ევროკავშირის სამართალში, ერთობლივი კონტროლი აღნიშნავს სიტუაციას, როდესაც ორ და მეტ ეკონომიკურ აგენტს აქვს შესაძლებლობა, არსებითი გავლენა მოახდინოს მესამე (მ.შ. მათგან დამოუკიდებელ იურიდიულ პირზე) ეკონომიკური აგენტის საბაზრო გადაწყვეტილებებზე. ამ შემთხვევაში, არსებითი გავლენა აღნიშნავს ისეთი გადაწყვეტილების მიღების ან დაბლოკვის შესაძლებლობას, რომლებიც განსაზღვრავს ეკონომიკური აგენტის სტრატეგიულ კომერციულ ქცევას. ერთპიროვნული კონტროლისგან განსხვავებით, როდესაც ერთი ეკონომიკური აგენტის სტრატეგიული გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ერთ მფლობელზე/აქციონერზე, ერთობლივი კონტროლის დროს ეკონომიკური აგენტის კომერციული პოლიტიკის განსაზღვრისთვის საჭიროა რამდენიმე მფლობელს/აქციონერს შორის კოორდინაცია. ერთობლივი კონტროლი შესაძლოა მოპოვებული იყოს იურიდიულად ან ფაქტობრივად. კონკურენციის სამართალში, ერთობლივი კონტროლი მნიშვნელოვანია აღსრულების არაერთ ეტაპზე. მაგალითად, კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებაში მონაწილეობის ფაქტის დადგენისას, კონტროლის განმახორციელებელ ეკონომიკურ აგენტებს შესაძლოა პასუხი მოეთხოვოთ აღნიშნულ დარღვევაზე, რადგან მათ გარეშე შეთანხმებაში მონაწილე ეკონომიკური პირი ვერ მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას. ასევე, კონცენტრაციის დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი კონტროლის ობიექტის საშუალებით არ მოხდეს მაკონტროლებელ სუბიექტთა საბაზრო ქცევის კოორდინაცია და ა.შ.