ქცევითი ან სტრუქტურული ხასიათის ცვლილებები შეთანხმებაში, კონცენტრაციაში ან ეკონომიკური აგენტის ქმედებაში, რომელთა მიზანია აღკვეთოს კანონდარღვევა ან მისი განმეორება, თავიდან აიცილოს ან შეამციროს კანონსაწინააღმდეგო ქმედების კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტი და შედეგად, შეინარჩუნოს ეფექტიანი საბაზრო კონკურენცია. სხვადასხვა ქვეყანაში, შესაბამისი ღონისძიებები შესაძლოა გატარდეს როგორც ეკონომიკური აგენტის, ისე კონკურენციის ორგანოს ინიციატივით. სტრუქტურულს უწოდებენ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ცვლილებას ეკონომიკური აგენტების სტრუქტურაში, მაგალითად, ასეთი ღონისძიებაა აქტივების ნაწილობრივი გასხვისება. ქცევითია ღონისძიებები, რომელიც არეგულირებს ეკონომიკური აგენტების საბაზრო ქცევას. მაგალითად, ასეთი ღონისძიებაა არსებით საშუალებად მიჩნეული ინფრასტრუქტურის მფლობელი დომინანტი ეკონომიკური აგენტისთვის ამ ბაზარზე სხვა კომპანიების წვდომის უზრუნველყოფის დავალდებულება.