ტესტი, რომლის მეშვეობითაც დგინდება ბაზარზე კონკურენტულ გარემოსთან კონცენტრაციის თავსებადობის საკითხი. კერძოდ, კონცენტრაცია დასაშვებია, თუ ის არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე. ტესტის მიზანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს კონცენტრაციის დადებითი და უარყოფითი შედეგები, მოხდეს პირველის წახალისება და მეორის აღკვეთა. ეკონომიკური კუთხით, კონცენტრაციას მრავალი დადებითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, შერწყმამ შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბის ეფექტი და დანახარჯების შემცირება, რაც აისახება საქონლის ფასის კლებასა და ხარისხის გაუმჯობესებაში. მწარმოებელი ეკონომიკური აგენტის მიერ დისტრიბუტორის შეძენამ შესაძლოა გააუმჯობესოს პროდუქციის დისტრიბუციის ხარისხი. ერთობლივი საწარმოს შექმნით შესაძლოა ინვესტიცია ჩაიდოს ისეთ ძვირადღირებულ და რისკიან სფეროებში, როგორიცაა კვლევა და განვითარება და სხვა. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ კონცენტრაცია გულისხმობს ბაზარზე ეკონომიკური აგენტების რაოდენობის შემცირებას, რიგ შემთხვევებში კი - ერთი ან რამდენიმე მათგანის მიერ საბაზრო ძალაუფლების მოპოვებას, მას შედეგად შეიძლება მოჰყვეს ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვა. ევროკავშირის პრაქტიკაში, ევროკომისია კონცენტრაციის ეკონომიკურ ანალიზს იწყებს ნეიტრალური პოზიციიდან და მხედველობაში იღებს კონცენტრაციის შემდგომ ბაზრის სტრუქტურის მოსალოდნელ ცვლილებებს. ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვის დადგენა სავარაუდოა, მაგალითად, თუ: კონცენტრაციის მხარეები არიან უშუალო კონკურენტები, მოიპოვებენ მნიშვნელოვან საბაზრო წილს, შეძლებენ კონკურენტების გაფართოების შეჩერებას ან ბაზრიდან განდევნას; ბაზარს გამოაკლდება მნიშვნელოვანი კონკურენტული წნეხით ან ინოვაციებით გამორჩეული ეკონომიკური აგენტი; ბაზარზე შესვლის ბარიერების გამო, მომხმარებელს გაუჭირდება სხვა მიმწოდებელზე გადართვა; შემცირდება მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქციის არჩევანი; კონცენტრაციის შედეგად ბაზარზე გაიოლდება კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების განხორციელება და სხვა. ეფექტიანი კონკურენციის არსებითად შემზღუდველი კონცენტრაციები დაუშვებელია. ამავდროულად, ევროკომისიას შეუძლია, თანხმობა მისცეს პრობლემური კონცენტრაციების განხორციელებაზე, შესაბამისი ღონისძიებების დაკისრების შემთხვევაში, რომლებიც გააბათილებენ მათ კონკურენტულ რისკებს.