თანმდევი შეზღუდვები (ANCILLARY RESTRAINTS)

ინსტიტუციური განმარტება

ხელშეკრულების მხარეებისთვის (მათ შორის კონცენტრაციის განხორციელების შესახებ შეთანხმებისას) დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც არ წარმოადგენს ხელშეკრულების ძირითად საგანს, თუმცა პირდაპირ კავშირშია მასთან და აუცილებელია შეთანხმებით დასახული მიზნების გამართლებული ფუნქციონირებისთვის.

თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების სფეროში ამის მაგალითია კვლევისა და განვითარების (R&D) ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც მხარეებს ეკრძალებათ დამოუკიდებლად ან მესამე პირებთან ერთად განახორციელონ კვლევები და განვითარება იმ სფეროში, რომელსაც ეს შეთანხმება ეხება.

ხოლო კონცენტრაციასთან თანმდევი შეზღუდვის მაგალითია კონკურენციის გაუწევლობის პირობა, რომელსაც მყიდველი გარდამავალი პერიოდით უწესებს გამყიდველს. (იხილეთ კონცენტრაციების შესახებ რეგულაცია, კომისიის სახელმძღვანელო მითითებები კონცენტრაციებთან პირდაპირ დაკავშირებული და აუცილებელი შეზღუდვების შესახებ (2005/C 56/03)) © ევროპული კომისია

კომენტარი

ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101(1) მუხლი კრძალავს იმ შეთანხმებებს, რომელთა მიზანს ან შედეგს კონკურენციის შეზღუდვა წარმოადგენს, თუ ისინი არ აკმაყოფილებენ 101(3) მუხლის კრიტერიუმებს. მართლმსაჯულების სასამართლოს განმარტებით, „ეკონომიკურ აგენტებს შორის ყოველი შეთანხმება ან საწარმოთა გაერთიანების ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც ზღუდავს მხარეთა ან ერთ-ერთი მათგანის მოქმედების თავისუფლებას, აუცილებლად ექვემდებარება 101(1) მუხლით დადგენილ აკრძალვას“ (იხ. Wouters, 2002, პუნქტი 97).

TFEU-ს 101(1) მუხლი არ ვრცელდება შეთანხმების იმ შეზღუდვებზე, რომლებიც ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის განსახორციელებლად და რომლებსაც ნეიტრალური ან დადებითი გავლენა გააჩნიათ კონკურენციაზე. შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული და პირდაპირ დაკავშირებული ხელშეკრულების ლეგიტიმურ მიზანთან (იხ. MasterCard, 2014, პუნქტი 89). ამგვარ პირობებს „თანმდევი შეზღუდვები“ ეწოდება. კონცენტრაციის წარმატებით განხორციელებამ შესაძლოა ასევე მოითხოვოს კომპანიების მიერ გარკვეული თანმდევი შეზღუდვების დაწესება.

იმისათვის, რომ შეზღუდვა კლასიფიცირდეს როგორც „თანმდევი“, უნდა დაისვას კითხვა: „იქნებოდა თუ არა შეუძლებელი ძირითადი ოპერაციის განხორციელება მოცემული შეზღუდვის გარეშე?“ (MasterCard, 2014, პუნქტი 91). შეზღუდვა უნდა იყოს მკაცრად აუცილებელი (შეუცვლელი) ძირითადი ოპერაციის შესრულებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა სცილდება ობიექტური აუცილებლობის ფარგლებს ან არ არის დასახული მიზნის პროპორციული, იგი ფასდება TFEU-ს 101(1) მუხლის საფუძველზე ან განიხილება 101(3) მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო წესით.

თანმდევი შეზღუდვები, მათ შორის კონკურენციის გაუწევლობის გონივრული დათქმები, შესაძლოა დაწესდეს ფრენჩაიზის მიმღებზე ფრენჩაიზინგის ქსელის იმიჯისა და რეპუტაციის დასაცავად, რათა კონკურენტებმა არაპირდაპირ არ ისარგებლონ გაწეული მხარდაჭერით. ტერიტორიული შეზღუდვები შესაძლოა აუცილებელი გახდეს ახალ ბაზარზე შესვლის გასაადვილებლად ან შერჩევითი დისტრიბუციის სისტემაში „უფასო მხედრის“ ეფექტის თავიდან ასაცილებლად. შეზღუდვები ასევე შეიძლება დაწესდეს ერთობლივი შესყიდვების ასოციაციის წევრების მიმართ, რაც მათ საშუალებას აძლევს, ეფექტიანად გამოიყენონ მყიდველის დამაბალანსებელი ძალაუფლება მომწოდებლებთან ურთიერთობაში (ევროკომისია, 2022).

კვლევისა და განვითარების (R&D) ლეგიტიმური შეთანხმების ფარგლებში კონფიდენციალური ინფორმაციის მიმოცვლა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს თანმდევ შეზღუდვად (ევროკომისია, 2022, პუნქტი 152), თუ იგი ობიექტურად აუცილებელია R&D პროცესის განსახორციელებლად და დასახული მიზნების პროპორციულია. კონფიდენციალური ინფორმაციის (მათ შორის, ფასების შესახებ) გაცვლა ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს წარმოების შეთანხმების, ერთობლივი დისტრიბუციის ან ერთობლივი კომერციალიზაციის პროექტების რეალიზაციისათვის (ევროკომისია, 2022, პუნქტები 224-225; 376-377). ლეგიტიმური მიზნები შესაძლოა მოიცავდეს საჯარო პოლიტიკის ან მარეგულირებელი ამოცანების შესრულებას; მაგალითად, ნიდერლანდების ადვოკატთა ასოციაციის მიერ დადგენილ წესებს იურიდიული პროფესიის ჯეროვანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად (იხ. Wouters, პუნქტი 107). სპორტულ მარეგულირებელ ორგანოს კი შეუძლია დააწესოს შემზღუდავი ნორმები სპორტსმენთა მოქმედების თავისუფლებაზე (მაგალითად, ანტიდოპინგური წესების სახით), რათა უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობების დაცვა და სპორტული შეჯიბრებების სამართლიანად წარმართვა (იხ. Meca-Medina, 2006, პუნქტები 43-45)“.

მდგრადობის მიზნების მიღწევა ასევე შესაძლებელია თანმდევი შეზღუდვების მექანიზმის გამოყენებით. TFEU-ს 101-ე მუხლის მიზნებისათვის, ისინი არ წარმოადგენენ ჰორიზონტალური შეთანხმებების ცალკეულ კატეგორიას. ევროკომისიის განმარტებით, ამ შემთხვევაშიც გამოიყენება სტანდარტული კრიტერიუმები იმის დასადგენად, აქვს თუ არა დასახულ მიზანს ნეიტრალური ან დადებითი გავლენა კონკურენციაზე (იხ. ევროკომისია, 2022, თავი 9).

თანმდევი შეზღუდვები შესაძლოა უშუალოდ უკავშირდებოდეს კონცენტრაციის ან შერწყმის პროცესს. მსგავსი პირობები, როგორც წესი, მხარეთა მხრიდან თვითშეფასებას ექვემდებარება, ვინაიდან „შერწყმის შესახებ“ რეგულაცია ავტომატურად ფარავს ასეთ შეზღუდვებს მას შემდეგ, რაც კონცენტრაცია ბაზართან თავსებადად გამოცხადდება. კომისიის მიერ ინდივიდუალური შეფასება შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ „კონკრეტული სიახლის ან გადაუჭრელი საკითხების არსებობისას, რომლებიც ნამდვილ სამართლებრივ გაურკვევლობას წარმოშობს“ (იხ. „შერწყმის შესახებ“ რეგულაცია, პუნქტი 21). ევროკომისიის სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, იმისათვის, რომ შეზღუდვა ჩაითვალოს ობიექტურად აუცილებლად, მის გარეშე შერწყმა „ვერ განხორციელდებოდა ან განხორციელდებოდა გაცილებით ბუნდოვან პირობებში, არსებითად მაღალი დანახარჯებით, უფრო ხანგრძლივ პერიოდში ან გაცილებით დიდი სირთულეებით“ (ევროკომისია, 2005, პუნქტი 13). ამის მაგალითებია პატენტებისა თუ ნოუ-ჰაუს ლიცენზირება.

თანმდევი შეზღუდვების დოქტრინა ასევე გამოიყენება აშშ-ის „შერმანის აქტის“ პირველი მუხლის საფუძველზე იმ შეზღუდვების დასასაბუთებლად, რომლებიც დაწესებულია ლეგიტიმური ბიზნესთანამშრომლობის ან ერთობლივი საწარმოების მიერ, სადაც კოორდინაციის გარკვეული ხარისხი აუცილებელია პროდუქტის ბაზარზე არსებობის უზრუნველსაყოფად. აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია და იუსტიციის დეპარტამენტი შეთანხმებას „გონივრულობის წესით“ გააანალიზებენ, თუ იგი წარმოადგენს „ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიანობის გამაძლიერებელ ინტეგრაციას... რომელიც გონივრულად არის დაკავშირებული ამ ინტეგრაციასთან და აუცილებელია მისი პროკონკურენტული სარგებლის მისაღწევად... იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი, სხვა პირობებში, შესაძლოა თავისთავად უკანონოდ მიჩნეულიყო“ (FTC და DOJ, 2000, გვ. 8).

თუმცა, თუ მონაწილეებს შეუძლიათ ეფექტიანობის გამაძლიერებელი ანალოგიური ან შესადარისი ინტეგრაციის მიღწევა პრაქტიკული გზით, მნიშვნელოვნად ნაკლებად შემზღუდველი საშუალებების გამოყენებით, სააგენტოები ასკვნიან, რომ შეთანხმება არ არის გონივრულად აუცილებელი“ (იქვე, გვ. 9). განსახილველი შეთანხმების კონტექსტის შესასწავლად, გონივრული ანალიზის სრული წესის ნაცვლად, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ე.წ. „სწრაფი გადახედვის“ მეთოდი. ქმედების „თავისთავად“ უკანონოდ მიჩნევა არასათანადოა იმ წესების დასაგმობად, სადაც კონკრეტული პრაქტიკის ეკონომიკური გავლენა დაუყოვნებლივ აშკარა არ არის.

მაგალითად, საავტორო უფლებებით დაცული მუსიკის სრული (პაკეტური) ლიცენზიები, რომლებიც სამაუწყებლო ქსელებზე გაიცა, არ იქნა მიჩნეული ფასების ფიქსირებად „შერმანის აქტის“ პირველი მუხლის საფუძველზე. აღნიშნული პრაქტიკა შეფასდა, როგორც ხარჯთეფექტური მეთოდი საავტორო უფლებების თითოეულ მფლობელთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების წარმოების პრაქტიკული შეუძლებლობის თავიდან ასაცილებლად; სასამართლოს განმარტებით: „ერთობლიობა ნამდვილად მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი; ეს გარკვეულწილად განსხვავებული პროდუქტია“ (იხ. Broadcast Music, Inc. v. CBS, 1979, გვ. 440-441).

ამის საპირისპიროდ, უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა თანმდევი შეზღუდვის დოქტრინის გამოყენებაზე ორ ნავთობკომპანიას შორის არსებულ ერთობლივ საწარმოში, რომელიც ბენზინის გადამუშავებისა და რეალიზაციის სფეროში მოქმედებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქმიანი პრაქტიკა მოიცავდა თავად ერთობლივი საწარმოს ძირითად საქმიანობას - კერძოდ, წარმოებული და გაყიდული საქონლის ფასწარმოქმნას (იხ. Texaco Inc. v. Dagher, 2006, გვ. 7-8). რაც შეეხება სპორტულ ორგანიზაციებს, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები, რომლებიც სამოყვარულო გუნდებს შორის კონკურენტულ ბალანსს ინარჩუნებენ, ზოგადად ლეგიტიმური და პროკონკურენტულია, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სტუდენტი სპორტსმენების კომპენსაციის შეზღუდვები არ შეიძლება განიხილებოდეს „სწრაფი გადახედვის“ მეთოდით. აღნიშნული მოითხოვს გონივრული ანალიზის სრულ წესს, ვინაიდან NCAA სარგებლობდა მონოფსონიური ძალაუფლებით სტუდენტი სპორტსმენების შრომის ბაზარზე (იხ. NCAA v. Alston, 2021, გვ. 15-19).