თიფინგი (ბაზრის გადახრა) (TIPPING)

კომენტარი

კონკურენციის ორგანოები სულ უფრო მეტად გამოხატავენ შეშფოთებას იმის გამო, რომ გარკვეული ბაზრები, განსაკუთრებით ციფრული პლატფორმები, ბაზრის გადახრისკენ არიან მიდრეკილნი. არსებობს მოსაზრება, რომ ბაზრის გადახრის შემდეგ იკვეთება ფენომენი - „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“, რაც გარდაუვალ საბაზრო ჩავარდნას იწვევს. ჯერჯერობით არ არსებობს ჩამოყალიბებული ობიექტური ტესტი იმის გამოსავლენად, თუ რომელი ბაზრებია მიდრეკილი მონოპოლიისკენ, რომელი მახასიათებლები აძლიერებს ან ამსუბუქებს ამ პროცესს, ან მიაღწია თუ არა ბაზარმა უკვე გარდატეხის წერტილს.

ბაზრის გადახრა ყველაზე მეტად დამახასიათებელია ძლიერი ქსელური ეფექტების მქონე ბაზრებისთვის. ქსელური ეფექტი ვლინდება მაშინ, როდესაც პროდუქტის ან სერვისის შინაგანი ღირებულება იზრდება მისი მომხმარებლების რაოდენობის მატებასთან ერთად. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი ქსელური ეფექტი - როდესაც მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა იმავე კატეგორიაში (ბაზრის ერთ მხარეს) ქმნის მეტ ღირებულებას ამავე ჯგუფისთვის, ან არაპირდაპირი ქსელური ეფექტი - განსაკუთრებით მრავალმხრივ პლატფორმებზე, როდესაც პლატფორმის ერთ მხარეს მომხმარებელთა ზრდა ზრდის ღირებულებას მეორე მხარისთვის ან მთლიანი პლატფორმის მასშტაბით.

ამ პროცესს ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის „დადებითი უკუკავშირის მარყუჟები“ და გადართვის დანახარჯები. მაგალითად, კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს არსებული მომხმარებლების მონაცემები სერვისის დასახვეწად და ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რათა კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი მოიზიდოს. ანალოგიურად, სააბონენტო ხარჯებმა და სხვადასხვა ანგარიშებს შორის გადასვლის სირთულემ შესაძლოა მომხმარებელს სერვისის შეცვლის სურვილი დაუკარგოს. შედეგად, კომპანიამ, რომელიც ადრეულ ეტაპზე მოიპოვებს ლიდერობას, შესაძლოა ბაზრის სრული მონოპოლიზება მოახდინოს.

მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებლები დაინტერესებულნი არიან, შეაჩერონ ბაზრის მონოპოლიაზე გადასვლა მის დადგომამდე, რეალობა ისაა, რომ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ იქნება ლიდერი მოცემულ ბაზარზე, როდის მოხდება ეს პროცესი, ან იქნება იგი ხანმოკლე თუ ხანგრძლივი ეფექტის მქონე. უფრო მეტიც, ბაზრის გადახრა შესაძლოა ასახავდეს ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ინვესტიციების ღირებულების აღქმას, ისევე როგორც ახალი, მანამდე შეუსწავლელი ბაზრების ათვისებას.

ბაზრები, რომლებიც მონოპოლიისკენ იხრებიან, შესაძლოა კვლავ დარჩნენ სადავო ბაზრებად. კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

სიმწიფის დონეზე (ბაზარი ფართოვდება, სტაბილურია თუ კლებულობს);

მომხმარებელთა პრეფერენციებსა და ინოვაციის როლზე;

ქსელური ეფექტების მახასიათებლებზე (მაგალითად, არის თუ არა ისინი ლოკალური, ეროვნული თუ საერთაშორისო მასშტაბის, ასაკობრივი ან დემოგრაფიული სპეციფიკის მქონე და ა.შ.).

თუ ბაზარი ფართოვდება, ახალ კომპანიებს მომხმარებელთა ახალი ჯგუფების მოზიდვა შეუძლიათ. როდესაც პროდუქტის მიწოდება სხვადასხვა ფორმითა თუ პაკეტებითაა შესაძლებელი, კონკურენტებმა შესაძლოა ინოვაციური ძალისხმევა მოხმარების ალტერნატიული რეჟიმის დასანერგად მიმართონ. ბაზრებზე, სადაც გადახრა სპეციფიკური ქსელური ეფექტების გამო ხდება, პროცესის გახანგრძლივება ნაკლებად სავარაუდოა. ასევე, გადახრა შეიძლება მოხდეს ლოკალურ დონეზე ან ბაზრის შიდა სეგმენტებში და არ გამოიწვიოს კონკურენტული ზეწოლის სრული შეზღუდვა.

აქტუალურია ბაზრის თიფინგი და კონკურენციის საწინააღმდეგო საბაზრო ძალაუფლების გამყარების დიფერენცირება. მიუხედავად იმისა, რომ მონოპოლიაზე გადასვლა ძირითადად ბაზრის სტრუქტურულ მახასიათებლებთანაა დაკავშირებული და საბაზრო ჩავარდნად განიხილება, კონკურენციის საწინააღმდეგო გამყარება დომინანტი კომპანიის უკანონო სტრატეგიიდან გამომდინარეობს, რომლის მიზანია საბაზრო ძალაუფლების ხელოვნური შენარჩუნება და კონკურენციისთვის ხელის შეშლა.

მაგალითად, ეს ეხება დომინანტ კომპანიას, რომელიც დებს ექსკლუზიურ გარიგებებს და ამით ბლოკავს მომხმარებელთა მნიშვნელოვან ჯგუფებს, რაც სპობს ყოველგვარ კონკურენტუნარიანობას. ასევე, ეს შეიძლება იყოს დომინანტური პლატფორმა, რომელიც ადგენს ნაგულისხმევ წესებს საკუთარი პროდუქტების/მომსახურებების სასარგებლოდ და ამით მომხმარებლებს კონკურენტებისგან აშორებს. პრაქტიკულად არცერთ იურისდიქციაში საბაზრო ძალაუფლების გამყარება თავისთავად უკანონო არ არის. კონკურენტული ზიანის გამყარების თეორიები ექვემდებარება „გონივრულობის წესით“ შეფასებას, რაც გულისხმობს კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შედარებას იმ ეფექტიანობასთან, რომელიც მოცემული ქცევიდან გამომდინარეობს.

შესაბამისად, ბაზარი შეიძლება იყოს მიდრეკილი მონოპოლიისკენ, თუმცა ეს ავტომატურად არ იწვევს კონკურენციის საწინააღმდეგო ქცევას. მონოპოლიაზე გადასვლა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც გაძლიერებული დომინანტობის მანიშნებელი, რაც ამყარებს მოსარჩელის პრეტენზიას დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ, თუმცა იგი არ არის საკმარისი იურიდიული საფუძველი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. მართლაც, აშშ-ის შერმანის აქტი (15 U.S.C. სექცია 2) კრძალავს მონოპოლიზაციას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონოპოლიური ძალაუფლება მოპოვებულია ან შენარჩუნებულია უკანონო გზით. ანალოგიურად, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 102-ე მუხლით უკანონოა უკვე არსებული დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება.

მაგალითად, Microsoft-ის (2008) საქმეში ევროკომისიამ დაგმო კომპანიის მიერ მედია ფლეერების ბაზარზე მონოპოლიაზე გადასვლის პროცესი, რადგან ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ Microsoft-მა ბოროტად გამოიყენა თავისი დომინანტური პოზიცია პერსონალური კომპიუტერების (PC) ოპერაციულ სისტემებში და Windows Media Player-ი Windows-თან დააკავშირა.

ბრაზილიის კონკურენციის ორგანო, ამ ტენდენციის კვალდაკვალ, ციფრულ პლატფორმებთან დაკავშირებულ საქმეებში ბაზრის გადახრას საბაზრო ძალაუფლების პირდაპირ ინდიკატორად მიიჩნევს. უწყება ხაზს უსვამს, რომ გამოძიების ქვეშ მყოფი კომპანიები სარგებლობდნენ პრინციპით - „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“, რაც გამოიკვეთა iFood-ისა (2023) და Gympass-ის (2022) საქმეებში. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ექსკლუზიურობის შეთანხმებების კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტების შესაფასებლად CADE-მ ზიანის ტრადიციული თეორიები გამოიყენა (ორივე საქმე მორიგების შეთანხმებით დასრულდა).

მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიები ვარაუდობს, რომ ბაზრის მონოპოლიისკენ გადახრის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია წინასწარი ინტერვენციის გამოყენება. გერმანელმა კანონმდებლებმა ქვეყნის კონკურენციის აქტში შეიტანეს ცვლილებები, რომლებიც იძლევა სარჩელის აღძვრის უფლებას იმ დომინანტური პლატფორმების წინააღმდეგ, რომლებიც ბოროტად იყენებენ ბაზრის გადახრის პროცესს - მაგალითად, უზღუდავენ კონკურენტებს ქსელური ეფექტების გამოყენების შესაძლებლობას, რაც ბაზარს სერიოზულ ზიანს აყენებს. გერმანული მიდგომა წარმოადგენს ex ante ჩარევის გამორჩეულ მაგალითს Tipping-ის პროცესის მიმართ.