კვლევისა და განვითარების შეთანხმება (R&D Agreement)

ინსტიტუციური განმარტება

კვლევასა და განვითარებაზე ერთობლივი მუშაობის შეთანხმება წარმოადგენს კომპანიებს შორის დადებულ ხელშეკრულებას კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ერთობლივად განხორციელების შესახებ, რაც მიზნად ისახავს ნოუ-ჰაუს გაერთიანებას და ახალი პროდუქტების შექმნასთან დაკავშირებული ხარჯებისა და რისკების გაზიარებას. R&D შეთანხმება, როგორც წესი, მოიცავს პროდუქტებსა თუ პროცესებთან დაკავშირებული ნოუ-ჰაუს შეძენას და თეორიული ანალიზის, სისტემური შესწავლისა თუ ექსპერიმენტების ჩატარებას. ეს პროცესი მოიცავს ექსპერიმენტულ წარმოებას, პროდუქტებისა თუ პროცესების ტექნიკურ ტესტირებას, აუცილებელი ობიექტების/ინფრასტრუქტურის შექმნასა და მიღებული შედეგებისთვის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მოპოვებას. ამგვარმა შეთანხმებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს პროდუქტებისა თუ მომსახურების ბაზარზე უფრო სწრაფად გატანას, მათი ხარისხის გაუმჯობესებას და/ან თვითღირებულების შემცირებას, რაც, თავის მხრივ, ასტიმულირებს ტექნიკურ პროგრესს მომხმარებელთა სასარგებლოდ. კომისიამ უნდა გაითვალისწინოს ეს პოზიტიური ეფექტები, როდესაც აანალიზებს ამგვარი შეთანხმებებიდან გამომდინარე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი კონკურენტებს შორის არის გაფორმებული. © ევროკომისია

კომენტარი

2010 წლის ჰორიზონტალური სახელმძღვანელო მითითებების მიხედვით, R&D შეთანხმებამ შესაძლოა კონკურენცია რამდენიმე გზით შეზღუდოს: „პირველ რიგში, მან შეიძლება შეამციროს ან შეანელოს ინოვაციების ტემპი, რაც ბაზარზე იმაზე ნაკლები ან გაუარესებული თვისებების მქონე პროდუქციის გამოჩენას გამოიწვევს, ვიდრე ეს თანამშრომლობის გარეშე მოხდებოდა. მეორეც, პროდუქციის ან ტექნოლოგიების ბაზრებზე R&D თანამშრომლობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს კონკურენცია მხარეებს შორის ხელშეკრულების მიღმა, ან გამოიწვიოს კონკურენციის საწინააღმდეგო კოორდინაცია, რაც ფასების ზრდას განაპირობებს“. კონკურენციასთან დაკავშირებული პრობლემები ასევე შესაძლოა წარმოიშვას იმ თანამშრომლობის კონტექსტში, სადაც მინიმუმ ერთ მონაწილეს გააჩნია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება (რაც არ გულისხმობს აუცილებლად დომინანტობას) ძირითადი ტექნოლოგიის მიმართ და ხდება კვლევის შედეგების ექსკლუზიური ექსპლუატაცია.

2023 წლის განახლებულ ჰორიზონტალურ სახელმძღვანელო მითითებებში აღნიშნულია, რომ: „R&D შეთანხმებები ზღუდავს კონკურენციას მიზნობრივად, თუ მათი რეალური დანიშნულება არ არის კვლევა და განვითარება და ისინი გამოიყენება როგორც საფარი კარტელური გარიგებებისთვის ან სხვა ობიექტური დარღვევებისთვის, როგორიცაა ფასების ფიქსირება, წარმოების შეზღუდვა, ბაზრის გადანაწილება ან ტექნოლოგიური განვითარების შეფერხება“.

კვლევისა და განვითარების შეთანხმებამ შესაძლოა შეზღუდოს ტექნიკური განვითარება. ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობის ნაცვლად, მხარეებმა შესაძლოა გამოიყენონ R&D თანამშრომლობა, რათა: (ა) აღკვეთონ ან შეაფერხონ პროდუქტების ან ტექნოლოგიების ბაზარზე შესვლა; (ბ) კოორდინაცია გაუწიონ პროდუქციის ან ტექნოლოგიების იმ მახასიათებლებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული R&D შეთანხმებით ან (გ) შეზღუდონ ერთობლივად შემუშავებული პროდუქტის ან ტექნოლოგიის პოტენციალი, როდესაც ისინი ამ პროდუქტს ან ტექნოლოგიას ინდივიდუალურად შემოიტანენ ბაზარზე.

ევროკავშირის კონკურენციის სამართალში კვლევისა და განვითარების შესახებ გამონაკლისი სათავეს იღებს 1968 წელს გამოქვეყნებული შეტყობინებიდან, სადაც კომისიამ განაცხადა, რომ „წმინდა“ კვლევისა და განვითარების შეთანხმება, ზოგადად, არ ზღუდავს კონკურენციას იმ პირობით, თუ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განახორციელონ საკუთარი კვლევა და არ არსებობს შეზღუდვა R&D შედეგების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 1968 წლის შეტყობინებაში ნახსენები მოთხოვნა - კოლაბორატორმა მხარეებმა თავისუფლად უნდა განაგრძონ საკუთარი კვლევა და არ არსებობდეს შეზღუდვა R&D შედეგების გამოყენებაზე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ - კვლავ ძალაშია და უნიკალურია ევროკავშირისთვის. აშშ-ის ერთობლივი R&D გამონაკლისი მსგავს მოთხოვნას არ ითვალისწინებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი ფრთხილად ეკიდება R&D შეთანხმების შედეგებს: მიუხედავად იმისა, რომ ორმა კომპანიამ შესაძლოა ხელშეკრულება გააფორმოს როგორც არაკონკურენტებმა, ისინი ხშირად ასრულებენ თანამშრომლობას, როგორც კონკურენტები ან პოტენციური კონკურენტები.

R&D ხელშეკრულებების მიმართ TFEU-ის 101(3) მუხლის გამოყენება ე.წ. „უფრო ეკონომიკური მიდგომის“ დანერგვის შედეგია. ეს ჯგუფური გამონაკლისი იყო ერთ-ერთი იმ ახალი სერიიდან (1999–2004 წწ.), რომლითაც ევროკომისიამ უფრო ეკონომიკური ხედვა დაამკვიდრა. 2000 წლის რეგულაციას ვადა 2010 წელს ამოეწურა და იგი შეიცვალა R&D BER-ით (2010 წლის 14 დეკემბერი), რომელიც გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა ჯამური საბაზრო წილი შესაბამის პროდუქტისა და ტექნოლოგიების ბაზრებზე 25%-ს არ აღემატებოდა.

ახალი, 2023 წლის R&D BER წინამორბედებზე უფრო დეტალურია, თუმცა კვლავ ინარჩუნებს ბაზრის წილის 25%-იან ზღვარს. იმ შემთხვევაში, თუ R&D შეთანხმება მოიცავს დაფინანსებულ კვლევას, დამფინანსებელი მხარისა და ყველა სხვა მონაწილის გაერთიანებული საბაზრო წილი ასევე არ უნდა აღემატებოდეს 25%-ს. გარდა ამისა, თუ შეთანხმების ორი ან მეტი მხარე კონკურირებს ინოვაციებში, გამონაკლისი ვრცელდება კვლევისა და განვითარების მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში, იმ პირობით, თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ბაზარზე არსებობს სამი ან მეტი დამოუკიდებელი კონკურენტი.

იმისათვის, რომ R&D BER (ჯგუფური საგამონაკლისო რეგულაცია) იყოს მოქმედი, კვლავ ნარჩუნდება პირობა, რომლის მიხედვითაც მხარეებს უნდა ჰქონდეთ წვდომა საბოლოო შედეგებსა და წინასწარ არსებულ ნოუ-ჰაუზე. ასევე, რეგულაცია შეიცავს მკაცრი შეზღუდვებისა და გამორიცხული შეზღუდვების ჩამონათვალს.

რაც შეეხება მოთხოვნას შედეგებსა და ნოუ-ჰაუზე წვდომის შესახებ: ამ ვალდებულებას გააჩნია გარკვეული გამონაკლისები, თუმცა, ზოგადი წესის თანახმად, R&D შეთანხმების მხარეები თანამშრომლობას ასრულებენ, როგორც მინიმუმ, პოტენციური კონკურენტები, რომელთაც თანაბარი წვდომა აქვთ კვლევის შედეგებზე.

მკაცრი შეზღუდვებისა და საგამონაკლისო პუნქტების ნუსხა მსგავსია სხვა ჯგუფურ საგამონაკლისო რეგულაციებში არსებული სიებისა. თუმცა, მას გააჩნია უნიკალური მახასიათებლები, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებულია მხარეთა თავისუფლების დაცვაზე - განახორციელონ კვლევა და განვითარება დამოუკიდებლად ან მესამე პირებთან თანამშრომლობით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იმ R&D შეთანხმებებმა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ჯგუფური გამონაკლისის პირობებს, შესაძლოა მაინც ისარგებლონ TFEU-ს 101(3) მუხლით. როგორც 2023 წლის ჰორიზონტალურ სახელმძღვანელო მითითებებშია აღნიშნული, კვლევისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობა, ზოგადად, განიხილება როგორც პოზიტიური ან კონკურენციის ხელშემწყობი მოვლენა TFEU-ს 101-ე მუხლის კონტექსტში.