ერთპიროვნული კონტროლი (Sole Control)

სიტუაცია, როდესაც ერთ ეკონომიკურ აგენტს სხვებისგან დამოუკიდებლად აქვს შესაძლებლობა, არსებითი გავლენა მოახდინოს მეორე ეკონომიკური აგენტის სტრატეგიულ საბაზრო გადაწყვეტილებებზე. ევროკავშირის პრაქტიკაში, განასხვავებენ დადებით და უარყოფით ერთპიროვნულ კონტროლს. პირველ შემთხვევაში, ერთპიროვნულად მაკონტროლებელ ეკონომიკურ აგენტს თავად შეუძლია კონტროლირებული ეკონომიკური აგენტის სტრატეგიული გადაწყვეტილებების განსაზღვრა. მსგავსი ძალაუფლება, როგორც წესი, მოიპოვება საკონტროლო პაკეტის შეძენით. მეორე შემთხვევაში, მაკონტროლებელ ეკონომიკურ აგენტს შეუძლია კონტროლირებული ეკონომიკური აგენტის სტრატეგიულ კომერციულ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადება, მაგრამ არ აქვს კონტროლირებული ეკონომიკური აგენტის საბაზრო სტრატეგიის დადგენის უფლებამოსილება. მსგავსი სიტუაცია იქმნება, მაგალითად, როდესაც ორი მაკონტროლებელი თანაბარ (50%/50%) წილებს ფლობს კონტროლირებულ სუბიექტში. გარდა ამისა, ცნობილია ასევე ფაქტობრივი კონტროლის შემთხვევებიც, ანუ სიტუაციები, როდესაც მინორიტარი აქციონერი აკონტროლებს კომპანიის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, მინორიტარი აქციონერი ინტენსიურად მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში (აქციონერთა სხდომებში), მაშინ როდესაც სხვა აქციონერები, მასზე მცირე წილებს ფლობენ ან/და პასიურები არიან. შედეგად, ეკონომიკური აგენტის სტრატეგიას წყვეტს მინორიტარი აქციონერი. ევროკავშირის პრაქტიკაში, თუ ტრანზაქციის შედეგად ერთი ეკონომიკური აგენტი მოიპოვებს მეორეზე ერთპიროვნულ კონტროლს, გარიგება ითვლება კონცენტრაციად და ბრუნვის ზღვრების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ექვემდებარება კონცენტრაციის შეტყობინებისა და განხილვის წესებს.