიდ ზიანს აყენებს მთლიანად ეკონომიკას და აფერხებს შიდა ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას. ასეთი ზიანის თავიდან ასაცილებლად, კომისია უფლებამოსილია დააკისროს ჯარიმები ეკონომიკურ აგენტებსა და ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციებს ევროკავშირის კონკურენციის წესების დარღვევისთვის.
კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმების მიზანია პრევენცია - კერძოდ, სამართალდამრღვევი ეკონომიკური აგენტების დასჯა (სპეციალური პრევენცია) და სხვა ეკონომიკური აგენტების შეკავება TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლების საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებისგან ან გაგრძელებისგან (ზოგადი პრევენცია).
გარდა ამისა, TFEU-ს 101-ე ან 102-ე მუხლების დარღვევა დიდ ზიანს აყენებს მომხმარებლებსა და ეკონომიკურ აგენტებს. ნებისმიერ პირს, რომელმაც ზიანი განიცადა ევროკავშირის კონკურენციის წესების დარღვევის შედეგად, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. ეს გარანტირებულია ევროკავშირის სამართლით, რაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი.
მაშინ, როცა ჯარიმების მიზანი პრევენციაა, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელების დანიშნულება დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსწორებაა. მომხმარებლებისა და ეკონომიკური აგენტებისთვის ზიანის ანაზღაურების უფრო ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობა, თავისთავად, დადებით შედეგებს გამოიღებს მომავალი დარღვევების პრევენციისა და ამ წესების უფრო მკაცრი დაცვის უზრუნველყოფის კუთხით. ნებისმიერ პირს შეუძლია მოითხოვოს მიყენებული ზიანის კომპენსაცია, თუ არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ ზიანსა და ევროკავშირის კონკურენციის წესებით აკრძალულ შეთანხმებას ან პრაქტიკას შორის.
მიყენებული ზიანის კომპენსაცია ნიშნავს დაზარალებული მხარეების იმ მდგომარეობაში ჩაყენებას, რომელშიც ისინი იქნებოდნენ, TFEU-ს 101-ე ან 102-ე მუხლების დარღვევას რომ არ ჰქონოდა ადგილი (But-for scenario). შესაბამისად, პირდაპირი მოქმედების მქონე ევროკავშირის წესების დარღვევით დაზარალებულ მხარეებს სრულად უნდა აღუდგეთ მათი დანაკარგების რეალური ღირებულება.
სრული კომპენსაციის უფლება მოიცავს:
რეალურ ზიანს (damnum emergens);
მიუღებელ შემოსავალს (lucrum cessans), რომელიც მიყენებულია დარღვევის შედეგად;
სარგებლის (პროცენტის) დარიცხვას ზიანის დადგომის მომენტიდან. © ევროპული კომისია
კონკურენციის სამართლის დარღვევა, როგორიცაა კარტელური შეთანხმებები და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ორმაგ უარყოფით ეფექტს იწვევს. პირველ რიგში, ისინი ზღუდავენ კონკურენციას და უარყოფით გავლენას ახდენენ როგორც ზოგად სოციალურ, ისე უშუალოდ მომხმარებელთა კეთილდღეობაზე; კერძოდ, იწვევენ ფასების ზრდას, მიწოდების შეზღუდვას ან ბაზრის მონაწილეთა გამოდევნას. მეორე მხრივ, დარღვევით გამოწვეული ფასების მატება აიძულებს მომხმარებლებს (პირდაპირ მყიდველებს), გადაიხადონ იმაზე მაღალი ფასი, ვიდრე დარღვევის არარსებობის პირობებში იქნებოდა. ეს სხვაობა, რომელიც ცნობილია როგორც ზედმეტი ფასნამატი, წარმოადგენს კონკურენციის შეზღუდვის ზიანის რაოდენობრივ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ პირდაპირ მყიდველებს შეუძლიათ თავად აითვისონ დარღვევის შედეგები ან, ბაზრის პირობებიდან გამომდინარე, გადააკისრონ იგი საკუთარ მომხმარებლებს (არაპირდაპირ მყიდველებს).
ზიანის ანაზღაურება მიზნად ისახავს კონკურენციის სამართლის დარღვევით მიყენებული ინდივიდუალური ზიანის რესტიტუციას. ეროვნული დელიქტური სამართლის წესების თანახმად, მოსარჩელეებმა უნდა დაამტკიცონ, რომ: (i) ადგილი ჰქონდა კონკურენციის სამართლის დარღვევას; (ii) მათ მიადგათ ზიანი; (iii) არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მიყენებულ ზიანსა და კონკურენციის საწინააღდეგო ქცევას შორის და, საჭიროების შემთხვევაში, (iv) იკვეთება მოპასუხის ბრალეულობა. დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს შემდეგი სახის ზიანის ანაზღაურება: ფაქტობრივი ზარალი და მიუღებელი შემოსავალი, დამატებული შესაბამისი პროცენტი (იხ. საქმე Manfredi). იურისდიქციის მიხედვით, მოსარჩელეებს ასევე შეუძლიათ მოითხოვონ კომპენსაცია თანმდევი და არამატერიალური ზიანისთვის, როგორიცაა რეპუტაციული ზიანი, თუმცა ამ უკანასკნელის პრაქტიკაში გამოყენება იშვიათია“.
ზიანის ანაზღაურების მიზნები: კომპენსაცია და შემაკავებელი ეფექტი
კონკურენციის სამართლის დარღვევისათვის დაკისრებულ ზიანის ანაზღაურებას ორმხრივი მიზანი აქვს. უპირველეს ყოვლისა, იგი ემსახურება დაზარალებულის კომპენსაციას, ხოლო მეორე მხრივ, გააჩნია შემაკავებელი ეფექტი პოტენციურ სამართალდამრღვევებზე. ვინაიდან ზიანის ანაზღაურება თავისი არსით ყოველთვის კომპენსატორულია, ამ უკანასკნელ მიზანზე გადაჭარბებულმა აქცენტირებამ შესაძლოა მას სადამსჯელო ხასიათი შესძინოს.
ზიანის ანაზღაურების ორმაგი ბუნება უდავოა, მიუხედავად ცალკეული იურისდიქციების სამართლებრივი ტრადიციებისა. ევროკავშირი, 2014 წლის „ზიანის ანაზღაურების შესახებ“ დირექტივა (რომელმაც მოახდინა წევრი სახელმწიფოების რეჟიმების ნაწილობრივი ჰარმონიზაცია) და თავად წევრი ქვეყნები წარმოადგენენ იმ იურისდიქციების პარადიგმას, სადაც პრიორიტეტულია დაზარალებულტა რესტიტუცია: მათი სისტემები აგებულია სრული კომპენსაციის პრინციპზე. გარდა ამისა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განაცხადა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ხელს უწყობს TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლებით გათვალისწინებული აკრძალვების ეფექტიანობას (იხ. საქმეები Courage, Skanska და Sumal). აღნიშნული წარმოადგენს თანმდევი შემაკავებელი ეფექტის აშკარა აღიარებას. ნორვეგიის ზიანის ანაზღაურების რეჟიმი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან და ითვალისწინებს მიყენებული ზიანის წმინდა ოდენობის ანაზღაურებას“.
თუმცა, სხვა იურისდიქციებში ზიანის ანაზღაურება პრიორიტეტულად სადამსჯელო ხასიათს ატარებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფედერალურ დონეზე, „კლეიტონის აქტის“ მე-4 მუხლი დაზარალებულს საშუალებას აძლევს, მოითხოვოს სამმაგი ზიანის ანაზღაურება (treble damages). აშშ-ში კონკურენციის სამართლის აღსრულება დიდწილად ეყრდნობა კერძო სარჩელებს, მათ წახალისებასა და სამმაგი ზიანის ანაზღაურების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.
ზიანის რაოდენობრივი შეფასება
ზიანის ოდენობის განსაზღვრა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის წინაშეც მოსარჩელეები, მოპასუხეები და სასამართლოები ზიანის ანაზღაურების შესახებ დავებისას დგებიან. ბაზრის სპეციფიკური გარემოებები და იმ ჰიპოთეტური სცენარის დაკვირვების შეუძლებლობა, თუ რა მდგომარეობა იქნებოდა ბაზარზე დარღვევას რომ არ ჰქონოდა ადგილი, ამ პროცესს განსაკუთრებით ართულებს. მიუხედავად ამისა, მხარეებს მაინც მოეთხოვებათრაოდენობრივი შეფასების მაქსიმალური სიზუსტით წარმოდგენა.
აღნიშნული მიზნით, ევროკომისიამ 2013 წელს გამოსცა პრაქტიკული გზამკვლევი კონკურენციის წესების დარღვევის ზიანის განსაზღვრის შესახებ, ხოლო 2019 წელს სახელმძღვანელო მითითებები ეროვნული სასამართლოებისთვის. ეს დოკუმენტები ადგენს რამდენიმე მეთოდს, რომლებიც მხარეებს ჰიპოთეტური სცენარის შემუშავებაში ეხმარება, რაც მათ საშუალებას აძლევს, რაოდენობრივად ასახონ დარღვევის გავლენა და შეაფასონ მიყენებული წმინდა ზარალი. საკმარისი მონაცემების არსებობისას, ეკონომიკურ ექსპერტებს შეუძლიათ მოამზადონ დასკვნები და დაადგინონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი მყიდველების მიერ განცდილი ზიანი: რეალური ზარალი (ზედმეტი ფასნამატის გადაკისრებული წილის ჩათვლით), მიუღებელი შემოსავალი და დაკარგული შესაძლებლობა, დამატებული შესაბამისი პროცენტი.
გაიდლაინები ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მოსამართლეებისთვის, რომლებმაც უნდა შეაფასონ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური დასკვნები და განსაზღვრონ, რამდენად მყარია ისინი სარწმუნო შედეგის მისაღებად და მტკიცებულებების დასასაბუთებლად. თუ ანგარიში არგუმენტირებულია და ეფუძნება საფუძვლიან ეკონომიკურ თეორიას, ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია სრულად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ეკონომიკური შეფასება არ არის საკმარისად დასაბუთებული ან შეიცავს მეთოდოლოგიურ ხარვეზებს, შედეგი შესაძლოა იყოს სარჩელის უარყოფა ან მიყენებული ზიანის ოდენობის შემცირება სასამართლოს შეფასების საფუძველზე.
ეს უკანასკნელი შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაასკვნის, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ყველა სხვა სამართლებრივი საფუძველი და სცადა ზუსტი ეკონომიკური შეფასების წარმოდგენა, თუმცა ზიანის რაოდენობრივი განსაზღვრა გადამეტებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული ან პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში სასამართლომ შესაძლოა განახორციელოს ზიანის ex novo შეფასება ან გამოიყენოს ერთ-ერთი წარმოდგენილი ანგარიში ამოსავალ წერტილად. მაგალითად, მსგავსი მიდგომა იქნა გამოყენებული ესპანეთის სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებში „ქაღალდის კონვერტების კარტელისა“ და „სატვირთო მანქანების კარტელის“ საქმეებზე.
კოლექტიური სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ
უფლებამოსილი პირთა წრის გაფართოებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერს უშუალო კლიენტებიდან დაწყებული, საბოლოო მომხმარებლებით დასრულებული. როგორც წესი, რაც უფრო მცირეა მიყენებული ზიანი, მით უფრო ნაკლებია დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა და რთულდება მისი რაოდენობრივი განსაზღვრა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზედმეტი ანაზღაურება დაუშვებელია. იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება მცირე მოცულობისა და გაფანტულ ზიანს, კოლექტიური სამართლებრივი დაცვის მექანიზმები შესაძლოა გახდეს ეფექტიანი საშუალება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის რეალიზაციისთვის. თუმცა, მთავარ სირთულეს წარმოადგენს თითოეული მსხვერპლისთვის ზიანის იმგვარი ოდენობის განსაზღვრა, რომ დაცული იყოს სრული რესტიტუციის პრინციპი. ამგვარ სიტუაციაში, დადგენილი თანხა, სავარაუდოდ, მთლიანი კოლექტივისთვის მიყენებული ზიანის გაერთიანებულ (აგრეგირებულ) მაჩვენებელს წარმოადგენს, რამაც შესაძლოა ინდივიდუალურ მსხვერპლთა არასაკმარისი კომპენსაცია გამოიწვიოს, ვინაიდან თითოეული მათგანის ინდივიდუალური ზიანი არ არის დიფერენცირებული.