TFEU-ს 101(3) მუხლის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ (შეტყობინებულ) შეთანხმებებს ათავისუფლებს 101(1) მუხლით გათვალისწინებული აკრძალვისგან (ინდივიდუალური გამონაკლისი).
ზოგადად, კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებზე გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მათგან მიღებული საერთო კეთილდღეობა (პროდუქტის გაუმჯობესება, ტექნიკური ან ეკონომიკური პროგრესი, სარგებელი მომხმარებლისთვის) აღემატება მათ მიერ გამოწვეულ კონკურენციის საწინააღმდეგო შედეგებს.
შეფასების ორეტაპიანი პროცესი TFEU-ს 101-ე მუხლით:
ნაბიჯი 1: შეზღუდვის დადგენა (101(1) მუხლი) პირველი ეტაპია იმის შეფასება, აქვს თუ არა ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ შეთანხმებას (რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე) კონკურენციის საწინააღმდეგო მიზანი (Object) ან რეალური/პოტენციური კონკურენციის საწინააღმდეგო შედეგები.
101(3) მუხლი რელევანტური ხდება მხოლოდ მაშინ, თუ შეთანხმება ზღუდავს კონკურენციას 101(1) მუხლის გაგებით. არაშემზღუდველი შეთანხმებების შემთხვევაში, რაიმე სარგებლის კვლევა საჭირო არ არის. (შენიშვნა: კომისიის სახელმძღვანელო მითითებები ვერტიკალური შეზღუდვების, ჰორიზონტალური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიების გადაცემის შეთანხმებების შესახებ იძლევა არსებით განმარტებებს 101(1) მუხლის სხვადასხვა ტიპის შეთანხმებებზე გამოყენების თაობაზე).
ნაბიჯი 2: დადებითი და უარყოფითი ეფექტების დაბალანსება (101(3) მუხლი) მეორე ეტაპი, რომელიც მხოლოდ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების დროს გამოიყენება, ემსახურება შეთანხმების პროკონკურენტული სარგებლის განსაზღვრას და იმის შეფასებას, გადაწონის თუ არა ეს სიკეთეები კონკურენციის საწინააღმდეგო შედეგებს. ეს დაბალანსება ხორციელდება ექსკლუზიურად 101(3) მუხლის ჩარჩოში, რომელიც ოთხ კუმულატიურ (ერთობლივ) პირობას აწესებს:
ეფექტიანობის ზრდა (Efficiency gains);
მომხმარებლებისთვის სამართლიანი წილის მიღება (Fair share for consumers);
შეზღუდვების აუცილებლობა/გარდაუვალობა (Indispensability of the restrictions);
კონკურენციის არგამორიცხვა (No elimination of competition).
ვინაიდან ეს ოთხი პირობა კუმულატიურია, თუ დადგინდა, რომ რომელიმე მათგანი არ სრულდება, დანარჩენის გამოკვლევა საჭირო აღარ არის. შესაბამისად, ინდივიდუალურ საქმეებში ამ პირობების სხვა თანმიმდევრობით შეფასებაც დასაშვებია.
სახელმძღვანელო მითითებების მიზნებისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნევა მე-2 და მე-3 პირობების ადგილების გაცვლა, ანუ შეზღუდვის აუცილებლობის შესწავლა მომხმარებელზე
სარგებლის ასახვამდე. მომხმარებლებზე სარგებლის გადაცემის ანალიზი მოითხოვს შეთანხმების უარყოფითი და დადებითი შედეგების დაბალანსებას, რაშიც არ უნდა ჩაითვალოს იმ შეზღუდვების შედეგები, რომლებიც უკვე ჩაიჭრა „აუცილებლობის ტესტში“ და, ამის გამო, პირდაპირ იკრძალება 101-ე მუხლით. © ევროპული კომისია
შეთანხმება (ან კოორდინაციის სხვა ფორმა), რომელიც მიზნით ან შედეგით ზღუდავს კონკურენციას TFEU-ს 101(1) მუხლის მნიშვნელობით, თავისთავად არ ნიშნავს მის უკანონობას. შესაძლებელია, რომ ევროკომისიამ, ევროკავშირის სასამართლოებმა ან წევრი სახელმწიფოების შესაბამისმა ორგანოებმა, რომლებიც იყენებენ ევროკავშირის სამართალს, შეთანხმება კანონიერად მიიჩნიონ TFEU-ს 101(3) მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. TFEU-ს 101-ე მუხლის ანალიტიკური ლოგიკა გულისხმობს ორეტაპიან მიმოხილვას: პირველ ეტაპზე ფასდება შეზღუდვები პირველი პუნქტის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე - გამონაკლისები მე-3 პუნქტის შესაბამისად. მსგავსი სტრუქტურა გვხვდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობებში და ევროკავშირის მიღმა არსებულ კონკურენციის რეჟიმებში (მაგ. დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, პაკისტანი).
კანონიერების დასადგენად, TFEU-ს 101(3) მუხლის მიხედვით, ოთხივე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. ეს პირობები კუმულაციურია (იხ. Matra Hachette, პუნქტი 104) და განმარტებულია ევროკომისიის 2004 წლის სახელმძღვანელო მითითებებში (გაიდლაინებში) TFEU-ს 101(3) მუხლის გამოყენების შესახებ. პირველი პირობის თანახმად, კონკურენციის შეზღუდვა დაბალანსებული უნდა იყოს საქონლის წარმოების ან დისტრიბუციის გაუმჯობესებით, ან ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობით.სარგებელი უნდა იყოს ობიექტური და სათანადოდ დასაბუთებული სათანადო მტკიცებულებებით (სახელმძღვანელო მითითებები, პუნქტები 49, 55-57). სახელმძღვანელო მითითებები ფოკუსირებულია ეფექტიანობაზე, როგორც პოტენციურ სარგებელზე, რაც პირველ რიგში გულისხმობს ხარჯების შემცირებას (მაგ. მასშტაბისა და ასორტიმენტის ეკონომია, წარმოების ახალი მეთოდები, აქტივების ინტეგრაციით მიღებული სინერგია), ხარისხის გაუმჯობესებას, ტექნოლოგიურ წინსვლასა და ახალი პროდუქტების შექმნას (სახელმძღვანელო მითითებები, პუნქტები 59, 64-72).
მეორე მოთხოვნაა, რომ მომხმარებლებმა მიიღონ მიღწეული სარგებლის სამართლიანი წილი. ტერმინი „მომხმარებლები“ ინტერპრეტირებულია ფართოდ და მოიცავს როგორც შეთანხმების მხარეების უშუალო კლიენტებს, ისე ნებისმიერ შემდგომ მყიდველს, საბოლოო მომხმარებლის ჩათვლით (სახელმძღვანელო მითითებები, პუნქტი 84). სამართლიანი წილის პრინციპი მოითხოვს, რომ შეთანხმებით მიღებულმა სარგებელმა მოახდინოს მომხმარებლისთვის მიყენებული ნებისმიერი უარყოფითი ზემოქმედების კომპენსირება (სახელმძღვანელო მითითებები, პუნქტი 85).
მესამე პირობის თანახმად, თავად შეთანხმება და მასში არსებული შეზღუდვები აუცილებელი (შეუცვლელი) უნდა იყოს დასახული სარგებლის მისაღწევად. ევროკომისია მიიჩნევს, რომ ეს პირობა არ არის შესრულებული, თუ არსებობს ისეთი რეალისტური ალტერნატივები, რომლებიც ნაკლებად ზღუდავს კონკურენციას, ვიდრე თავად შეთანხმება ან მისი ცალკეული დებულებები (სახელმძღვანელო მითითებები, პუნქტები 75-76).
მეოთხე და დასკვნითი პირობით, შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს კონკურენციის აღმოფხვრა ბაზრის (ან ბაზრების) მნიშვნელოვან ნაწილზე. აღნიშნული ასახავს ფრთხილ მიდგომას იმ შეთანხმებების მიმართ, რომლებიც შესაბამის ბაზრებზე კონკურენციას არაეფექტურს ხდის, მიუხედავად მათი პოტენციური ეკონომიკური სარგებლისა.
რეგულაცია 1/2003-ის მე-2 მუხლის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრებათ იმ მხარეებს, რომლებიც ითხოვენ საგამონაკლისო წესის გამოყენებას; მათ უნდა წარმოადგინონ „დამაჯერებელი არგუმენტები და მტკიცებულებები“ (იხ. GSK, პუნქტი 235). როდესაც მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს, ევროკომისიამ ისინი ჯეროვნად უნდა შეამოწმოს და ადეკვატურად დაასაბუთოს ნებისმიერი უთანხმოება (GSK, პუნქტი 303). საქმეში MasterCard, ევროკავშირის გენერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ზოგადი პრეტენზია იმის შესახებ, თითქოს კომისიამ კომპანიებს TFEU-ს 101(3) მუხლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მტკიცების ზედმეტად მაღალი სტანდარტი დააკისრა (პუნქტები 194-237).
TFEU-ს 101(3) მუხლი წარმოადგენს ევროკავშირის კონკურენციის სამართლის (და მისი ანალოგიური რეჟიმების) აშშ-ის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისგან (შერმანის აქტის პირველი მუხლი) განმასხვავებელ მკაფიო მაგალითს. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის სამართლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ გამონაკლისის დაშვება კონკურენციის ნებისმიერი, მათ შორის ობიექტური შეზღუდვისთვის (იხ. Matra Hachette, პუნქტი 85). შესაბამისად, ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არ არსებობს აბსოლუტურად აკრძალული პრაქტიკა, განსხვავებით აშშ-ის ანტიმონოპოლიური მიდგომისგან. TFEU-ს 101(1) მუხლის საფუძველზე პრეზუმირებულად არალეგალურ ქმედებებს, მათ შორის ფასების ფიქსირების კარტელებს, შესაძლოა მიენიჭოთ საგამონაკლისო სტატუსი TFEU-ს 101(3) მუხლის შესაბამისად, თუმცა უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ დააკმაყოფილონ კანონით დადგენილი პირობები (სახელმძღვანელო მითითებები, პუნქტი 46). გარდა ამისა, შეთანხმების კონკურენციის შემზღუდველი და პროკონკურენტული შედეგების დაბალანსება - რაც აშშ-ის „გონივრულობის წესის“ სტანდარტის ანალოგიურია - ხორციელდება ექსკლუზიურად 101(3) მუხლის კონტექსტში და არა იმის ანალიზისას, არსებობს თუ არა შეზღუდვა მიზნის ან შედეგის მიხედვით TFEU-ს 101(1) მუხლის საფუძველზე (MasterCard, პუნქტი 80). მიუხედავად ამისა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 101-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს შორის გამიჯვნა ნაკლებად მკვეთრი გახადა და დაადგინა, რომ მიზნობრივი შეზღუდვის პრეზუმფცია არ უნდა იქნეს გამოყენებული, თუ დემონსტრირებულია შესაბამისი და მნიშვნელოვანი პროკონკურენტული ეფექტი (Generics, პუნქტები 103-110).
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ინდივიდუალური გამონაკლისი კვლავ გამოიყენება იმ შეთანხმებების გამოსაყოფად, რომლებიც TFEU-ს 101(3) მუხლის პირდაპირი გამოყენებით მიიჩნევა კანონიერად, განსხვავებით ჯგუფური გამონაკლისების რეგულაციების დაქვემდებარებული შეთანხმებებისგან, ეს უფრო ისტორიული ევოლუციის შედეგია, როდესაც „ინდივიდუალურ გამონაკლისს“ კონკრეტული პროცედურული მნიშვნელობა ჰქონდა.რეგულაცია 1/2003-ის მე-5 და მე-6 მუხლების ამოქმედებამდე, რომლებმაც წევრი სახელმწიფოების სასამართლოებსა და კონკურენციის ორგანოებს TFEU-ს 101-ე მუხლის სრულად გამოყენების უფლებამოსილება მიანიჭა, ევროკომისია ფლობდა ექსკლუზიურ კომპეტენციას (სასამართლო ზედამხედველობის დათქმით), გამოეკვლია ის შეთანხმებები, რომლებიც არღვევდა 101(1) მუხლს. იმ პერიოდში მოქმედი წესით, 101(1) მუხლის ფარგლებში მოქცეული შეთანხმების მხარეებს კომისიისთვის უნდა ეცნობებინათ (ნოტიფიკაცია) ინდივიდუალური საგამონაკლისო წესის გამოსაყენებლად.
101(1) მუხლის ინტერპრეტაციის მაშინდელი ფართო მიდგომისა და შეტყობინებების სიმრავლის გამო, კომისია ვერ უმკლავდებოდა ყველა წარდგენილ შეთანხმებაზე ინდივიდუალური გამონაკლისის ფორმალურ მინიჭებას და ხშირად იყენებდა არაფორმალურ „კომფორტის წერილებს“.
რეგულაცია 1/2003-ით განხორციელებული დეცენტრალიზაციის შემდეგ, 101(3) მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება, უპირველეს ყოვლისა, თავად შეთანხმების მხარეების პასუხისმგებლობა გახდა (თვითშეფასების სისტემა). თუმცა, ეროვნულ სასამართლოებს, კონკურენციის ორგანოებს, ევროკომისიასა და ევროკავშირის სასამართლოებს აქვთ უფლებამოსილება, ნებისმიერი გამოძიების ან გადაწყვეტილების ფარგლებში გაიზიარონ ან უარყონ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ანალიზი. აღსანიშნავია, რომ 2004 წლიდან ევროკავშირის დონეზე 101(3) მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილებების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
რეგულაცია 1/2003-მა ასევე გამოიწვია ცვლილება TFEU-ს 101(3) მუხლის არსებით გამოყენებაში, ყოველ შემთხვევაში, ევროკომისიის პერსპექტივიდან. კომისიის სახელმძღვანელო მითითებები (გაიდლაინები) მისაღებ სარგებელს, რომელიც შეიძლება მხარეებმა წარადგინონ, ძირითადად ეკონომიკური ეფექტიანობით ზღუდავს (მაგ. ხარჯებისა და ფასების შემცირება, ახალი პროდუქტები). არსებობდა მოლოდინი, რომ მისაღები სარგებლის უფრო ფართო კატეგორიები გამოიწვევდა 101(3) მუხლის არათანმიმდევრულ გამოყენებას წევრი სახელმწიფოების ეროვნული ორგანოების მიერ ევროკავშირის მასშტაბით.
თუმცა, იმ პერიოდში, როდესაც ინდივიდუალური საგამონაკლისო წესის გამოყენების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ევროკომისიას ჰქონდა, მისი აქცენტი ნაკლებად ვიწრო იყო. 101(3) მუხლის საფუძველზე გამონაკლისები მიენიჭა ისეთ შემზღუდველ შეთანხმებებსაც, რომლებიც ხელს უწყობდა რეგიონულ განვითარებას, გარემოს დაცვას, დასაქმების შენარჩუნებას და ბაზარზე ჭარბი პროდუქციის შემცირებასაც კი (ე.წ. „კრიზისული კარტელები“). მეტიც, ევროკავშირის გენერალურმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ინდივიდუალური გამონაკლისის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვასთან დაკავშირებული მოსაზრებების“ გათვალისწინებას (იხ. Métropole, პუნქტი 118).
მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის (არასავალდებულო) სახელმძღვანელო მითითებებში კომისიამ აქცენტი ეკონომიკურ ეფექტიანობაზე გადაიტანა, ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ორგანოები (განსაკუთრებით ნიდერლანდებსა და საბერძნეთში) 101(3) მუხლს კვლავ უფრო ფართოდ იყენებენ. გაურკვეველია, შეინარჩუნებს თუ არა კომისია თავის ვიწრო ფოკუსს 101(3) მუხლის იშვიათი გამოყენებისას; მასზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს მზარდმა მოწოდებებმა, რომ კონკურენციის აღსრულებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოს მდგრადობის ხელშეწყობის ინტერესები.