თანაბრად ეფექტიანი კონკურენტი (AS-EFFICIENT COMPETITOR (AEC))

კომენტარი

“თანაბრად ეფექტიანი კონკურენტის“ პრინციპი არის ანალიტიკური ჩარჩო, რომელიც კონკურენციის სამართალში გამოიყენება დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბაზრიდან განდევნის ფორმების გასამიჯნად ჯანსაღი კონკურენტული პროცესებისგან. ეკონომიკურ პრინციპებზე დაყრდნობით, ეს მიდგომა ადგენს, რომ დომინანტი ეკონომიკური აგენტის ქმედება მიიჩნევა კონკურენციის საწინააღმდეგოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იწვევს ჰიპოთეტური, ისეთივე ეფექტიანი კონკურენტის ბაზრიდან გამოდევნას.

ევროკავშირში აღნიშნული პრინციპი დამკვიდრდა ევროკომისიის 2009 წლის სახელმძღვანელო მითითებებით, რომლებიც ეხება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 102-ე მუხლის გამოყენების პრიორიტეტებს ბაზრიდან განდევნისკენ მიმართული ქმედებების გამოყენების მიმართ. იმ პერიოდში მიზანი იყო ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკის ფოკუსის გადატანა უშუალოდ კონკურენტების დაცვიდან ზოგადად კონკურენციის პროცესის დაცვაზე. ეს ცვლილება აღიარებდა, რომ ჯანსაღმა კონკურენციამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაკლებად ეფექტიანი კონკურენტების ბაზრიდან განდევნა. მსგავსი, ნაკლებად ეფექტიანი კონკურენტების დაცვით, ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკა რისკავს, რომ შეასუსტოს დომინანტი კომპანიების მოტივაცია - შეამცირონ ხარჯები, განახორციელონ ინვესტიციები და ინოვაციები - რაც, ფაქტობრივად, ახშობს კონკურენციის პროცესს და საბოლოოდ აზიანებს მომხმარებელს.

გარდა იმისა, რომ AEC პრინციპი თავიდან აცილებს უშუალოდ კონკურენტების დაცვას, მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ხელს უწყობს კონკურენციის სამართლის აღსრულების პროგნოზირებადობას (განჭვრეტადობას) და ამარტივებს კანონმდებლობასთან შესაბამისობას თვითშეფასების პრაქტიკული ანალიტიკური ჩარჩოს შექმნის გზით. კერძოდ, დომინანტ კომპანიებს მართებთ საკუთარი ქმედების შედეგების განხილვა მხოლოდ ჰიპოთეტურ, ისეთივე ეფექტიან კონკურენტთან მიმართებით და არა რეალურ კონკურენტებთან მიმართებით, რომელთა ხარჯების სტრუქტურა და მოთხოვნის მაჩვენებლები მათთვის, სავარაუდოდ, უცნობია.

პრაქტიკაში, AEC ტესტები შემუშავდა AEC პრინციპის მათემატიკურ აბსტრაქციებში გადასატანად, რაც ეხმარება კონკრეტულ საქმეებში ამ პრინციპის შეფასებას. ის, თუ ზუსტად როგორ გამოიყენება პრინციპი - და, შესაბამისად, როგორია AEC ტესტი - დამოკიდებულია განსახილველ სპეციფიკურ ქმედებაზე.

მაგალითად, მტაცებლური ფასწარმოქმნის საქმეებში (მაგ. Post Danmark), AEC პრინციპი და ტესტი უბრალოდ სვამს კითხვას: არის თუ არა დომინანტი კომპანიის მიერ დაწესებული ფასები მის ზღვრულ დანახარჯებზე დაბალი? ამ დროს დისკუსიის უდიდესი ნაწილი ფოკუსირებულია იმაზე, თუ ზუსტად რომელი ფასები და ზღვრული ხარჯები უნდა იქნეს გათვალისწინებული, რა დროის მონაკვეთში და რა შესაძლო გამაწონასწორებელი არგუმენტები არსებობს თვითღირებულებაზე დაბალი ფასების დასასაბუთებლად.

მარჟის შეზღუდვის საქმეებში (მაგ. Slovak Telekom), AEC პრინციპი და ტესტი სვამს კითხვას: არის თუ არა ვერტიკალურად ინტეგრირებული დომინანტი კომპანიის საბითუმო (ზედა რგოლის) და საცალო (ქვედა რგოლის) ფასები ისეთი, რომ ჰიპოთეტურმა კონკურენტმა, რომელსაც იგივე ზღვრული დანახარჯები აქვს, შეძლოს მოგების მიღება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს ამ საბითუმო ფასად იყიდის და იმავე საცალო ფასად გაყიდის. აქაც დისკუსიის ძირითადი ნაწილი მიმართულია იმისკენ, თუ ზუსტად რომელი ხარჯები უნდა იქნეს გათვალისწინებული.

ლოიალურობის ფასდათმობების საქმეებში (მაგ. Intel), AEC პრინციპი და ტესტი იკვლევს: არის თუ არა სხვაობა დომინანტი კომპანიის ფასდათმობამდე არსებულ და ფასდათმობის შემდგომ ფასს შორის ისეთი, რომ იმავე ზღვრული დანახარჯების მქონე ჰიპოთეტურმა კონკურენტმა შეძლოს მომხმარებლისთვის იმ დანაკარგის მომგებიანად ანაზღაურება, რომელსაც ეს უკანასკნელი განიცდის მოთხოვნის იმ ნაწილზე, რომლის ყიდვაც მას აუცილებლად დომინანტი კომპანიისგან უწევს (ე.წ. მოთხოვნის არაკონკურენტული წილი). ასეთ შემთხვევებში დისკუსია ფოკუსირებულია არა მხოლოდ ხარჯებზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ არის სტრუქტურირებული ფასდათმობები და როგორია მოთხოვნის არაკონკურენტული წილის მოცულობა.

და ბოლოს, AEC პრინციპი (და პოტენციურად ტესტიც) შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არაფასისმიერი ქმედებების დროსაც, როგორიცაა პროდუქტთა დაკავშირებული გაყიდვა და შეფუთვა ან თვით-პრეფერენცირება. მაგალითად, თვით-პრეფერენცირების საქმეებში (მაგ. Google Shopping), AEC პრინციპი სვამს კითხვას: აძლევს თუ არა მოთხოვნის შემცირება იმავე ზღვრული ხარჯების მქონე ჰიპოთეტურ კონკურენტს მომგებიანად ოპერირების საშუალებას. ამ საკითხის შემდგომი განვითარება (მათ შორის წინადადება იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს AEC ტესტი თვით-პრეფერენცირების საქმეებში) მოცემულია გოდინისა და მანძარის ნაშრომში (2022).

მიუხედავად იმისა, რომ AEC პრინციპი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონკურენციის დაცვაზე (და არა თავად კონკურენტების დაცვაზე) ფოკუსირებას, ისევე როგორც პროგნოზირებადობასა და შესაბამისობას, მას მაინც ახასიათებს გარკვეული ნაკლოვანებები. კერძოდ - როგორც აღნიშნულია 2009 წლის სახელმძღვანელო მითითებების ანალიზში, რომელიც მომზადდა გამომრიცხავი ბოროტად გამოყენების შესახებ ახალი გაიდლაინების შემუშავებამდე (McCallum et. al, 2023) - ბაზარზე ახალი მოთამაშეებისა და ჯერ კიდევ „არა თანაბრად ეფექტიანი“ კონკურენტების დაცვა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს განვითარებად ბაზრებზე ან ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ინდუსტრიებში დინამიკური კონკურენციის სტიმულირებისთვის.

უფრო მეტიც, ეკონომიკურ თეორიაში აღიარებულია, რომ სტატიკური პერსპექტივიდანაც კი (მაგალითად, ხარჯების ცვლილების ან ინოვაციების გაუთვალისწინებლად), სტრუქტურულად ნაკლებად ეფექტიან კონკურენტებს მაინც შეუძლიათ მნიშვნელოვანი კონკურენციული შეზღუდვები დაუწესონ დომინანტ კომპანიებს. ასეთ შემთხვევებში, AEC პრინციპის მკაცრმა დაცვამ შესაძლოა უგულებელყოს ნაკლებად ეფექტიანი კონკურენტების დაცვით მიღებული სარგებელი. თუმცა, გამომრიცხავი ბოროტად გამოყენების ნებისმიერი ალტერნატიული მიდგომა, რომელიც ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრას ისახავს მიზნად, იდეალურ შემთხვევაში, ასევე უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად შეინარჩუნოს AEC პრინციპის ძირითადი უპირატესობები - კერძოდ, ორიენტირება ზოგადად კონკურენციის (და არა თავად კონკურენტების) დაცვაზე და მისი დადებითი გავლენა სამართლებრივ პროგნოზირებადობასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.