ეკონომიკური აგენტის მიერ მოქმედი ან პოტენციური კონკურენტებისთვის ბაზრებზე ან ნედლეულზე წვდომის შეფერხება/აღკვეთა (ზედა ან ქვედა დონის ბაზარზე). წვდომის შეზღუდვა სახეზეა, მაგალითად, ვერტიკალურად ინტეგრირებული დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ ქვედა დონის ბაზარზე მოქმედი ან პოტენციური კონკურენტ(ებ)ისთვის ნედლეულის მიყიდვაზე უარის შემთხვევაში. ნედლეულის გარეშე კონკურენტები ვერ აწარმოებენ საქონელს და იძულებული ხდებიან, დატოვონ ბაზარი. მსგავსი შედეგი შესაძლოა დადგეს მაშინაც, თუ ზედა დონის ბაზარზე ფუნქციონირებს არა ერთი (დომინანტი), არამედ რამდენიმე ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური აგენტი. დისტრიბუციის დონეზე, წვდომის შეზღუდვა შესაძლებელია ექსკლუზიური ხელშეკრულებებით. ასეთი შეზღუდვა ასევე მიიჩნევა ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ რისკად ვერტიკალური და კონგლომერატული კონცენტრაციების შეფასებისას.